სეზონურ სამუშაოზე დღიური ანაზღაურება უკვე 60 ლარს აღწევს, მაგრამ უმეტესობას შრომა მაინც ეზარება
ქეთო გოგოხია
(02.07.2025)

ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი, ძირითადად, მზარდი ემიგრაციით არის გამოწვეული, საუბარია ასევე მენტალურ პრობლემაზეც, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომაზე  უარს ამბობს და ახლობლებისგან გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ან სოციალური შემწეობის ამარა ამჯობინებს ყოფნას. 

როგორც აღმოჩნდა, მუშახელის მოიძიება უჭირთ თხილის სეზონზე სამეგრელოში, ანალოგიური ვითარებაა ბოსტნეულის წარმოებაში გურიასა და იმერეთში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ატმის მწარმოებლებს ამ კუთხით პრობლემა ნაკლებად აქვთ. როგორც ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, ატმის საკრეფად ხალხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოსული. მათი დღიური ანაზღაურება 60 ლარია და ეს ფასი, სხვადასხვა საქმიანობაში  შესრულებული შრომის შესაბამისად მატულობს.

ყველაზე მეტად მაინც სამეგრელოსა და გურიაში ჭირს.  ზუგდიდში, თხილის ერთ-ერთი ჩამბარებელი პუნქტის წარმომადგენელი, ფერმერი როინ შენგელია ამბობს, რომ მუშახელის პრობლემა წლიდან წლამდე მწავდება, რაზეც ქართველთა გადინების პროცესმაც ძალიან შეუწყო ხელი და ბაზარზე დეფიციტი შექმნა.

,,სამუშაო ძალის ნაკლებობა სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ თხილის მკრეფავების დღიური ანაზღაურება 60 ლარს აღწევს, დღიური მუშის დაქირავება ძალიან გვიჭირს. ხალხი ან ემიგრაციაშია, ან კახეთში სხვადასხვა სამუშაოზეა დასაქმებული.  ამ სიტუაციის გამო  ფერმერთა აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებით თავად ერთვება პროცესში, ადრე კი, სამწუხაროდ, მხოლოდ მკრეფავებს ელოდებოდნენ.  

ახლა მოცვის და თხილის კულტურის აღების პერიოდია. მუშახელის ნაკლებობის გამო მოსავლის აღება დროულად ვერ ხერხდება, სადაც დიდი ფართობებია და ოჯახის წევრები საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან, მოცდა უწევთ, რაც სეზონურ სამუშაოს  ახანგრძლივებს და მოსავლის ხარისხზეც ძალიან ცუდად აისახება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" როინ შენგელიამ.

მუშახელის დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება „ნათს ინკორპორეითედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლათათიამ, რომლის თქმითაც, დღიური გასამრჯელო გაიზარდა და მაგრამ ხალხის მოძიება მაინც ჭირს.

„შეიძლება ითქვას, რომ თხილის მოსავლის აღების ბოლო ფაზაში შევდივართ. აგვისტოს დასაწყისიდან უკვე დავიწყებთ მოსავლის აღებას. ახლა ნაყოფი დამსხვილების ეტაპზეა და ტერიტორიას ვასუფთავებთ იმ ბაღებისთვის, სადაც მოსავლის აღება უნდა მოხდეს მექანიზებულად. მოსავლის.

ბოლო წლებში გააქტიურდა მოსავლის აღების პროცესში მექანიზირებული საშუალებების წილი, იქიდან გამომდინარე, რომ მუშახელის ანაზღაურება გაიზარდა და თან დეფიციტური გახდა. აღნიშნულის გამო, მეურნეობები თანდათან გადადიან ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. საშუალოდ ჩვენი სამიზნეა, რომ ადამიანები, რომლებიც თხილის კრეფაზე იქნებიან დასაქმებული, მინიმუმ 50 ლარი გამოუვიდეთ დღიური ანაზღაურება“, - აღნიშნა  თხილის მწარმოებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

სწორედ მუშახელის სიმცირეს მიიჩნევს ერთ-ერთ პრობლემად  იმერეთში, წყალტუბოში მდებარე  ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია ,,ქვიტირის" დამფუძნებელი გოდერძი შავგულიძე.

,,მთელ სოფლებს შემოივლი და საკმარის ხალხს მაინც ვერ იშოვი.  ეს დაეტყო მოსავალს, ხარისხიც დაბალია და რაოდენობაც. ასეთ პირობებში არ უნდა გვიკვირდეს, რომ სოფლის მეურნეობა ვერ იქცა იმ მომგებიან დარგად, რომელიც არა მხოლოდ სუბსიდირებას წაიღებს მუდმივად ბიუჯეტიდან, არამედ, პირიქით, ბიუჯეტში თანხებს შეიტანს. 

მოსახლეობის გადინებაა და შესაბამისად, ძალიან ბევრი მიწები არის დაუმუშავებელი. კადრები ჭირს, ამიტომაა, რომ  არც დღიური მუშაა საკმარისი. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რაც მერე უკვე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანმობაზეც ასიახება. სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულებაც ცალკე თავსატეხია, ამან ხალხი სახელმწიფოზე გახადა დამოკიდებული და უფრო მეტად გააზარმაცა.  ნაწილიც ემიგრანტებიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს. ადამიანებს არ აქვთ სურვილი ფიზიკურად იმუშაონ ან უნდათ პირდაპირ მაღალანაზღაურებად სამსახურებზე დასაქმდნენ, იმის მიუხედავად, შესაბამისი განათლება აქვთ თუ არა. ეს ზოგადად, გონებრივი პრობლემაა და არაა მარტივად გადასაწყვეტი ", -  აღნიშნა იმერელმა ფერმერმა ,,რეზონანსთან".

როგორც ვახსენეთ, კახეთში, ატმის მწარმოებლებს ამ მხრივ უფრო გაუმართლათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფერმერი ბაჩუკი რუაძე ამბობს, რომ ატმის წარმოებას ამ კუთხით არ უჭირს და სეზონიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

,,ნორმალური მდგომარეობაა, მოსავალიც კარგია და არც მუშახელია პრობლემა. დღეში 60 ლარს ვიხდით, ძირითადად, სამეგრელოდან  და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან ჩამოსული ხალხი მუშაობს. ხალხის დეფიციტი ვენთან არც აქამდე ყოფილა", - უთხრა ,,რეზონანსს" ბაჩუკი რუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე