ნებისმიერი მომსახურება იმდენად ძვირია, რომ მომხმარებლის დაკარგვის შიშით, ამა თუ იმ ობიექტის მფლობელები ტარიფებს ვეღარ ზრდიან
ქეთო გოგოხია
(14.07.2025)

ტემპერატურის მატებასთან ერთად, საზღვაო კურორტებზე მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, მთიან რეგიონებში ამ მხრივ ცვლილება არ არის, რაც გამოწვეულია იმითაც, რომ ზღვასთან შედარებით, ამ სეგმენტში ზაფხულობით ნაკლები აქტიურობაა. მთავარი პრობლემა მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა. რაც შეეხება საფასურს, წელს არ მომსახურება არ გაძვირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს ხარჯი გაეზარდათ. ბინისა და კვების ობიექტების მფლობელები ფიქრობენ, რომ გაზრდილი ტარიფით მომხმარებლების მოზიდვა გაუჭირდებათ. 

როგორც საოჯახო სასტუმროებში აცხადებენ, წლევანდელი სეზონის დასაწყისი  უმეტესწილად უხვნალექიანი იყო, რის გამოც ტურისტულმა ნაკადმა იკლო. წინა წლის მსგავსად, ამ ეტაპზეც რუსი ტურისტები ლიდერობენ. იმ ნაწილმა, რომელიც ადრე აფხაზეთში ისვენებდა, უსაფრთხოების რისკის გამო  საქართველოში გადმოინაცვლა, რამაც ტურისტული ნაკადის მატებაზე ასევე იქონია გავლენა.

როგორც ბათუმში მდებარე საოჯახო სასტუმროებში ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, სეზონი აქტიურია და წინა წელთან შედარებითაც, სტაბილურად შენარჩუნდა მოთხოვნაც და ფასიც.

ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელის ნინია ბეგლარიშვილის თქმით, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც შეკვეთები გააქტიურდა და ეს ტემპი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნდება.

,,წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა ბიუჯეტურ სასტუმროებზეა, ჩვენ საშუალო სეგმენტზე ვმუშაობთ და ამ მხრივ გაგვიმართლა. სეზონის წინ წვიმიანი ამინდი იყო, ამიტომ პასიურობა იგრძნობოდა, განსაკუთრებით შიდა ტურისტების მხრიდან, უცხოელები ცუდი ამინდის მიუხედავად, მაინც გადიან გარეთ და დროს გართობაში ატარებენ, რასაც ადგილობრივ დამსვენებლებზე ვერ ვიტყვი. 

რაც შეეხება ქვეყნებს, ევროპელი ტურისტების სიმცირე წელსაც აშკარაა, უფრო რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან, ასევე ირანიდან და ინდოეთიდან.  რუსების აქტიურობა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ უძრავი ქონების დიდი ნაწილი ბათუმში რუსეთის მოქალაქეებს აქვთ შეძენილი და აქტიური პიარ კამპანია აქვთ გაჩაღებული. 

ამასთან, ადრე თუკი აფხაზეთში ისვენებდნენ, ახლა დადასტურდა, რომ იქაურობა უსაფრთხო ადგილი ნამდვილად არ არის, ამიტომ ბევრი საქართველოს ირჩევს. ეს რუსული ტუროპერატორების აქტივობაშიც ჩანს. 

დამსვენებლების რაოდენობიდან გამომდინარე, გაგვეზარდა ხარჯი. 28 ადამიანზეა ჩვენი სასტუმრო გათვლილი და აქტიურ სეზონზე სრული დატვირთვაა. ტარიფები  არ შეგვიცვლია, რომ გავზარდოთ, კლიენტებს დავკარგავთ.  სეზონის ბოლოს შეიძლება გავაიაფოდ კიდეც", - აღნიშნა ნინია ბეგლარიშვილმა ”ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ტურისტრული ნაკადების კუთხით პრობლემაა ანაკლიასა და განმუხურში, სადაც ძირითადი დამსვენებლები საქართველოს მოქალაქეები არიან. ამის მიზეზად ადგილობრივ სასტუმროებში ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას მიიჩნევენ. განსაკუთრებით განმუხურში, სადაც სასტუმროებისა და დასასვენებელი ობიექტების სიმცირეა. ამ მხრივ ბევრად უკეთესი ვითარებაა ანაკლიაში. როგორც სასტუმრო  "თეთრი სახლი ანაკლიაში"  დამფუძნებელმა მარინე თოდუა აღნიშნა, შარშან დატვირთვა 70% იყო, დაახლოებით ამდენს ელოდებიან წელსაც, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში შედეგი უკეთესი იქნებოდა.

მისივე თქმით, ანაკლიის მთავარი პრობლემა დაბალი ცნობადობაა, ამიტომ უცხოელი ტურისტების მოზიდვა უჭირთ.

,,წლების წინ, როდესაც ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალები ეწყობოდა, 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. იკლო ფესტივალებმა და ჩვენც შეგვიმცირდა მომხმარებელი. შარშან ერთი ფესტივალი ჩატარდა და 70%-ით შეივსო სასტუმრო. გაკეთდა ატრაქციონი, ბულვარი და სანაპირო ზოლი მოწესრიგდა და ამანაც ცოტათი გამოაცოცხლა აქაურობა. 

წელსაც ანალოგიური მოლოდინი გვაქვს. ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენც უფრო მეტი დატვირთვით გვიწევს საქმიანობა. უფრო მაინც  ადგილობრივი დამსვენებლები გვაკითხავენ, რომლებიც მცირე ხნით ქირაობენ ნომრებს, დიდი ხნით ტურისტი აქ ნაკლებად ჩერდება. უცხოელებიც არიან, თუმცა ამ მიმართჲლებით განვითარებაზე ვერ ვფიქრობ, რადგან ამის რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესს ნაკლებად აქვს. მარკეტინგული კამპანია უნდა გააქტიურდეს, ამისთვის ადგილობრივი ტურისტული კომპანიების როლიც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მარინე თოდუამ.

ამდენად, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ქართული ტურიზმის განვითარებას აფერხებს,  მსყიდველუნარიანი ტურისტების დიდი სიმცირეა. ნეგატიურ ტენდენციაზე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.  

პროფესორ ნიკა კვარაცხელიას შეფასებით, თუ ვინმე ფულს ხარჯავს საქართველოში, ძირითადად, აზარტულ თამაშებში. 

"მხარჯველი ტურისტი განსაკუთრებული კატეგორიაა. საქართველო ასეთი მოგზაურებით დიდად განებივრებული არ არის. აზარტული თამაშების გარდა, უცხოელი ტურისტი ფულს ნაკლებად ხარჯავს. დიდ პრობლემას ქმნის მაღალი ტარიფები, რაც ტურისტულ აქტივობაზე უარყოფითად აისახება. სასტუმროებში დასვენებისა და კვების ხარჯი არის განსაკუთრებით გაზრდილი, ხოლო ვიზიტორები ვერ იღებენ იმ ხარისხის მომსახურებას, რასაც იხდიან. განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, სადაც ფასები ბოლო 2 წელიწადში 70%-მდე ასწიეს, 25-30%-ის ფარგლებში ტრანსპორტით მომსახურებაც გაძვირდა, გადაადგილება საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ დროს მომსახურება არაადეკვატურია. ასეა არაერთ შემთხვევაში და საბოლოოდ ცუდი წრე შეიკრა. 

ევროპული ნაკადი ბოლო პერიოდში მკვეთრად იყო შემცირებული, არ არის ის რაოდენობა, როგორიც უნდა იყოს. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი ევროპულს ვუტოლდებით. ამიტომ ვისაც ფული აქვს, სხვა ქვეყანაში მიდის. მაღალი ტარიფების გამო საქართველოში დასვენების ალტერნატივა ადგილობრივებისთვისაც კი უცხოური ქვეყნები გახდა, ევროპის მიმართულება ამ მხრივ საკმაოდ გააქტიურებულია", - აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე