„ის კი არა, შეიძლება ასოცირების ხელშეკრულების გაუქმებაზეც კი მივიდეს საქმე“
თამთა ჩაჩანიძე
(17.07.2025)

ევროკავშირში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ ეს პრემიერისთვის ეგზისტენციალური საკითხი არ არის. ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ხელისუფლება არჩევანის წინაშე დადგა, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მიანიჭებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ესაა მინიშნება იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ევროკომისიის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს, ან შეიძლება ევროკავშირის სტრუქტურებთან პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრა მოითხოვოს.

ამასთან, „ქართულ ოცნებას" აქვს არგუმენტი, რომ პარლამენტი სექტემბერში განაახლებს მუშაობას და „მანამდე ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მიიღება". უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საგაზაფხულო სესია 27 ივნისს დაიხურა, 30 ივნისს პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მიწვია. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, ახლაც შეუძლიათ მოიწვიონ და 31 აგვისტომდე რეკომენდაციების შესრულება თავისუფლად მოესწრება, მთავარი პოლიტიკური ნებაა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, „ქართული ოცნებისთვის" კანონები ოჯახური სიწმინდის დაცვაზე, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გამჭვირვალობაზე, პრინციპული საკითხია და ამ კანონების ერთი ხელის მოსმით უკან წაღებით შეიძლება კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს.

პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა, „ჯანსაღი დისკუსია გამართოს ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე".

„თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაციაა.... გამჭვირვალობის კანონის მიღებას რომ გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გეუბნებიან, შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალას უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს მაგას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ!....ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში, რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ მშვიდობა დაგვირღვიონ, სტაბილურობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არა ეგზისტენციალურს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აპირებს თუ არა „ოცნება" რეკომენდაციების შესრულებას

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

„ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ თუ თქვენ ჩვენს რეკომენდაციას არ შეასრულებთ, მაშინ უვიზო შესვლის შესაძლებლობა გაუქმდება და შეიძლება იქნას განხილული, როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ეს ფაქტობრივად ულტიმატუმია - ან გააკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით, ან თქვენთან ფაქტობრივად ვწყვეტთ იმ ურთიერთობებს, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რაც ყოველთვის პროგრესირებადი იყო და ბოლო ორი წელია ამ ჩვენი ხელისუფლების მომედებოს გამო, რაც მკვეთრი რეგრესის გზას დაადგა.

„ძალიან მარტივია, არ აპირებენ ამის გათვალისწინებას და ცდილობენ თვალში შეგვაყარონ ნაცარი და გვითხრან, რომ თუ ასეთი კანონები არ გვექნება, საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება. არადა, ჩემი შეფასებით, ყველაფერი დიამეტრულად საწინააღმდეგო, სტაბილურობას და მშვიდობას საფრთხეს უქმნიან სწორედ ასეთი კანონები", - ამბობც ხმალაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს კი მიაჩნია, რომ სასწორის პინაზე ამ საკითხების დაყენება ქართული საზოგადოებისთვის კარგი გამოცდა იქნება.

„ასეთი დილემის დაყენება, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოიკიდებლობის დაცვა და მეორე მხრივ ვიზალიბერალიზაცია, ეს ორი თემა სასწორის პინაზე რომ დავდოთ, ეს არის ძალიან კარგი გამოცდა ჩვენი საზოგადოებისთვის და მე მგონი ამაზე უკეთეს სოციოლოგიურ კვლევას ვერავინ ჩაატარებდა. თითოეულ მოქალაქეს თავად შეუძლია განსაზღვროს რა არის მისთვის უფრო პრიორიტეტული - ევროპაში უვიზო მოგზაურობა, თუ ის, რომ მაგალითად საქართველოში არ იყოს თავისუფლად დაშვებული ლგბტ პროპაგანდა, სქესის შეცვლა და კიდევ სხვა, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს და რასაც სხვადასხვა დოზით ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

„ჩვენ მართლმადიდებლური საზოგადოება ვართ და ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს იმ ევროპული ღირებულებების მიმართ, რასაც ევროპა ცდილობს, რომ აქ დაამკვიდროს. გვეუბნებიან, თუ გინდათ იყოთ ოჯახის წევრი, ახალი ღირებულებები უნდა მიიღოთ, თუნდაც ისინი თქვენთვის მისაღები არ იყოს, ახლა უკვე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა თქვას სიტყვა, რა და როგორ უნდა. ეს იწილო-ბიწილო, რაც ბოლო რამდენიმე წელია დაწყებულია, რომ ჩვენ მაინც გვინდა ევროპაში ღირსებით შესვლა და ამავე დროს, ევროპის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიუღებლობაა, ეს დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს, ევროპა საქართველოსთვის გამონაკლისს ვერ გააკეთებს.

„ის კი არა, შეიძლება ასოცირების ხელშეკრულების გაუქმებაზეც კი მივიდეს საქმე და მაშინ უკვე საერთოდ ევროპასთან ურთიერთობის ბოლო ძაფებიც კი ჩაწყდება, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ ევროპას ასე ერთი ხელის მოსმით სურდეს საქართველოს თავიდან მოცილება მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ის ახლა ყველაფერს აკეთებს, როგორმე ხელისუფლების ცვლილებას შეუწყოს ხელი, მაგრამ თუ ეს არ გამოუვიდა, არსებულ ხელისუფლებასთანაც ასე თუ ისე ურთიერთობას გააგრძელებს. ევროკავშირის საგარეო კომიტეტის ბოლოდროინდელ ანგარიშში აღნიშნეს, რომ ზედმეტად მკაცრი სანქციებით და ასეთი ხისტი დამოკიდებულებით საქართველოს ხომ არ ვუბიძგებთ რუსეთის გავლენის ქვეშო. ეს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არ იყო. ასე რომ, ასეც არაა საქმე, როგორც ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, დღეს რა პრობლემას წარმოადგენს, რომ ეს კანონები უკან გაიწვიოს „ოცნებამ", რადგან მისივე მმართველობის დროს იყო პერიოდი, როდესაც არც ფუნქციონირებდა ის ნორმები, რის გაწვევასაც დღეს ევროკომისია ითხოვს. ანჯაფარიძე ამბობს:

„პრობლემა ისაა, რომ „ოცნების" ამომრჩეველი და საზოგადოება ლოგიკურ კითხვას დასვამს, რომ თუკი ეს კანონები უკან მიგაქვთ, მაშინ რა საჭირო იყო მათი შემოღება, რომ 2023 წლიდან მოყოლებული, ქვეყანამ რევოლუციის სამი მცდელობა გადაიტანა, უამრავი ადამიანი დაშავდა, ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, სახელმწიფო რყევების ქვეშ იყო, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, სახელმწიფო დაზიანდა და მაშინ დადგება კითხვა - თუ ეს კანონები უკან მიგვაქვს და ევროკავშირის ზეწოლას ემორჩილებით, რატომ არ შეგეძლოთ ეს ადრე გაგეკეთებინათ, როდესაც ევროკავშირი ადრეც იმავეს ითხოვდა.

„ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რომ ვაკვირდები, იქ ასეთი პასაჟი დავიჭირე, რომ ჩვენ დიალოგში შევალთ ევროკავშირთან და ა.შ. და ვფიქრობ, ალბათ ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან კონტაქტები შედგება იმის თაობაზე, თუ როგორ გადაილახოს შექმნილი სიტუაცია ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესები არ დაზიანდეს. იქნება თუ არა კომპრომისი მიღწეული, ამის თქმა მიჭის, მაგრამ 31 აგვისტომდე ეს ნამდვილად ვერ მოესწრება, რადგან პარლამენტი მუშაობას სექტემბრიდან განაახლებს, როგორც თავად პარლამენტის წარმომადგენლებმა თქვეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

მოესწრება თუ არა 31 აგვისტომდე რეკომენდაციების შესრულება

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში რეკომენდაციების შესრულება თავისუფლად მოესწრება.

„ეს განცხადება, რომ რომც გვინდოდეს მაინც ვერ ვიზამთო, რადგან სექტემბრამდე პარლამენტის სხდომები არ ტარდება და არდადეგებიაო, ან არ იცის, რაც პრინციპში გამორიცხული მგონია, ან ჩვენს მოტყუებას ცდილობს, რადგან პარლამენტს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გამართოს სხდომები, როცა ის ამას საჭიროდ მიიჩნევს. ეს არის სესიების დროს რიგგარეშე, ანუ დამატებითი სხდომები, ხოლო სესიებს შორის პერიოდში, ანუ ახლა - ზაფხულში მოიწვიოს რიგგარეშე სესია და მორჩა. ასეთი რამ ბევრჯერაა გაკეთებული.

„კანონის მთელი რიგი ნორმები ან უნდა გაუქმდეს, ან მთელი რიგი ნორმები უნდა შეიცვალოს. თუ ახალი კანონი იყო მიღებული, რომლის გაუქმებაც საჭიროა, უნდა გაუქმდეს ეს კანონი და კანონის გაუქმება გაცილებით უფო ადვილია და გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე კანონის მიღებას. კანონის მისაღებად სამი მოსმენაა საჭირო და გასაუქმებლად ერთი. რაც შეეხება ცვლილებების შეტანას, ამას იგივე დრო სჭირდება, როგორც კანონის მიღებას, მაგრამ თუ რეგლამენტით დადგენილ ზოგად წესს გავითვალისწინებთ, მათ შორის დაჩქარებულ განხილვას, დაჩქარებული წესით კანონის მიღება-გაუქმება და ა.შ. შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივი წესით ამას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ 1-ელ სექტემბრამდე ყველაფერი მოესწრება",- განაცხადა ხმალაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ ყველაფრის გაკეთება შეიძლება პოლიტიკური ნების შემთხვევაში, თუმცა, ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულებას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თუნდაც გახარიას დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას.

„ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რიგგარეშე სხდომის მოწვევაც შეიძლება, მაგრამ გახარიას მანდატების გაუქმებასა და ამ საკითხების განხილვას შორის პარალელებს ვერ გავავლებდი, გახარიას მანდატების გაუქმება იყო რამდენიმე საათის საქმე და აქ კიდევ მთელი რვა რეკომენდაციაა, ამდენი კანონი და წარმოიდგინეთ ამის განხილვას ეყოფა ერთი სასესიო კვირა? მე მგონი არ ეყოფა.

„თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პრინციპში შეიძლება, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის" ამ რეკომენდაციების დამორჩილება, განსაკუთრებით იმ საკითებში, რომელიც ეხება ოჯახური სიწმინდის დაცვას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, გამჭვირვალობის კანონს, პირდაპირ პრინციპული საკითხია, რადგან ამის გამო „ოცნებამ" ფასი ერთხელ უკვე გადაიხადა და ახლა ამ კანონების ერთი ხელის მოსმით უკანწაღებით შეიძლება კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს, ეს არის ელექტორალური მხარდაჭერის შესუსტება. არ ვიცი „ქართული ოცნების" პარტიულ წიაღში რა გადაწყვეტილება მოიხარშება, მაგრამ ჩემი, როგორც ანალიტიკოსის გადასახედიდან და იმ განცხადებიდან, რაც დღეს პრემიერმა გააკეთა, უფრო ვიხრები იმისკენ, რომ „ოცნება" ამ კანონებს უკან არ წაიღებს, ან შეიძლება ევროკავშირს რაღაც კომპრომისული ვარიანტი შესთავაზოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე