"ევროპის თავისუფლება ამხელა საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ"
ნატალია ჯვარიძე
(14.07.2025)

ევროპის თავისუფლება ამხელა საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გადამწყვეტ მომენტში ვცხოვრობთ რთული გეოპოლიტიკის გამო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, როდესაც თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გეგმა წარადგინა.

მაკრონი, რომელმაც პარიზში შეიარაღებულ ძალებს მიმართა, გამოვიდა მოწოდებით, რომ საფრანგეთის თავდაცვის ხარჯები მომავალ წელს 3.5 მილიარდი ევროთი და შემდეგ, 2027 წელს, კიდევ 3 მილიარდი ევროთი გაიზარდოს.

„იმისათვის, რომ ამ სამყაროში თავისუფალი იყო, შენი უნდა ეშინოდეთ. იმისთვის, რომ შენი ეშინოდეთ, ძლიერი უნდა იყო", - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს დახარჯავენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ მთავრი პრობლემა არის თავდაცვის ხარჯების გაზრდა. მისივე თქმით, რუსეთი ნატოს მდგრადობას ტესტავს, რაზეც ბევრი ინციდენტი საეჭვოდ ემთხვევა.

„დონალდ ტრამპი თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს და ახლა უფრო ინტენსიურად იმეორებს იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამხედრო ხარჯები უნდა გაზარდონ და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ძალაზე დამოკიდებულნი. ეს მართებულიც იყო, განსაკუთრებით მისი პირველი პრეზიდენტობის დროს.

ახლა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და უკრაინული ქალაქების ამ დაუსრულებელი დაბომბვის ფონზე აშკარაა, რომ პუტინი უკან არ იხევს. ამავე დროს, როგორც ჩანს, რუსეთი ნატოს მდგრადობას ტესტავს და ასევე, მეხუთე მუხლის სიცოცხლის უნარიანობას.

ეს გამოიხატება ჰიბრიდულ ინციდენტებსა და თავდასხმებზე, რომელიც ძალიან ინტენსიური გახდა. გავიხსენოთ მაგალითად ის, თუ რა ხდება ბალტიის ზღვაში, როდესაც რამდენჯერმე ვითომ რაღაც თევზმჭერმა გემებმა, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ, ვითომ შემთხვევით ინტერნეტ და სხვადასხვა საკომუნიკაციო კაბელები გადაჭრეს. ეს მეორდება და რასაკვირველია, იტესტება ნატოს მდგრადობა, თუ რამდენად მზად არის გასცეს პასუხი.

ბოლო ინციდენტი, მაგალითად ლიტვაში თვითნაკეთი დრონის შეფრენის ფაქტი, ესეც ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, აქ მტკიცებები არ შეიძლება, თუმცა თუნდაც ბალტიურ მედიაში იწერება, ხომ არ იყო ეს ერთგვარი ტესტი, რომ შეუძლია თუ არა დრონების შემთხვევითი შეფრენის შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებმა და შესაბამისად ნატომ დაიცვან ისინი.

აქ იბადება შეკითხვა, როდის ამოქმედდება ტრიგერი, რასაც ჰქვია მეხუთე მუხლი. ამ ყველაფრის თავი და თავი არის თავდაცისუნარიანობის გაზრდა. ერთ-ერთი ბოლო ანგარიშით, რომელიც თავად ბრიტანელებმა გამოაქვეყნეს, მათი სამხედრო ავიაციის თვითმფრინავების დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი მესამედი სამხედრო ოპერაციების შესრულება შეუძლია. ეს არის კატასტროფული სურათი, რასაც თვითონ ბრიტანელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ.

ის, რომ ევროპას მართლაც სჭირდება საჰაერო, თუ საზღვაო მხადაჭერა არა მხოლოდ ამერიკელების მხრიდან, ეს უფრო აქტუალური გახდა. ვერავინ დაიჯერებს, რომ პუტინი ისეთი თავქარიანია, რომ გაბედავს და სამხედრო ინტერვენციას მოახდენს მაგალითად ბალტიის რომელიმე ქვეყანაში, ან პოლონეთში. თუმცა ჰიბრიდული საფრთხეებით, თუნდაც ინტერნეტ-კიბერშეტევებით შესაძლებელია მწყობრიდან გამოიყვანონ სამხედრო და სამოქალაქო მანქანები.

თუმცა, დასავლურ მედიაში კითხვები იბადება, რატომ მოხდა ამ ბოლო დღეებში გაურკვეველი ტოტალური ელექტროენერგიის გათიშვა პორტულაგიაში, ესპანეთსა და ჩეხეთში. ესე იგი არსებობს ისეთი საფრთხეები, რომლებიც იმ ძველ სამხედრო სახელმძღვანელოში არ ჯდება.

ძალიან ბევრი საფრთხეა, რაზეც მუშაობენ დასავლეთის სადაზვერვო სპეციალისტები. თუმცა, თავი და თავი ხარჯების გაზრდაა - არ შეიძლება არხეინად დამოკიდებული იყო ვაშინგტონზე და მის პოლიტიკაზე ნატოსთან მიმართებაში. სად არის ის ყბადაღებული თემა ევროპის არმიის შექმნასთან დაკავშიდებით. დაპირებები და მოწოდებები ბევრია, მაგრამ რეალობა კონკრეტული თანხების გამოყოფა და ინფრასტრუქტურის განახლება, ჰორიზონტზე არ ჩანს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე