აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბრიქსის" წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ აშშ დამატებით, 10%-იან ტარიფს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, რომელიც „ბრიქსის" ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.
ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფების შესახებ წერილები ქვეყნებს ორშაბათიდან გაეგზავნება.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შეერთებული შტატების ტარიფების შესახებ წერილები და/ან შეთანხმებები მიეწოდება ორშაბათიდან, 7 ივლისიდან. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის" ანტიამერიკულ პოლიტიკას უერთდება, დამატებითი 10%-იანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება", - წერს ტრამპი. შეგახსენებთ,
„ბრიქსი" ათ ქვეყანას აერთიანებს : ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდონეზიას, ირანისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ამჟამად ბრაზილია „ბრიქსის" სამიტს მასპინძლობს.
ლიდერებმა კვირას ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ცალმხრივი სატარიფო და არასატარიფო ზომების ზრდასთან დაკავშირებით.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ბრიქსის" ლიდერებს სამიტზე განუცხადა, რომ ლიბერალური გლობალიზაციის ერა მოძველებულია და მომავალი სწრაფად მზარდ განვითარებად ბაზრებს ეკუთვნის, რომლებმაც უნდა გააძლიერონ მათი ეროვნული ვალუტის გამოყენება ვაჭრობისთვის.
პუტინმა რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სამიტზე ვიდეოზარით ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, რომელიც მას უკრაინაში ომის დანაშაულებებში ადანაშაულებს და რაზეც მოსკოვი აცხადებს, რომ ორდერი უსაფუძვლო და უაზროა.
„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველებულია", - განაცხადა პუტინმა და დასძინა: „ბიზნესაქტივობის ცენტრი განვითარებადი ბაზრებისკენ გადადის".
პუტინმა ასევე მოუწოდა „ბრიქსის" ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ფინანსების სფეროში.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ „ბრიქსის" განვითარების ეტაპები აშშ-ისთვის და განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზული შეშფოთების საგანი ხდება.
„ბრიქსს" გააჩნია ანტიამერიკული და ანტიევროპული საფუძვლები და იქ ჩინეთის გავლენა ძლიერდება. მსოფლიო ეკონომიკის პოტენციალის დაახლოებით 30% სწორედ „ბრიქსის" ეგიდით არის გაერთიანებული. ასევე, როგორც მე ვიცი, „ბრიქსი" თავის გეოგრაფიულ არეალს აფართოებს.
ბუნებრივია, ეს იწვევს ამერიკის სერიოზულ შეშფოთებას, მითუმეტეს საუბარია ტრამპის ადმინისტრაციაზე, რომელიც აწარმოებს წმინდა მერკანტილისტური ტიპის საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ტრამპი უკვე შეწუხებულია იმით, თუ როგორი სწრაფი ტემპებით მიდის „ბრიქსის" განვითარების ეტაპები.
ასევე, „ბრიქსი" ხდება არა მარტო გეოეკონომიკური ერთ-ერთი ჰეგემონი მსოფლიოში, არამედ ასევე, ენიჭება გეოპოლიტიკური პოტენციალი. იქ იკვეთება ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის, ანუ გლობალური სამხრეთის ლიდერების გაერთიანება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სერიოზული გეოეკონომიკური გამოწვევაა. როგორც ჩანს, ტრამპმა ამისთვის უკვე მოიცალა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე