თამთა ჩაჩანიძე
(09.07.2025)

10 ივლისს, შესაძლოა სომხეთ-ზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმების დოკუმენტს მოეწეროს ხელი - ყარაბაღის საკითხზე ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ დაბიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მზადდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მხარეები ხელშეკრულებისთვის მზად არიან და დოკუმენტზე ხელმოწერაც მოსალოდნელია.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის 10 ივლისის შეხვედრას ადასტურებენ აზერბაიჯანული და სომხური მედიები. სომხური წყაროების ინფორმაციით, ფაშინიანის გამგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 9 ივლისსაა დაგეგმილი, ამავე დღით დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის ლიდერთან, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანთან.

აშშ-ს სახელწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს.

"იმედია, საკმაოდ მალე სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ახლა არსებობს პოტენციალი, რომ მთლიანად ახლო აღმოსავლეთი და მისი ინფრასტრუქტურა შეიცვალოს სირიისა და ლიბანის გამო. ჯერ კიდევ ექვსი თვეც არ გასულა, ასე რომ ეს პირდაპირ მეტყველებს თქვენს ლიდერობაზე". - განაცხადა რუბიომ.

მიმდინარე წლის მარტში, სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა და ერევანმა დოკუმენტის ორი პირობა მიიღო, რომელიც ეხება ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო საჩივრების გაუქმებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მესამე ქვეყნების ძალების განლაგების აკრძალვას.

როგორ იმოქმედებს ხელშერულება რეგიონსა და საქართველოზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმების ხელმოსაწერად აშკარად მზად არიან, რაც რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

"მხარეები შეთანხმებისთვის აშკარად მზად არიან, ამერიკის ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაშინიანი ანკარაში იყო და ერდოღანს შეხვდა, ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ერდოღანმა ალიევზე აშკარად გავლენა მოახდინა, რადგან ალიევი სომხეთისგან ორ მოვლენას ითხოვს, რომ ზანგეზურის დერეფანი გაიხსნას აზერბაიჯანის პირობებით და სომხეთის კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას პრეამბულა, სადაც მინიშნებებია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

"ამ ორი თეზისის გამო აზერბაიჯანი დროს წელავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ერდოღანი ფაშინიანს შეუთახმდა, რომ აზერბაიჯანის ვარიანტი მოაგვაროს, მაგრამ ახლა არა და ამის შემდეგ დაიწყო კალეიდოსკოპური ცვლილებები. შეთანხმება უკვე დიდი ხანია გამზადებულია, ხელმოწერაღა აკლია და წესით უკვე უნდა მოაწერონ.

"ეს იქნება რეგიონში თურქეთის დიდი გამარჯვება და მხოლოდ ჩვენი დოყლაპია მთავრობა ვერ ხედავს ამას, რომ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე მეტი მუშაობაა საჭირო თურქეთთან, რათა რუსეთის კონტექსტიდან გავიდეთ.

"ამ კუთხით საქართველო არ ჩანს, სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო მეტად დაახლოვდებიან ევროპას და ამერიკას ეს დაძმობილება მოეწონება, წავა ინვესტიციები, გაიხსნება დერეფანი, წავა ტვირთბრუნვა. თუ საქართველომ ამ კონტექტში ჩაჯდომა ვერ მოახერხა და თურქეთთან მუშაობა არ დაიწყო, ერთ-ორ წელიწადში შემოსავლები უფრო მეტად წავა აზერბაიჯანსა და სომხეთში",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის პოლიტიკა და სამშვიდობო მემორანდუმი რუსეთს რეგიონში გავლენებს შეუზღუდავს.

"შეუზღუდავს და უკვე შეზღუდულიც აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ახლახანს შუშაში იყვნენ ალიევი, ერდოღანი და ირანის პრეზიდენტი. ირანი წინააღმდეგი იყო ზანგეზურის დერეფნით და როგორც ჩანს, დაელაპარაკნენ და დაითანხმეს.

"რუსეთს შეეშინდება რა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს კარგავს, საქართველოს მიმართ პოლიტიკას გაამკაცრებს და "ქართული ოცნება" კიდევ მეტად ჩაბარდება რუსეთს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადონ, თუმცა ეს ანალიტიკოსის აზრით, არ იქნება ყოვლისმომცველი. გვენეტაძის თქმით, ყოვლისმომცველი ხელშეკრულება რუსეთს რეგიონში გავლენებს მნიშვნელოვნად უზღუდავს, რაც ფაქტიურად მის დაშლას ნიშნავს და "ამას რუსეთი არ დაუშვებს".

"დღეს სამხრეთ კავკასიაში ისეთი სიტუაციაა, რომ არ მგონია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს. გარკვეულ წრეებში ძალიან დიდი აღტყინება იყო იმაზე, რომ თითქოსდა, თურქეთის სამხედრო ბაზები აზერბაიჯანში იქნებოდა განთავსებული, მაგრამ მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაასხა როდესაც გამოაცხადა, რომ ეს სიცრუეა.

"პრაგმატულად რომ შევხედოთ, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთი არ დაუშვებს რომელიმე ძალის შემოსვლას და განთავსებას სამხრეთ კავკასიაში.

აქ რომ მან ეს დაუშვას, ჩათვალეთ, რომ რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასია დაიკარგება, ამის დაკარგვა კი რუსეთის დაშლას ნიშნავს. ეს თავის დროზე არ დაუშვა სუფთა დასავლეთის აგენტმა რუსეთში ელცინმა. ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს სწორედ რუსეთმა დააბრუნებინა, რუსეთი კი არ დაუშვებს, რომ აქ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს ან ალიევმა, ან ფაშინიანმა.

"ზანგეზურის დერეფნის გამო აჟიოტაჟი იყო ატეხილი, ეს იყო სპეციალურად, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი ხაზი ძირითადად საქართველოზე, ირანის და ინდოეთის ხაზი ზანგეზურის მონაკვეთზე გადის, თუმცა, ახლა დერეფნების გადანაწილება მოხდება, რადგან რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერც ჩვენ გავატარებთ იმ ტვირთებს, რომელიც უნდა გავიდეს "ერთი გზა - ერთი სარტყელის" ფორმატში და ვერც ზანგეზურის დერეფანი. ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტრად სწორ პოლიტიკას მიჰყვება",- განაცხადა გვენეტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე