საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაშია, სადაც სესხის მომსახურება ძვირია, თუმცა სამეზობლოში, სომხეთან ერთად, კრედიტები აქ ყველაზე იაფია, რაც, ერთი მხრივ, ქვეყანას უკეთეს სიტუაციაში ამყოფებს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი არ არიან ის ქვეყნები, რომელთაც საქართველო უნდა შეედაროს, რადგან აქცენტი განვითარებულ სახელმწიფოებზე უნდა გაკეთდეს.
ქართველებისთვის კრედიტის გადახდა პრობლურია, რაზეც ის შავი სია მეტყველებს, სადაც ვადაგადაცილებული კრედიტები ხვდება და ბოლო მონაცემების მიხედვით, მსესხებლების 19% კრედიტებს ვერ იხდის.
„კრედიტინფოს“ ბოლო, 2025 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 572-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 358 238 პირი იყო, 2025 წლის აპრილში კი 365 409 ადამიანი.
ამასთან, ამავე სტატისტიკით, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 950 732 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა თითქმის 19% ვერ იხდის.
აღსანიშნავია, რომ 366 572 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 441 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 312 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 521 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტმა, ორგანიზაცია `ბანკები და საზოგადოების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა, მოსახლეობას შემოსავლები არ ჰყოფნის, მათი ყოველთვიური ხარჯიც გაზრდილია, ამიტომ მსესხებლების ნაწილი სესხის მომსახურებისთვის ვეღარ ახერხებს თანხის მობილიზებას.
"ფინანსურ სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მაღალია, რაც აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში პრობლემებია. მაგალითად, ის, რომ საქართველოში სიღარიბეა, მოსახლეობას შემოსავლები არ ჰყოფნის და მათი ყოველთვიური ხარჯი იმდენად გაზრდილია, რომ სესხის მომსახურებისთვის, ხშირ შემთხვევაში, ვეღარ ახერხებენ თანხის მობილიზებას. ეს არის მიზეზი ამხელა ვადაგადაცილების”, - განუცხადა "რეზონანსს” კეპულაძემ.
საქართველოს კრედიტების სიძვირით მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, თუმცა სამეზობლოსთან შედარებით, სომხეთის შემდეგ, აქ სესხის მომსახურება ყველაზე იაფია. ასე მაგალითად, თურქეთში კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 60.40%-ია, რუსეთში – 23.79%, აზერბაიჯანში - 14.83%, სომხეთში – 13.0%, საქართველოში - 13.89%.
გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მეზობელი ქვეყნები საქართველოსთვის არ უნდა იყოს სამაგალითო.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ფინანსურ სექტორში საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. ჩვენთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი იმის გამოა, რომ ქვეყანა უფრო სარისკოა, საინვესტიციო თვალსაზრისით და გვაქვს შედარებით მაღალი ინფლაცია.
საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია რამდენი ფაქტორი. ერთ-ერთი ასეთია ფასები ინდექსი. მსოფლიოში, სადაც მაღალი ინფლაციაა და თავად ქვეყანა სარისკოა, რა თქმა უნდა, იქ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია. დღეს, საქართველოში სესხებზე პროცენტი უფრო დაბალი უნდა იყოს და რომ არ არის, ეს იმის ბრალია, რომ მაღალი ინფლაცია გვაქვს და მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. სხვა და კარგ პირობებში გვექნებოდა უკეთესი განაკვეთი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნები ნამდვილად არ უნდა იყოს ჩვენთვის სამაგალითო, რადგან ზოგან ნახევრად დემოკრატიაა, ზოგი ავტორიტარიზმია და ა.შ. ჩვენთვის შესადარისი უნდა იყოს მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც დაახლოებით იმ გზას გადიან, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, მაგრამ მათ უფრო სწრაფად მოახერხეს გარკვეული პრობლემების დაძლევა”, - განუცხადა "რეზონანსს” კეპულაძემ.
კრედიტებთან დაკავშირებით ისაუბრა საბანკო სფეროს კიდევ ერთმა სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთიც ყოფილა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი საკრედიტო ბაზრის განვითარებისათვის.
"ფაქტობრივად, საქართველო თანდათანობით იზოლაციაში ხვდება, ეს იწვევს ზემოქმედებას და განსაკუთრებით მეწარმეებზე, როგორც ექსპორტრიორებზე, ისე იმპორტიორებზე და ინვესტორებზე. შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი საგარეო კურსი არ მუშაობს ბიზნესის სასარგებლოდ. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა კრედიტების უმოქმედობის ზრდა.
გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც. როგორც არის იგივე ბიზენსში გაურკვევლობა, თუ რა იქნება მომავალში და როგორ განვითარდება მოვლენები. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ძალიან ზემოქმედებს მეწარმეებზე და ვისაც კრედიტი აქვს აღებული, ცდილობს, შეანელოს ან შეაფარხონ თავისი საწარმოს ზრდა. მათ რეალიზაციის პრობლემა ექმნებათ და შესაბამისად, მათი სესხების გადავადება ხდება ხოლმე.
სხვა ფაქტორი არის ინფლაციური გარემოებაც, რომელიც თანდათანობით მცირდება, თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იგივე დონეზე რჩება და ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკების საპროცენტო განაკვეთიც ვერ იკლებს. ბუნებრივია, ყოველივე ეს ან აიძულებს ინვესტორს შეჩერდეს, ან შეანელოს თავისი დინამიკა. მეწარმეს კი აიძულებს მარაგის შექმნაზე დაიწყოს ფიქრი, ანდა ეძებოს ახალი ბაზარი, რა დროსაც უხდება დროში გაწელილი კრედიტების გადახდა.
მე ვერ ვიტყვი იმას, რომ საპროცენტო განაკეთები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსესხებლები კრედიტს ვერ იხდიან, რადგან საქართველოში უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც ყოფილა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი საკრედიტო ბაზრის განვითარებისათვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ინფლაცია არის განმსაზღვრელი კრედიტების საპროცენტო განაკვეთებისა და არა პირიქით.
საერთოდ, შედარება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან შეიძლება ქვეყანას ცოტა მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდეს, მაგრამ განვითარება სტაბილური და მდგრადი იყოს. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ სახელმწიფოს ძალიან დაბალი საპროტენცო განაკვეთი ჰქონდეს და გაურკვევლობა და არასტაბილურობა ანგრევდეს მომავლის პერსპექტივას. ასე რომ, ქვეყნების შედარება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთით არ შეიძლება. გარემოება უნდა იქნას შედარებული, თუ რა ვითარებაშიც ხდება საპროცენტო განაკვეთების გაცემა და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია სრულიად სხვა დასკვნები გაკეთდეს”, - განუცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა "რეზონანსს”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე