ნატალია ჯვარიძე
(16.07.2025)

"50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები... არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა" , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა "არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას".

კიდევ ერთ კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა "არავის მხარეს არ ვარ, იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს, კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობის შეჩერება მინდა".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ამერიკა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუმცა მისივე აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი იქნება აშშ-ს დახმარება უკრაინას, რადგან რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზეწოლა მარტივად გადალახოს.

„50 დღის შემდეგ ალბათ ტრამპი დაიწყებს თავის აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რაც ნამდვილად სამართლიანი ქმედება იქნება. თუმცა იმის მოლოდინი, რომ ეს რუსეთის ეკონომიკას დააქცევს, არ მაქვს. ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობა კოსმოსის ათვისების საკითხებში.

რამდენადაც მე ვიცი, ილონ მასკის კომპანია რუსულ ძრავებს იყენებს თავისი კოსომური ხომალდების გასამართად. შეიძლება ეს შეეხოს ილონ მასკის კომპანიის ინტერესებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. სხვა მხრივ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რუსეთსა და ამერიკას შორის რაღაც დიდი თანამშრომლობა არ არსებობს. მითუმეტეს უკრაინის ომის შემდეგ.

ასე რომ, რამდენად მტკივნეული იქნება ტრამპის ნაბიჯები რუსეთის ეკონონიკისთვის, ცალკე საკითხია, მაგრამ ეს პოლიტიკური ნაბიჯია. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის დახმარება უკრაინას და არა ახალი სასანქციო პაკეტი რუსეთს, რომელიც შეიძლება რუსეთმა საკმაოდ იოლად გადალახოს.

ამერიკის გვერდში დგომა უკრაინის მიმართ და მისი დახმარება, სერიოზულია, რამაც შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც კი შეიტანოს ფრონტის ხაზზე. ეკონონოკური ზეწოლა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტრამპი აფიქსირებს, რუსეთი მტერია და მასთან მოლაპარაკება მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება. თუმცა როგორც ავღნიშნე, უფრო მნიშვნელოვანი უკრაინის სერიოზული დახმარებაა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე