მარიამ ვეკუა
(11.07.2025)

ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობები კიდევ ერთ გარდამტეხ ეტაპს უახლოვდება - დონალდ ტრამპი, რომელიც თვეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინს საჯაროდ აქებდა, ახლა აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებით იმედგაცრუებულია და მზადაა, მომავალ კვირას მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთოს. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი ახალ სანქციებსა და უკრაინის მხარდამჭერი ზომების გაძლიერებას მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ცოტა ხნის წინ შეიცვალა და 11 ივლისის დილას ენ-ბი-სი ნიუსს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოსკოვის წინააღმდეგ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.

„მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში", - განაცხადა ტრამპმა.

„ვფიქრობ, ორშაბათს (სამშაბათს, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით) რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გავაკეთო".

მიუხედავად იმისა, რომ არ დააკონკრეტა, თუ რას შეეხება დაანონსებული განცხადება, ინტერვიუში გაკეთებულ სხვა კომენტარებში ნათქვამია, რომ ტრამპი შესაძლოა ემზადებოდეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო ახალი სანქციების დაწესებისთვის.

მოსკოვის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტი, რომელსაც ტრამპის ახლო მოკავშირე, სენატორი ლინდსი გრეჰემი მხარს უჭერს, სავარაუდოდ, ზედა პალატაში უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

„ეს არის კანონპროექტი, რომელსაც სენატი იღებს და რომელიც, როგორც იცით, პრეზიდენტს აძლევს საშუალებას გააკეთოს ის, რაც სურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე გადავწყვეტ, მსურს თუ არა მისი გამოყენება".-დასძინა ტრამპმა.

გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ეს კომენტარები აშშ-ის პრეზიდენტის პუტინისა და რუსეთის მიმართ მიდგომის მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს.

ტრამპი ხელისუფლებაში იანვარში მოვიდა და ამომრჩეველს უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებას დაჰპირდა, წლის პირველი ნახევრის დიდი ნაწილი რუსი დიქტატორის ქებას დაუთმო, სხვა კომპლიმენტებთან ერთად მას „გენიოსს" და „გამჭრიახს" უწოდებდა.

თუმცა, ახლახანს მან ხაზგასმით თქვა, რომ პუტინს ომის დასრულების განზრახვა არ აქვს, მისივე თქმით, პუტინი არ ემზადება დაასრულოს კრემლის უკანონო შეჭრა უკრაინაში, რომელიც უკვე სამწელიწად-ნახევარია მიმდინარეობს.

„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით, ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის ბევრ ადამიანს კლავს", - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს (AEST).

,აშშ-ს პრეზიდენტმა ნატოსთან გასული თვის სამიტზე მიღწეული შეთანხმების დეტალები გაამხილა, რომელიც კიევის შეიარაღების გაგრძელებას ითვალისწინებს.

ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს" ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ტრამპი მიიღებს საკმაოდ მკაცრ „სანქციურ დამბაჩას"

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ტრამპის ახალი „სანქციების დამაბაჩა" რუსეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს, მისივე თქმით, შესაძლოა ამ სანქციებში რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებიც მოჰყვნენ.

„ბოლო ინფორმაციით, პუტინიც ძალიან გაბრაზებულია ტრამპზე და ტრამპმა მას იმედები გაუცრუა. თუმცა არც ტრამპია პუტინით კმაყოფილი და, სავარაუდოდ, მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს ორშაბათს.

„რაც შეეხება სანქციების საკითხს - იმოქმედებს თუ არა? ვფიქრობ, ტრამპი არის სიტყვით მცხოვრები კაცი. ის, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ბიზნესმენია. ბიზნესს უყვარს სიტყვების შესრულება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხს სერიოზულად მიუდგება. ტრამპი, რომელიც როგორც წესი, ასრულებს თავის დანაპირებს, სავარაუდოდ, მიიღებს საკმაოდ მკაცრ „სანქციურ დამბაჩას", რომელიც, ჩემი აზრით, შეარყევს რუსეთის ეკონომიკას და ელიტასაც. როგორც ჩანს, ამ სანქციებში მოყვებიან რუსეთის მოკავშირე ან მასთან ალიანსში მყოფი ქვეყნებიც."

კითხვაზე, ხომ არ უნდა ველოდოთ ტრამპის რიტორიკის ცვლილების ფონზე ფუნდამენტურ გარდატეხებს ფრონტის ხაზზე, გვპასუხობს:

„სერიოზულ გარდატეხებში ეჭვი მეპარება. თუმცა ის, რომ თანაფარდობა შენარჩუნდება და რუსეთისთვის ბარიერების შექმნა მოხდება - ეს ცხადია. რუსები ვეღარ იპარპაშებენ - ეს არის მთავარი არსი. თუმცა მერე როგორ შეიცვლება მდგომარეობა, ამას უკვე პროცესები გვაჩვენებს. რუსებმა შეძლეს ფრონტის გარკვეული მიმართულებების ხაზზე საკმაოდ სერიოზული დაჯგუფებების შექმნა, ასე რომ, მათთვის ეს მობილიზაცია პრობლემა არ არის. უკრაინას აქვს ეს პრობლემა, რადგან მისი რესურსები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ მათ ამის კომპენსაცია უნდა მოახდინონ სამხედრო ტექნოლოგიების ხარჯზე.

ასე რომ, მთავარი ამ ეტაპზე ის არის, რომ უკრაინამ არ მისცეს რუსეთს საშუალება შეიჭრას სიღრმეში და მოახდინოს შიდა ტერიტორიების დაკავება - როგორიცაა დნეპრის რაიონი, დონეცკი, ხარკოვი და თუნდაც ზაპოროჟიე. ამ დროისთვის ეს არის მთავარი არსი. სწორედ ამიტომ, აშშ-ის მიერ ნატოსთვის იარაღის მიყიდვა და შემდეგ უკრაინაზე გადაცემა ამ პროცესს შეაფერხებს და დადებითად იმოქმედებს.

თუმცა, როგორც გითხარით, ფრონტზე ფუნდამენტურ გარდატეხებს არ ველოდები."-განაცახადა მაისაიამ

პასუხი მოსკოვს

რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაშ უკრაინაზე ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, განსაკუთრებით მწვავე კი 10 ივლისის დრონებით შეტევა იყო, ამ მასშტაბის დრონებით შეტევა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იყო.

თუმცა წუხელ იერიში უკრაინამ მოსკოვზე მიიტანა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული დრონები ღამით მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაზიანდა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში მათ 155 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 11 მოსკოვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დედაქალაქის ოთხი აეროპორტიდან სამმა, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ, მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც „როიტერი" წერს სამინისტრო მხოლოდ იმ დრონების რაოდენობას ავრცელებს, რომლებიც მისმა დანაყოფებმა გაანადგურეს და არა იმას, თუ რამდენი დრონი გაუშვა უკრაინამ. უკრაინას ჯერჯერობით ოფიციალური განცახდება არ გაუკეთებია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე