სომხეთს სურს და ისწრაფვის, ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.
„ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად დავაფიქსირეთ, რომ ეს რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. ქვეყანამ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
„არსებობს ორი ვარიანტი: ქვეყანას ან მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. რომც არ მიიღონ, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს. ფაშინიანმა თურქეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასვა შეკითხვა, თუ რისი იმედი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებით აღშფოთებულები არიან.
„მათ სურთ თქვან, რომ ისეთ ქვეყანასთან, როგორიც თურქეთია, ომის გზას უნდა დავადგეთ? საერთოდ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ?" - აღნიშნა ფაშინიანმა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ნაკლებად ელის, რომ ბრიუსელმა „დამატებითი ვალდებულებები აიღოს და სომხეთი ევროკავშირში მიიღოს".
„ჩვენ ხომ გავიარეთ ეს ყველაფერი? ამბიციური ქვეყანა ჩვენც ვიყავით, ევროკავშირში გაწევრიანება გვინდოდა და ამის სურვილი ახლაც გვაქვს, მაგრამ, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ბრიუსელი ყოველთვის მისდევს პოლიტიკურ კონიუქტურასა და ვითარებას, გეოპოლიტიკურ ვითარებას ვგულისხმობ.
ამ მხრივ, სომხეთს ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი არ აქვს, რადგან მისი რეგიონალური პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ არასტაბილურია. გარდა ამისა, ნუ დაგვავწყდება, რომ სომხეთის მთავარი მეზობელი, თურქეთი მგონი 30 წელიწადია ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, თუმცა არაფერი გამოსდის. ასე რომ, სომხეთში შექმნილ დღევანდელ ვითარებას ბრიუსელი ანგარიშს აუცილებლად გაუწევს და მისი გაწევრიანების გამო დამატებით ვალდებულებებს არ აიღებს.
რაც შეეხება გაწევრიანების გამო გზაზე დგომას, რა თქმა უნდა, მას შეუძლია იგივე ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველომ გააკეთა. არა მგონია შედეგი უახლოეს მომავალში გამოჩნდეს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს - პოლიტიკური კონიუქტურა შეიცვალოს, საქართველოც გაწევრიანდეს და სომხეთიც",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე