„ამ შემადგენლობით 12 წელია იბრძვიან და შედეგი არის ნული. ხომ უნდა გააკეთონ დასკვნა?...”
თამთა ჩაჩანიძე
(11.07.2025)

პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში გადაწყვეტილების მიღების იმ საერთო მექანიზმზე საუბრობს, რომლიც დასახავს გეგმას, თუ როგორ აგრძელებს ბრძოლას ოპოზიცია და რეალურ მძლავ ალტერნატივას შექმნის. „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერები ყოველთვის საუბრობდნენ და ქმნიდნენ წინააღმდეგობის ფორმალურ გეგმას, თუმცა რეალობას ანგარიშს არ უწევდნენ, გაერთიანების შემთხვევაში რას აკეთებდნენ.

მისი თქმით, ასეთი ფორმალური გეგმები ჰქონდა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ შედგა და ოპოზიციონერების საბოლოო მხარდაჭერა ვერ მიიღო. საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციას ალტერნატივა „ახლიდან ასაშენებელი" აქვს, რასაც შინაარსიანი გეგმა და ისეთი ლიდერი სჭირდება, რომელსაც ყველა გაჰყვება.

„შეიძლება ამაზე ლაპარაკი გვიანიც კი იყოს. ამდენი ხანი არის კითხვა, რომ აბა გეგმაო, ელემენტარული გეგმა არ არის, დღის ბოლოს რას იზამენ, არ იციან. დაგეგმვას თავის ინტელექტუალური რესურსი უნდა და ეტყობა არ აქვთ ეს ინტელექტუალური რესურსი, ემოციური და საკუთარი ფიზიკური რესურსი აქვთ, მაგრამ მოსახლეობის მობილიზაციის და გეგმის შედგენის რესურსი არა აქვთ და არა მგონია, რომ ასე სახელდახელოდ რაიმე შედეგიანი მოესწრება.

„გეგმა შეიძლება ფორმალური იყოს და რეალობას ანგარიშს არ უწევდეს. სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმა", „გავერთიანდეთ" - რას ნიშნავს გავერთიანდეთ? თუ გაერთიანდები, მერე რას შვრები - გეგმის საგანი ეს უნდა იყოს. ერთმანეთს რომ ანგარიშს გავუწევთ, მერე როგორ მოვიქცეთ თორემ ჩავეხუტოთ ერთმანეთს, თუ არა, ეს არაა გეგმა", - განაცხადა საყვარელიძემ.

„მისი თქმით, „წინააღმდეგობის პლატფორმის" დაშლაც „ალბათ" ამის მიზეზი იყო, რომ გეგმა არ ჰქონდა გაწერილი ზურაბიშვილს, თუ მერე რა უნდა ექნათ.

თითოექული პარტია ეძებს მისთვის რისი მომცემია ესა თუ ის ნაბიჯი. ვნახეთ, რომ იგივე პრეზიდენტმა როგორც კი საგარეო მხარდაჭერა მოიპოვა, ოპოზიციური პარტიები გვერდით დაუდგნენ, რადგან მათ ასეთი საგარეო კონტაქტები სჭირდებოდათ. პრეზიდენტს რომ რამე საქმიანი პლატფორმა დაედო და დაენახათ, რომ პარტიებს ეს რაღაცას მისცემს, რა თქმა უნდა გვერდით დაუდგებოდნენ. მარტო იმის თქმა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთიო, საკმარისი არაა",- განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკომა ვაშაძის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი კითხვას სვამს, თუ როგორ შექმნას ოპოზიციამ მძლავრი ალტერნატივა, რომელიც „კიდევ უფრო ორგანიზებულს გახდის წინააღმდეგობას და დააჩქარებს გამარჯვებას".

„დავუშვათ სახლი გასარემონტებელია, მაგრამ შეიძლება იმდენად გასარემონტებელი იყოს, რომ დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი გახდეს. ოპოზიციას ეს ალტერნატივა „დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი" აქვს, რადგან ამ „აგურებით", ანუ შემადგენლობით, 12 წელია იბრძვიან და შედეგი არის ნული. ხომ უნდა გააკეთონ დასკვნა, რომ ამ ხალხს არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ადამიანებს დაუთმოს ხელისუფლება, ეს ერთ-ერთი მთავარი მოტივია. არ უნდა დაუთმოს ხელისუფლება იმ ოპოზიციას, რომელიც დარბის სხვა ქვეყნებში და საქართველოს წინააღმდეგ რაღაც წინადადებებს იძლევა.

„ამასთანავე, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან ლიდერია საჭირო. დავუშვათ მე დავასახელე ვინმე ლიდერად და სხვას ასეთად არ მიაჩნია, მაშინ ეს საერთო ლიდერად არ გამოდგება. როდესაც მეც და სხვებიც მასში ლიდერს დავინახავთ, მაშინ ის გამოდგება. სააკაშვილამდე ლიდერის როლის მორგებას ჟვანია ცდილობდა, მაგრამ დანარჩენი ადამიანები ორინეტირებულები აღმოჩნდნენ სააკაშვილზე, რაც ქარიზმატულ ლიდერებს ახასიათებთ. დღეს ასეთი ქარიზმატული არავინ არაა, შეიძლება რომელიღაცა გამოიკვეთოს, მაგრამ სამაგისო, რომ მასში ლიდერი ყველამ დაინახოს და გაჰყვეს, არაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის წერილი მისივე ფეისბუქზე გამოქვეყნდა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე, საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

„მეგობრებო, ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაადასტურა, რომ უწყვეტ წინააღმდეგობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში არ მონაწილეობაზე ვერ შევთანხმდით.ჩვენი მიზანი მოძალადე რეჟიმის ცვლილებაა და არა ერთმანეთის განადგურება.

„ჩვენი მთავარი ბრძოლა საერთო მტერთან უნდა იყოს. საზოგადოება ამ დაპირისპირებას ხედავს და კარგავს იმედს, რომ ოპოზიცია რეალურად წარმოადგენს ძლიერ ალტერნატივას. ნუ მივანიჭებთ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს იმაზე დიდ მნიშვნელობას, ვიდრე სინამდვილეში აქვს.ეს არ არის ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს არის ფარსი და არა არჩევნები. მთავარი ბრძოლა წინაა - ის, რაც მართლაც ცვლის ძალაუფლებას. გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა „ქოცებთან" - კომპრომისი ერთმანეთთან. ერთიანობის გარეშე რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია და რაც უფრო დაპირისპირებულები და დაქსაქსულები გამოვჩნდებით ეს არის რეჟიმის ინტერესიც ამიტომ კომპრომისი ერთმანეთთან არის გადამწყვეტი.

„რეალობა ასეთია, ქოცურ რეჟიმს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებით ლეგიტიმაციის აღდგენა აღარ გამოუვა იმიტომ რომ: 1. ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროცესს არ აღიარებს და არ იღებს მონაწილეობას; 2. საარჩევნო გარემო ისეა დეგრადირებული, რომ აღარ არსებობს კონკურენციის, სამართლიანობის ან ნდობის ელემენტები; 3. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო-ს სახით, სრულად გამოთიშულია პროცესიდან; 4. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ეუთო-ს რეზოლუციები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია; 5. საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მათ შორის პარტიების ლიდერები; 6. ბოლო ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც პრაქტიკულად ყველა პარტია იყო წარმოდგენილი, აშკარად გამოჩნდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამიტომ, დროა ეს ფაზა დავხუროთ, გაკვეთილად მივიღოთ, რომ მომავალში კვლავ არ დავდგეთ მსგავსი ფაქტის წინაშე და შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების საერთო მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს:

„როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ მოცემულობიდან გამომდინარე?

როგორ მივდივართ რეალურ ერთიანობამდე - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით?

როგორ შევქმნათ მძლავრი ალტერნატივა, რომელიც კიდევ უფრო ორგანიზებულს გახდის წინააღმდეგობას და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას?

ამ არჩევნებად წოდებული ფარსით არაფერი სრულდება. ჩვენ წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველის.

„გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე, საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

„კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია!

„ეს ქვეყანა ჩვენია და არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის!", -წერს გიორგი ვაშაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე