რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვცში 2 ადამიანი დაიღუპა.
„ღამით რუსეთმა დარტყმები ხარკოვისა და სუმის ოლქებიდან ლვოვამდე და ბუკოვინამდე განახორციელა. 20-ზე მეტი რაკეტა და დრონების დიდი უმრავლესობა განადგურდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს და მისი შეჩერება სანქციების მეშვეობით ახლავე შეიძლება. საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „იქსზე".
ამასთან, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მხრივ [სამხედრო დახმარების] მიწოდებები აღდგენილია. გავაგრძელებთ მომდევნო კვირას ამერიკულ მხარესთან მუშაობას სამხედრო დონეზე, კერძოდ ჩვენი სამხედროები გენერალ კელოგთან [ტრამპის სპეცწარმომადგენელი]. ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვით პაკეტებსაც. უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ამ ომისთვის: ზეწოლამ უნდა იმუშაოს".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსები ახორციელებენ უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო საბრძოლო თავდაცვითი სისტემების გამოფიტვას. მისივე თქმით, სწორედ ამის განეიტრალებას ითხოვს ზელენსკი, რაც მისივე აზრით, ძალიან კარგი მინიშნებაა.
„ზელენსკი აბსოლუტურად მართალია. რუსეთი გადავიდა ახალი ტიპის სტრატეგიაზე, პრინციპში ახალი არ არის, მაგრამ ატაპტირებული ვარიანტია. ეს არის გამოფიტვის სამხედრო სტრატეგია. ფაქტობრივად, ახლა რუსები ახორციელებენ უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო საბრძოლო თავდაცვითი სისტემების გამოფიტვას, მათ გამოშიგვნას და განადგურებას, რათა მოიპოვონ ჰაერში სრული ბატონობა. ეს არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა.
სამწუხაროდ, ისინი თანდათანობით წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამაზე მიანიშნა ზელენსკიმ. ის ზუსტად იმას ითხოვს, რომ ამ გამოფიტვის ოპერაციის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგეს, რომ ჰაერიდან რუსებს ყოველგვარი შესაძლებლობა ჩაეხშოთ, რადგან მათ სტრატეგიული ინიციატივა გადაიჭირონ საბრძოლო მოქმედებების დროს და ჰაერზე მათი სრული დომინანტობის ეფექტი განეიტრალდეს.
ამაზეა საუბარი, რაც ზელენსკიმ ძალიან სწორად გააკეთა აქცენტი, როგორც უკრაინის უმაღლესმა მთავარსარდალმა. ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ ზელენსკი არა მხოლოდ გამოცდილი პოლიტიკოსი გახდა, არამედ სამხედრო სტრატეგიულ საკითხებში დიდი გამოცდილება მიიღო და გარკვეული სტარტეგიული ალღო შეიძინა.
ეს მას გამოარჩევს სხვებისგან, თუნდაც რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალ პუტინისგან, რომელსაც ეს მიდგომები არ გააჩნია. ასე რომ, ზელენსკიმ ზუსტად დაინახა პრობლემა აღნიშნა კიდეც. ეს აბსოლუტურად სწორი მინიშნება იყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე