ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრა ჩავარდა - ფონ დერ ლაიენს რუმინელი ევროპარლამენტარი ვაქცინის საკითხზე ედავება, უფრო კონკრეტულად კი ევროკომისიის ხელმძღვანელმა უარი თქვა მასსა და „ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორ რობერტ ბურლას შორის მიმოწერის გასაჯაროვებაზე, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების კონტრაქტებს უკავშირდება.
უნდობლობის გამოცხადება 10 ივლისს ჩავარდა, იდეას 175-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, უმრავლესობა - 360 ხმით წინააღმდეგ წავიდა, 18-მა კი თავი შეიკავა. ინიციატივის გატანისთვის საჭიროა პარლამენტართა საერთო რაოდენობის, სულ მცირე, ორი მესამედი. ევროპარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ევროკომისიის რომელიმე თანამდებობის პირის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების წინადადება პარლამენტის პრეზიდენტს შეიძლება წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის ერთმა მეათედმა - 72-მა ევროდეპუტატმა.
ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება რუმინელმა ევროპარლამენტარმა მემარჯვენე პარტიიდან, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსიდან", გეორგე პიპერეამ დააყენა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის წამოჭრა უკავშირდება არა მხოლოდ ვაქცინის საქმეს, არამედ ნეპოტიზმის ნიშნებსაც. ამასთან ანალიტიკოსი ამბობს, რომ სხვა კიდევ „ძალიან ბევრი სადავო საკითხია".
„ევროკომისიის პრეიდენტი ძალიან გამაღიზიანებელი გახდა თავად ბიუსელის ბიუროკრატიისთვის და ეს უკავშირდება არა მხოლოდ ფაიზერგეიტს, არამედ თავის დროზე იმ ნეპოტისტურ დანიშვნებს, რაც თავად ურსულა ფონ დერ ლაიენმა განახორციელა მის ახლო გარემოცვაში - ჩინოსნების დაწინაურება ხდებოდა არა დამსახურების, არამედ მასთან ახლო კავშირების საფუძველზე.
„გარდა ამისა, იქ ძალიან ბევრი სადავო საკითხია, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებებს, ფერმერების დაფინანსებას, ევრობლოკში სხვადასხვა სოციალური პროგრამების სპონსორობას. ჩამონათვალი დიდია, ამიტომაც მოთმინების ფიალა აივსო, რამაც ურსულა ფონ დერ ლაიენის მისამართით ეს დიდი გაფრთხილება გამოიწვია.
„არ გაგვიკვირდეს, რომ თუ თავად ევროკავშირის აუდიტის სამსახური არა, ბელგიის სამართალდამცველებმა თავისი სიტყვა თქვან, როგორც კატარგეიტთან დაკავშირებით იყო ევროპარლამენტში. ბელგიის პროკურატურის მხრიდან არაერთი გართხილება იყო ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მისამართით, თუმცა იმის გამო, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, ბელგიის სამართალდამცველებმა დაიწყეს მოქმედება.
„გარდა ამისა, ბოლო წლებში ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში კორუფციული სკანდალი იყო, ძირითადად შემოიფარგლებოდნენ გადადგომით, გაფრთხილებით და ა.შ. არავის ავიწყდება ისიც, რომ ლობისტურმა საქმიანობამ თუნდაც ევროპარლამენტში ყველა ლიმიტს გადააჭარბა და იქ არასავალდებულო გამჭვირვალობის სახე რომ აქვს, ამიტომაცაა აღვირასხნილად გავრცელებული კორუფციული სქემები.
„ის, რომ ბოლო წლებში ფონ დერ ლაიენის ზედმეტი ძალაუფლება გამოჩნდა, ეს გამაღიზიანებელია თავად ევროკავშირის დიდი წვერების ლიდერებისთვის, მაგალითად საფრანგეთისთვის. თუნდაც საფრანგეთს და გერმანიას მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ფლაგმანები საგარეო პოლიტიკის წარმართვაში. ურსულას დასავლურ მედიაში ტყუილად არ დაარქვეს „დედოფალი ურსულა",„იმპერატრიცა ურსულა". ეს არ არის მხოლოდ ევროკომისიის პრეზიდენტის და მაგალითად უნგრეთის პრემიერის დაპირისპირება. ევროპის სახალხო პარტია, რომლის პროტეჟე თავადაა, არ აპირებს ამ ეტაპზე გაწიროს ლაიენის კანდიდატურა, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომა ავტომატურად იწვევს სხვა ევროკომისრების გადადგომას. ახლა, როცა ასეთი გლობალური კატაკლიზმებია, უკრაინაში ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ევრობლოკის მთავრობის გარეშე დარჩენა ბევრი ევროკრატისთვის სასურველი არ იქნება.
„თუმცაღა, როგორც არაერთი ევროპული ანალიტიკური ცენტრი აცხადებს, ლაიენის წინააღმდეგ გალაშქრება ამით არ დასრულდება და მისი ოპონენტები შეეცდებიან, ევროპარლამენტში კიდევ უფრო მეტი ხმა მოაგროვონ, რათა საერთოდ წერტილი დაუსვან, მაგრამ ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ კიდევ რამე ახალი სკანდალი ამოტივტივდეს, რომლის გამოც თავად ლაიენს, ან რომელიმე ევროკრატ კომისარს მოუწიოს გადადგომა, რადგან ამ სტრუქტურაში დიდი ხანია ჩანს, რომ ბიუროკრატიული სისუფთავე არაა და უფრო შავბნელი საქმეები და კულუარული გარიგებები დომინირებს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე