პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი მწვავე განცხადება ევროკავშირის საელჩოს მისამართით - შალვა პაპუაშვილის თქმით, საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თბითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან. პაპუაშვილი "სრულ პასუხისმგებლობას დონორებს აკისრებს. ევროკავშირის წარმომადგელობას ამაზე ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.
"შარშან, არჩევნების წინ ჩვენ ვცდილობდით ანგარიში გაგვეწია, რაღაცნაირად დაგვენდო, დაგვეზოგა ჩვენი უცხოელი ზოგიერთი ელჩი იქნებოდა, თუ პოლიტიკოსი და ჩვენ ვხედავთ, ამან რა შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ ისინი კიდევ უფრო უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში",- ამბობს პაპუაშვილი.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაპირისპირების პირველი ნეგატიური შედეგი უვიზო მიმოსვლის შეჩერება იყოს.
სადამდე მივა პროცესი
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ‘რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტყუილია, როცა საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არჩევნების ჩაშლისკენ არიან მოწოდებულები. მისი თქმით, ურთიერთობების გამწვავება შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდეს.
"ეს არის ტყუილი, მე არ გამგია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების ჩაშლისკენ არიან. რა კავშირი აქვთ არასამათვრობო ორგანიზაციებს ადგილობრივ არჩევნებთან გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაც ანალიზს აკეთებდნენ, რისი უფლებაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
"ეს უბრალოდ ანტიდასავლური პროპაგანდაა, ამის კონტექტში ჯდება ეს ყველა მესიჯი, არ ვიცი ვისი მოგონილია, საქართველოში, რუსეთში თუ სად, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველაფერი უარყოფითი ევროკავშირსა და ამერიკას დააბრალონ",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე, ურთიერთიბების გაუარესების ჭრილში, რა ზომები შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა, გოგოლაშვილმა გვითხრა:
"ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს ანტიდასავლური ძალა მართავს. დღეს უკვე ისეთ ეპოქაში ვართ, როდესაც ყველაფერი პროპაგანდაზეა აგებული, პოლიტიკის ნახევარზე მეტი არის პროპაგანდა და არა საქმე, ამიტომაც ევროკავშირი რაც შეუძლია იმას აკეთებს, რომ ურთიერთობები წესრიგში მოიყვანოს, მაგრამ "ოცნებას" არანაირი ინტერესი არ აქვს, პირიქით, ცდილობს, რომ მისგან კიდევ უფრო დისტანცირდეს, აქედან გამომდინარეობს ეს განცხადებებიც",- განაცხადა მან.
კითხვაზე, ურთიერთობების გაუარესება, შეიძლება თუარა, რომ უვიზო მიმოსვლის შეცერებით დასრულდეს, გოგოლაშვილმა გვითხრა:
"აუცილებლად ასე დასრულდება, რადგან საბოლოო ჯამში ევროკავშირი არადემოკრატიულ სახელმწიფოს სახელმწიფოს უვიზო მიმოსვლას დიდხანს არ გაუჩერებენ, რადგან ეს ყველანაირად თავად ევროკავშირისთვისაა დამაზიანებელი და რისკებისშემცველი, ამიტომ სამწუხაროდ არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ამით დასრულდეს",- განაცხადა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სხვადასხვა ძალები ქვეყანაში აგიტაციას ატარებენ არჩევნებში არჩართვაზე.
"ისინი, რომ არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან, ამას პირდაპირ აცხადებენ, ამის არაერთი ნიშანია, მაგალითად "მაციონალური მოძრაობისა" და იმ სხვადასხვა ჯგუფების განცხადებები, რომლებიც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი ევროკავშირიდან ფინანსდებიან.
"როდესაც ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირს უკვე მერამდენედ სთხოვს წარმოგვიდგინეთ მასალები ვის და რატომ აფინანსებთო, ისინი ამას ყურადაც არ იღებენ. ამ დროს, მათ მიერ დაფინანსებული აშკარად ეს ორგანიზაციები, "სირცხვილიაა", "დაიტოვეა", თუ სხვა ჯგუფები, ქვეყანაში გაბნეულები არიან და აგიტაციას ატარებენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
"აგერ პაატა ბურჭულაძემ წარმოუდგენელი რამ თქვა, სტადიონი დამიქირავეთ და ეროვნულ ყრილობას მე ჩავატარებო, მერე ხაბეიშვილის პირდაპირი განცხადება იმის შესახებ, რომ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ და სახელმწიფო გადატრიალება მოვაწყოთო, ესენი ყველა ევროკავშირის ძუძუზე მიმჯდარი ხალხი. წალენჯიხის მერიამ ბოლოს უპრეცედენტო განცხადებაც გააკეთა, ასეთი რამ გაგიგიათ?"- ამბობს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების "მეტი დაძაბვა ვერ წარმოუდგენია, ევროკავშირი ჩვენ არაფრად არ გვთვლის".
დამატებით კითხვაზე, თუ ელოდება, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდეს, გვენეტაძემ გვითხრა: "ახლა ყველაფერია მოსალოდნელი, რა ევროკავშირიც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს, მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი, კორუმპირებული ჩინოვნიკებისაგან ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, რომელსაც უკვე წამდგარი აქვს ნდობის გამოცხადების საკითხი, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის",-განაცხადა გვენტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს პაპუაშვილი
ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან - ეს არის ფაქტი! ამაზე ჩვენ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მიზანია, რომ ევროკავშირს საერთაშორისო სამართალი არ დაარღვევინონ.
„ევროკავშირის ელჩის სანქცირებით ხდება დაფინანსება ორგანიზაციების, რომლებიც აქედანვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე მუშაობას იწყებენ. ევროკავშირის ბიუჯეტის ფული საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისკენ იხარჯება. ეს არის ფაქტი! ამაზე ჩვენ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.
"შარშან, არჩევნების წინ ჩვენ ვცდილობდით ანგარიში გაგვეწია, რაღაცნაირად დაგვენდო, დაგვეზოგა ჩვენი უცხოელი ზოგიერთი ელჩი იქნებოდა, თუ პოლიტიკოსი და ჩვენ ვხედავთ, ამან რა შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ ისინი კიდევ უფრო უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში.
"აქედანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე და ყოველი შემთხვევაზე ჩვენ ძალიან ხმამაღალი ვიქნებით და პირდაპირ ვამხელთ, როგორც ორგანიზაციას, ასევე დონორს, ვინაიდან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა გახლავთ. ეს ჩვენი ამოცანაც არის, რომ ევროკავშირს საერთაშორისო სამართალი არ დავარღვევინოთ. ეს არის ჩვენი ხალხის სურვილიც, რომ ის რეპუტაცია, რომელიც ევროკავშირს აქვს და რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასე აფუჭებს, ეს რეპუტაცია შევუნარჩუნოთ. ბრიუსელის ბიუროკრატიას და ზოგიერთ დონორს შესაძლებლობა არ მივცეთ, რომ რეპუტაცია შეულახოს ევროკავშირს და იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც სიტყვით ხშირად ლაპარაკობენ, საქმეზე კი არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე