მარიამ ვეკუა
(10.07.2025)

რუსეთთან პროგრესის არარსებობის გამო, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოხატავს და ახალი, მკაცრი სანქციებისკენ იხრება. მალაიზიაში ლავროვთან 50-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ შეხვედრაზე შემოთავაზებული „ახალი მიდგომა" მშვიდობას არ უზრუნველყოფს. უკრაინაში ინტენსიური რუსული იერიშების ფონზე, ვაშინგტონი კონფლიქტის დასრულების გზებს ისევ ეძებს.

დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მალაიზიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამბობს, რომ ლავროვთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „მნიშვნელოვანი" საუბარი ჰქონდა.

„გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ იქნა მიღწეული. აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით სამოქმედო გეგმის ნახვა სჭირდება", - განაცხადა რუბიომ.

აღნიშნა, რომ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ აშშ-ს „ახალი და განსხვავებული მიდგომა" შესთავაზა. „მე ამას ვერ დავახასიათებდი, როგორც რაღაცას, რაც მშვიდობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ეს კონცეფციაა, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გავაცნობ", - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ასევე, მარკო რუბიოს ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სენატთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობს.

შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მხრიდან გაძლიერებული თავდასხმების ფონზე გაიმართა. ომის გაჭიანურების გამო ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სულ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოთქვამს.

„ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს კონფლიქტი", - თქვა რუბიომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კი ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს დილით, რუსული დრონები და რაკეტები უკრაინის დედაქალაქზე იერიშს ახორციელებდნენ, რუსეთის ესკალაციამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა დააზიანა, რის გამოც ათასობით ადამიანი ღამით თავშესაფრებში გადავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 18 რაკეტა და დაახლოებით 400 დრონი გაუშვა თავდასხმის დროს, რომლის მიზანიც კიევისთვის დიდი ზიანის მიყენება იყო.

რუსულ მხარეს კომენტარი ამაზეც არ გაუკეთებია.

ტრამპი, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში დაბრუნდა და ამომრჩეველს 2022 წელს დაწყებული ომის სწრაფ დასრულებას დაპირდა, მოსკოვის მიმართ უფრო შემრიგებლური იყო, ვიდრე მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, რომელიც კიევს მტკიცედ მხარს უჭერდა.

თუმცა, სამშაბათს, უკრაინაში აშშ-ის თავდაცვითი იარაღის მიწოდების განახლების ბრძანებიდან ერთი დღის შემდეგ, ის უჩვეულოდ კრიტიკული გახდა თქვა, რომ პუტინის განცხადებები მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ „უაზრო" იყო.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ განიხილავს კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც რუსეთისთვის მკაცრ სანქციებს დააწესებს, მათ შორის 500%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის, გაზის, ურანის ან სხვა ექსპორტის პროდუქტებს ყიდულობენ.

რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ამ კანონპროექტზე სენატთან თანამშრომლობს.

რუბიო ლავროვს ხუთშაბათს საღამოს კუალა-ლუმპურში ესაუბრა. მანამდე ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების 10 წევრისგან შემდგარ ასოციაციას შეხვდა.

ორი დიპლომატი პირველად საუდის არაბეთში თებერვალში, ტრამპის მიერ ურთიერთობების აღდგენისა და ომის დასრულების მოლაპარაკებებში დახმარების მცდელობის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. კოლეგებმა ასევე ისაუბრეს ტელეფონით მაისსა და ივნისში. კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონთან „გაწყვეტილი" ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას გააგრძელებდა. ოთხშაბათს, რომში უკრაინისადმი მეგობრული ქვეყნების კონფერენციაზე, ტრამპის უკრაინის ელჩი კიტ კელოგი კი ზელენსკის შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე