ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. ოპოზიცია ამას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. „ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების მიზანია ხმაურის გამოწვევა და საზოგადოებაში წარმოსახვითი რეალობის შექმნა.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად".
„ევროპარლამენტი კვლავ მზადაა დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას;
მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ;
ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეები აკონტროლებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა;
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხ წერტილს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებას და ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება;
ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ საქართველოს გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას", დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი სწუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს თანხვედრის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია, 49%-ს შეადგენს. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი მოითხოვს ევროკავშირის CFSP-სთან სრულ თანხვედრას, იმ მოლოდინების შესაბამისად, რაც ყველა კანდიდატი ქვეყნისგან არსებობს; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო არ მონაწილეობს ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეუსაბამობა თვითიზოლაციას იწვევს და „ქართული ოცნების" რეპრესიული რეჟიმი ამწვავებს არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და შავ ზღვაში".
პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები გაკეთდა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპარლამენტში რასაც ვუყურებთ, არ არის ახალი. მაისში და აპრილში ამავე რეზოლუციის პროექტზე განხილვები იყო კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების დონეზე, ამიტომ ახალი არაფერი მოგვისმენია.
რაც მოვისმინეთ, ეს იყო წარმოსახვითი რეალობის შესახებ დებატები, რომელშიც უხვად იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები. ამავე დროს, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, ევროკომისრისგან, შეიძლება ითქვას, ფაქტია, რომ არის დიალოგის საჭიროება და აუცილებლობა.
ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკომისიას, ასევე კრიტიკულად განწყობილ ზოგიერთ ძალას მოვუწოდებთ, რომ, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, პატარა ბავშვებივით ნუ გაიბუტებიან. დავსხდეთ მაგიდის გარშემო, რეალობას ყველამ თვალი გაუსწოროს, ვნახოთ, რატომ გახდა ახალი კანონმდებლობის საჭიროება და ერთობლივად ვიფიქროთ, მოვნახოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი.
საქართველო, ჩვენ, ხელისუფლება ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც მზად ვართ ღია, გულწრფელი და სამართლიანი დიალოგისთვის", - განაცხადა მახაშვილმა.
ამასთან, ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „თუ ვინმე საქართველოში ქმნის ევროპულ ნიჰილიზმს და შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია".
„ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც, თვითონაც იციან, რომ ყურადღებას არავინ აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა დაწერა დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს.
მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს და ითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაშინ როცა გარდა სტრასბურგის სასამართლოსი, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ხუთთვიანი განხილვების დროს მორიგ ჯერზე კიდევ სწრაფად გადაატარა მთელი 9 წლის განმავლობაში მისი დანაშაულებრივი სისტემა ქართულ საზოგადოებას, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს.
აქედან გამომდინარე, ჩვენი და ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგია, შევინარჩუნოთ პრაგმატული ნაბიჯები - მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადალაგება იმ ურთიერთობების, რომლის იმედიც გვაქვს. ეს ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს".
„ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი.
რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო.
ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. შემდეგი ნაბიჯი - არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი სამართლიანი არჩევნები. ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ", - წერს ვაშაძე.
ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია „ჩვენი პროდასავლური, პროქართული, პროეროვნული საერთო ეროვნული ბრძოლის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვებაა".
„[ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი] არ არის ჩემი სიტყვები, არ არის კოალიციის სიტყვები, ეს არ არის ოპოზიციური პარტიების სიტყვები, ეს არ არის რუსთაველზე მდგომი ადამიანების სიტყვები, ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა, როგორც ვითარების შეფასებაზე, ასევე, ამ ვითარებიდან გამოსვლაზე. ევროპარლამენტმა მიიღო 2-წლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც „ქართულ ოცნებას", ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად, უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის, შეგრძნების, აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე და ჩვენს ამ დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში", - ამბობს ხოშტარია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე