ნატალია ჯვარიძე
(12.07.2025)

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მზად არიან გამოიყენონ არსებული მექანიზმები, თუ „საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს". ამასთან, მათივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კურსი შეიცვალოს და ვითარება გამოსწორდეს.

ანალიტიკოსები სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირს აქვს ისეთი მექანიზმები, რომელიც ჯერ არ გამოუყენებია, მათ შორის შეიძლება საუბარი იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.

„ზოგადად, სიტუაციიდან გამომდინარე მსჯელობენ და მერე იღებენ გადაწყვეტილებას. ყველაზე ეფექტური იქნება, თუ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები ლიდერების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, ევროპელები აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რაც ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს, ამიტომ ვითარების გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა:

„მოთხოვნები, რომლებსაც ისინი აყენებენ, ყველა ახდენს არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას, რაც მერე ამ მთავრობას მოუბრუნდება. ამიტომ ნაკლებად მგონია ვითარება გაუმჯობესდეს".

ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა.

„ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით.

მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში. მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ ეს განცხადება არის უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის - მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს".

„პოლიციელზე წიხლით შედგომა თუ მშვიდობიანი ქცევაა, პოლიციელისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის სროლა თუ მშვიდობიანი ქცევაა, თუ პარლამენტის დაწვა მშვიდობიანი ქმედებაა, მაშინ ამ 17 ქვეყანას ერთ რაიმეს ვეტყვი, რომ თავის ქვეყანაში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს, რომ წიხლით შედგეს ვინმე, მოითმენენ და არ ექნებათ რეაგირება? მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, რეაგირება არ ექნებათ?

მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, რეაგირება არ ექნებათ, სამწუხაროდ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის და დაბალ ღობედ მიიჩნევს. ჩვენს პოლიციელებს, როგორც ჩანს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები" უნდა ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის, რაც საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობაში.

ამას აჩვენებს გამოკითხვებიც, როცა ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ეს მათი დაფინანსებული ხალხის მიერ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა უსამართლო თავდასხმა შეწყვიტონ საქართველოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, აგრესიული რიტორიკითა და მუქარის ტონით ესაუბრებიან სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა.

ის ხალხი, ის სახელმწიფოები და ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელზე ქვისა და „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მთავარია, დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირის მიმავალი გზიდან მობრუნება",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ევროპა სანქციებს აამუშავებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც იქნება საუბარი.

„ალბათ საუბარია ისევ სანქციებზე, რადგან სამხედრო ინტერვაცია სავარაუდოდ, გამორიცხულია. რა თქმა უნდა, შეიძლება საუბარი იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც. ძნელი სათქმელია, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, რადგან ფაქტია, დასავლეთი ხელისუფლების შეცვლისთვის იბრძვის.

შემობრუნების შანსი თუ არის ის, რომ „ოცნებამ" ხელისუფლება დათმოს, მაშინ გაუგებარია ეს დათმობა როგორ უნდა მოხდეს. ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პატიმრები გამოუშვან, კი ბატონო, მაგრამ, თუ კანონიერია მათი დაკავება და ზეწოლით ხელისუფლებამ იმოქმედა პატიმრების გამოშვებაზე, მერე ხომ დადგება საკითხი, ესენი პოლიტიკური პატიმრები ყოფილან?

მერე მაგაზე დაიწყება საუბარი. მეორეც, თუ ხელისუფლებამ უკან დაიხია, მისი მომხრეები მხარს აღარ დაუჭერენ.

არის კიდევ მეორე პუნქტი - თავისუფლება სააკაშვილს, ან სამკურნალოდ წასვლა, არც ეს პუნქტია კორექტული. მოთხოვნები, რომლებსაც ისინი აყენებენ, ყველა ახდენს არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას, რაც მერე ამ მთავრობას მოუბრუნდება. და რაც მთავარია, თავად ევროპელების დისკედიტაციას", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ ვითარების გაუმჯობესების შანსი არსებობს, მთავარია „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„უამრავი მექანიზმი აქვს ევროკავშირს - პერსონალური და სხვა მიმართულებები, რაც რეზოლუციაში იყო ჩამოწერილი. სამწუხაროდ, რამდენიმე რეზოლუცია უკვე მიღებულია და ჯერ ევროკავშირს არ დაუწყია ამის რეალიზაცია. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა შეიძლება გამოიყენოს.

ზოგადად, სიტუაციიდან გამომდინარე მსჯელობენ და მერე იღებენ გადაწყვეტილებას. ყველაზე ეფექტური იქნება, თუ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები ლიდერების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის, რადგან აშკარად ჩანს, რომ მთელი დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვან ივანიშვილის ფულები, სხვა არაფერი აინტერესებთ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შანსი, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რასაც საზოგადოება ითხოვს - დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამჭვირვალე პროცესებით იქნება. ასეე, მყისიერად გაათავისუფლოს ყველა პატიმარი. თუ „ქართულ ოცნებას" რამის შეცლა უნდა, ძალიან მარტივია ამის გაკეთება. თუ ამის გამკეთებელი არ არის, სხვა რამეს აზრი არ აქვს, ესაა მთავარი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე