რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს სისტემატურად და ინტენსიურად იყენებს, რასაც გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშები ადასტურებს; ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნები მკაცრად გმობენ მოსკოვის ასეთ ქმედებებს და სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.
„რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, რათა რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენებით ქვეყანა დაიმორჩილოს," - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონელმა პოლიტიკოსმა მოიყვანა გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშები, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღი მინიმუმ 9000-ჯერ გამოიყენა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და ახლა აძლიერებს მის გამოყენებას.
კალასმა ისაუბრა გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშებზე, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქიმიური იარაღი სულ მცირე 9000-ჯერ გამოიყენა და ახლა კი მის გამოყენებას აძლიერებს.
„მაშინ, როცა დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო ინტენსიური ხდება ვფიქრობ, რომ ეს დიდ, დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთს სურს რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება, რათა უკრაინა დანებდეს. მოგეხსენებათ, ეს ნამდვილად აუტანელია", - აღნიშნა კალასმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციას ხელი 1993 წლის 13 იანვარს მოაწერა და მისი რატიფიცირება 1997 წლის 5 ნოემბერს მოახდინა. რუსეთი ერთ-ერთია იმ 65 სახელმწიფოს შორის, რომელმაც არამხოლოდ ხელი მოაწერა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას, არამედ მოახდინა მისი რატიფიცირებაც.
კაია კალასი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ნატოს მისცემს უფლებას, უკრაინამ ამერიკული იარაღი შეიძინოს.
კალასმა აღნიშნა, რომ მიესალმება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობის გაფართოებას, თუმცა დასძინა, რომ ევროპას სურს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ომში ტვირთი ევროპასთან ერთად გაიზიაროს.
დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა: „ჩვენ თავად არ ვყიდულობთ ამ იარაღს, მაგრამ დავამზადებთ და ისინი (ძალიან მდიდარი ევროპელები) გადაიხდიან მის ღირებულებას."
ამის საპასუხოდ, კალასმა აღნიშნა: „თუ ამ იარაღისთვის ჩვენ გადავიხდით, ეს ჩვენი მხარდაჭერა იქნება. ეს ევროპის მხარდაჭერას ნიშნავს."
რა ტიპის ქიმიურ იარაღს იყენებს
ჰოლანდიისა და გერმანიის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ხშირად იყენებს აკრძალულ ქიმიურ საშუალებებს. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა, მსოფლიოს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა და განაცხადა:
„ეს ინტენსიფიკაცია შემაშფოთებელია, რადგან ის იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვაკვირდებით - რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ამ ომში სულ უფრო მეტად ნორმალიზებული, სტანდარტიზებული და ფართოდ გავრცელებული ხდება."
შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ქლორპიკრინის გამოყენებაში პირველად 2024 წლის მაისში დაადანაშაულა- ეს ქიმიური ნაერთი ბევრად უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ტიპური არეულობის საწინააღმდეგო საშუალებები და პირველად გამოყენებულ იქნა გერმანიის მიერ I მსოფლიო ომის დროს.
უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და, თავის მხრივ, უკრაინას უკანონო საბრძოლო მასალის გამოყენებაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW), რომელიც ჰააგაშია დაფუძნებული და 193 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, განაცხადა, რომ ორივე მხარის მიერ წამოყენებული საწყისი ბრალდებები „არასაკმარისად დასაბუთებული" იყო. ორგანიზაციას სრულმასშტაბიანი გამოძიება არ დაუწყია, რადგან ამის ინიციატივა წევრ სახელმწიფოებს უნდა ეკუთვნოდეთ.
ბრეკელმანსის განცხადებით, სულ მცირე სამი უკრაინელი მოქალაქის სიკვდილი უკავშირდება ქიმიური იარაღის გამოყენებას, ხოლო 2 500-ზე მეტმა პირმა, რომლებიც ბრძოლის ველზე დაშავდნენ, უკრაინის ჯანდაცვის უწყებებს ქიმიური ინტოქსიკაციის სიმპტომებით მიმართა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების ტენდენცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც.
დასავლური წყაროების ცნობით, ქლორპიკრინის გავრცელება ხორციელდება უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) საშუალებით. ამ გზით რუსეთი ცდილობს უკრაინელი ჯარისკაცების სამალავებიდან გამოყვანას. სააგენტო Reuters-ის ცნობით, გამოიყენება CS ტიპის ცრემლმდენი გაზიც, რომელსაც დრონებით - K-51 და RG-VO ტიპის საბრძოლო მოწყობილობებით - აფრქვევენ.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2023 წლის დეკემბერში დნიპროპეტროვსკის ოლქში, ილინკასა და მარივკის დასახლებებში დაფიქსირდა. OPCW-მ უკრაინაში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების ფაქტები დაადასტურა და 2025 წლის 26 ივნისს ამავე რეგიონში CS გაზის კვალიც დოკუმენტურად დააფიქსირა.
ჯამში, 2022 წლიდან დღემდე, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების 9000-ზე მეტი შემთხვევაა დოკუმენტირებული. უკრაინამ ქიმიური იარაღის შემთხვევებზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნით OPCW-ს ოფიციალური რეფერალური დოკუმენტით მიმართა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კვლავ გაიმეორა მოწოდება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე