ნატალია ჯვარიძე
(14.07.2025)

სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა ბრიუსელში, ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როდესაც შარშან შევხვდით, ვთქვი, რომ ევროპა სომხეთის გვერდით დგას და, რა თქმა უნდა, ასეც არის. ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგი, გვაქვს მდგრადობისა და ზრდის გეგმა, რომელიც სომხეთისთვის 270 მილიონ ევროს ითვალისწინებს და ეს ევროპის ერთგულების სიღრმეზე მეტყველებს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და ითამაშებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი მნიშვნელოვანი მომენტია და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასასრულს აახლოვებს.

„იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი. ევროპა გააგრძელებს თქვენს დახმარებას", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც ესწრებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს სომხეთთან უფრო ღრმა და ფართო პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე და სურს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარება.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგს, პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ სომხეთმა მოახერხა და ევროპის ნდობა მოიპოვა. მისივე თქმით, სომხეთმა აშკარად გამოაჩინა, რომ რუსეთის გრავიტაციიდან გამოსვლა უნდა.

„სომხეთს „დიფ სთეითის" კი არა, საკუთარი მომავლის სჯერა და რუსეთზე მიბმული არ არის. ნიკოლ ფაშინიანი ეყრდნობა თავის მოსახლეობას და ამომრჩეველს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არა მოსკოვს. მას ძალაუფლების შენარჩუნება ნამდვილად უნდა, არ არის იდეალისტი და იცის, რომ სომეხ ხალხში არის ძალაუფლება და არა რუსეთთან კარგ ურთიერთობაში.

რუსეთმა სომხური მოსახლეობისთვის რამდენჯერმე უარყო სამოკავშირეო ვალდებულებები. ამიტომ სომხეთი გარკვეულწილად ფაშინიანის და ხალხის სახით უკმაყოფილოები არიან მოსკოვით და დაიწყეს გამოსავალის ძებნა. ეს გამოსვალი არის ევროკავშირი და სხვათაშორის თურქეთი.

ამასწინათ ისტორიული მომენტი იყო, როდესაც ფაშინიანი თურქეთში ჩავიდა და ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს შეხვდა. ამ ფონზე, სომხეთმა მკაფიოდ შეატყობინა ევროპას და ნატოს წევრ ქვეყანას, თურქეთს, რომ ისინი რეალურად გამოდიან რუსული გრავიტაციიდან, რასაც საქართველო არ აკეთებს. ესენი პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველას ეჭვი შეეპაროს, ევროპისკენ მისწრაფების საკითხში.

საქართველო მოწყვლადი და ტოქსიკურია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნიშნავს, ყველაფრის რუსეთისთვის ჩაბარებას. აქედან გამომდინარე, არავინ ენდობა.

აი, ფაშინიანმა გარანტირებული განცდა შეუქმნა ევროპელებს და თურქებს, რომ ის ფარისეველი არ არის. ამიტომ ევროპა მხარში ამოუდგა და არა ერთხელ დაუდასტურეს, რომ ხელს შეუწყობენ სომხეთს ევროკავშირისკენ მოძრაობაში".- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონასნთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე