„ევროპაში ელოდებიან, რომ საქართველო გახდება ტიპიური პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობა, ოღონდ აზერბაიჯანზე და რუსეთზე უკეთესი"
მარიამ ვეკუა
(30.06.2025)

ოპოზიციაში ისევ ქაოსია - კოალიცია „ცვლილებებისთვის" წევრი ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს. მისი მოთხოვნაა ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების სრული ბოიკოტი. მეორე მხარეს „ლელო" და გახარიას „საქართველოსთვის" არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციონერები ერთმანეთს ულტიმატუმების ენით ესაუბრებიან.

„იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს - ეს აბსურდია", - აცხადებენ უმრავლესობაში. რა გავლენას იქონიებს ორი ოპოზიციონერის შიმშილობა და რა შანსები აქვს ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნების წინ - ეს ისევ საკვანძო კითხვად რჩება.

შიმშილობის მე-3 დღეა, თუმცა ოპოზიციაში ჯერ ისევ არ შეთანხმებულან, „ერთად მიიღებენ თუ ერთად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას".

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევაში, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა 15 ივნისს გამოაქვეყნა, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ემხრობა ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ალოკაციის მეთოდით პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება: ქართული ოცნება 35,2%, .კოალიცია ცვლილებებისათვის 16,9%, .ნაციონალური მოძრაობა 14,6%, ლელო ძლიერი საქართველო - 13,4%, გახარია საქართველოსთვის 12,4%.

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს იმ რესურსებსა და შანსებზე, რაც ოპოზიციას აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას დიდი შანსები ექნება, თუ ოთხივე ბარიერგადალახული პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„პირველ რიგში, თუ ოთხივე პარტია გამოაცხადებდა, რომ მიდიან არჩევნებზე (900 000 კაცმა მისცა ოპოზიციას ხმა „ოცნების" წინააღმდეგ), და თუ 900 000 კაცი არ მივიდოდა არჩევნებზე, დიდ ქალაქებში იქნებოდა მეორე ტურების გარდაუვალობა მერების არჩევნებზე. გვაქვს 3 ბიულეტენი: საკრებულოს პროპორციული სისტემა, საკრებულოს მაჟორიტარული სისტემა, მერების არჩევნები.

„გაქვს 64 ოლქი, აქედან 4 ოლქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი - შეიძლება სხვებიც, მაგრამ ეს 4 გარანტირებულად) შეიქმნებოდა მეორე ტურების გარდაუვალობა. შემდეგ მერების არჩევნებში გამარჯვების შანსები იქნებოდა მაღალი. ყველა სტატისტიკური მონაცემი აჩვენებს, რომ ამ ქალაქებში ოპოზიციონერებს უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ.

„ასევე იარსებებდა შანსი, ოპოზიციურ პარტიებს რომ შეეთანხმებინათ მაჟორიტარული კანდიდატები. მაშინ არც იმას გამოვრიცხავ, რომ საკრებულოებში მოხვედრილიყო რამდენიმე მაჟორიტარი. თუმცა ყველაზე სუსტი რგოლი ამ არჩევნებში მაჟორიტარული სისტემაა. ყველაზე ძლიერი სისტემაა პროპორციული. თუ ოთხივე პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ოთხივე აუცილებლად გადალახავს 4%-იან ბარიერს, ანუ საკრებულოებში ყველგან იქნებოდა ოპოზიციური პარტიები."

ზაქარეიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ოპოზიცია უმცირესობაში იქნებოდა, ისინი ხმაურის შექმნას მაინც მოახერხებდნენ და სწორედ ეს იქნებოდა ნამდვილი ბოიკოტი.

„უნდა ვაღიაროთ, რომ უმცირესობაში იქნებოდნენ, მაგრამ ხმაურის შექმნას შეძლებდნენ. მაშინ იქნებოდა ბოიკოტი შიგნით - მოსახლეობას აუხსნიდნენ, როგორ და რაში იხარჯება ფული, გამოავლენდნენ კორუფციას... თუმცა ამაზე უარს ამბობენ.

„სულ მცირე, 30-კაციან საკრებულოებში 7-8 კაცი ოპოზიციიდან იქნებოდა (სულ ცოტა). ამხელა რესურსები აქვს ოპოზიციას, როცა არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარესს შორის, თუმცა ოპოზიცია ირჩევს უარესს."

ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია თავად ასუფთვებს მოედანს და ესტაფეტას „ოცნების" სატელიტებს უთმობს.

„ოპოზიცია ასუფთავებს მოედანს „ხალხის ძალისთვის", „ევროპელი სოციალისტებისთვის" და სხვა სატელიტებისთვის. ისინი გავლენ, გადალახავენ კიდეც ბარიერს და შექმნიან მსოფლიოში განცდას, რომ „ოცნებამ" გაყალბების გარეშე მიიღო ლეგიტიმაცია. ევროპაში ყველა ელოდება, რომ საქართველო გახდება ტიპიური პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობა - აზერბაიჯანზე უკეთესი, რუსეთზე უკეთესი - ავტორიტარულ რეჟიმებში სამაგალითო სისტემა. ადამიანებს გამოუშვებენ ციხეებიდან, ჯარიმებს გააუქმებენ და შექმნიან ილუზიას, რომ „არ გვინდა ნატო, არ გვინდა ევროკავშირი, მინდა ვჩუხჩუხებდე ჩემს ავტორიტარულ ფონში. 3 წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როცა ოპოზიცია ჩუქნის ძალაუფლებას ხელისუფლებას," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

იქონიებს თუ არა გავლენას შიმშილობა პოლიტიკურ პროცესებზე

ელენე ხოშტარიასთან ერთად, მისევე კოალიციის წევრი გედევან ფოფხაძეც უკვე მე-3 დღეა შიმშილობს. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ორი ადამიანის შიმშილობა პოლიტიკურ პროცესებზე, მით უმეტეს არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, დიდ გავლენას ვერ იქონიებს.

„მე პატივს ვცემ მოშიმშილე ადამიანს, ყოველთვის ღირსეულია ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი სასწორზე დებს, მაგრამ შიმშილობა ყოველთვის არ აღწევს მიზანს, მით უმეტეს მაშინ, როცა მოშიმშილე ადამიანი ებრძვის ავტორიტარიზმს. ავტორიტარები დასცინიან მოშიმშილეებს. ეს რომ მასობრივი იყოს და 100 ადამიანი შიმშილობდეს - სხვა საკითხია, მაგრამ ორი ადამიანი, ან 10 ადამიანიც კი, გავლენას პროცესებზე ვერ ახდენს.

„ეს ერთი, მაგრამ მეორე, უფრო მნიშვნელოვანი: როცა მოქმედი პოლიტიკოსი შიმშილობს, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა არაფერი დარჩენია - ეს კრიზისის ნიშანია. ჩვენ ვამბობთ, რომ „ოცნებაში" კრიზისია, თუმცა მთლად ასე არ არის. იქ არის საკმაოდ მონოლითური პირამიდა, რომლის თავშიც დგას ივანიშვილი და შემდეგ კობახიძე. კობახიძე ყრის ყველას, ვინც მის ინტერესში არ ჯდება. ახლა დარჩა კალაძე და როგორმე, რაღაც ფორმით, მასაც უნდა გაუსწორდეს. ამ ფონზე შიმშილობის დაწყება ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილი აღიარებს - სუსტები არიან. ესე იგი, სხვა არანაირი ბერკეტი აღარ დარჩათ, როცა წინ ადგილობრივი არჩევნებია," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამბობს, რომ შიმშილობა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე „დიდი უსუსურობის ნიშანია". „ასე რომ, ეს შიმშილობა ძალიან დიდი უსუსრობის ნიშანია, რომელსაც „ოცნება" ანგარიშს არ გაუწევს."

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბოიკოტს არსად, არასდროს უმუშავია.

„არჩევნები არსებობს მონაწილეობისთვის და არა არმონაწილეობისთვის. ბოიკოტს არსად უმუშავია. ვინც ამას მოითხოვს, ესენი სრულიად გაუნათლებლები არიან პოლიტიკაში. ბოიკოტი სადაც ყოფილა, ყველგან არის დამხმარე საშუალება მასობრივი გამოსვლებისთვის - საჭიროა მასობრივი გამოსვლები, ძლიერი პოლიტიკური ძალა და ძლიერი ლიდერი. ჩვენთან არც მასობრივი გამოსვლებია, არც პოლიტიკური ძალაა და არც ლიდერი - მარტო ბოიკოტი. ვიმეორებ, ბოიკოტს არსად გაუმარჯვია. გამონაკლისია ჰეზბოლა, რომლებმაც სისხლით განახორციელეს ბოიკოტი.

„ბოიკოტში ერთადერთი ლოგიკა არსებობს - 2028 წლისთვის, როცა შემდეგი არჩევნები მოდის, ყველა პარტია განადგურდება. ბოიკოტის მომხრეების სპეცოპერაციაა ეს. ვინც გადარჩება (ბევრი ვერ გადარჩება ამ 3-წლიან ზამთარს), ვინც დარჩება, ისინი იქნებიან „ოცნებისთვის" საყვარელი ოპოზიცია. განადგურდება ლელო, გახარია, ხელში დაგვრჩება ძველი ნაცმოძრაობა, სადაც ახლებიც კი განადგურდებიან. სააკაშვილის სიტყვებია, ასეთი გაფარჩიკებული ოპოზიცია ცხოვრებაში არ მინახავსო," - ," - განაცხადა ზაქარეიშილმა.

რას ამბობენ ოცნებაში, და რას ოპოზიციაში.

„ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციაში ერთმანეთთან ულტიმატუმის ენით საუბრობენ. როგორც უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, შიმშილობის დაწყება, იმიტომ რომ ვიღაცამ არჩევნებშ მონაწილეობა არ მიიღოს, დედამიწის ზურგზე არ მომხდარა.

„ერთმანეთის მიმართ ულტიმატუმის ენით საუბრობენ, თან ისეთი მკაცრი და რთული ფორმებით, როგორიცაა შიმშილობა..... შიმშილობის არსი რა არის?! რომ ვინმემ ყურადღება მოგაქციოს და იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცა გაერთიანდეს და ერთიანი პოლიტიკური სპექტრი შექმნას, იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა.

„ახლა ველოდებით ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ, მერე მელია დაიწყებს შიმშილობას, რომ ზურაბიშვილს ეტყვის, შენ არ იშიმშილო იმიტომ, რომ მერე შიმშილობა შეწყვიტოს ხოშტარიამ და ასე ექნებათ სერიალი. ეს ჩვენ გავლილი კინო გვაქვს. ეს არის რეალობა, მათი სახე," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მეორე მოშიმშილე, გენედევან ფოფხაძე, ხაზგასმით ამბობს, რომ ულტიმატუმის ენით არავისთან საუბრობენ.

„ულტიმატუმის ენით არავინ საუბრობს. მე საერთოდ არ მაინტერესებს გახარია და „ლელო" რას გააკეთებენ. მე ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი - თუ ვიღაცას ჰგონია, რომ თვითმმართველობაში კენჭისყრით და იმით, რომ თბილისის საკრებულოში შევა ოპოზიციიდან, ის თავისი სამშობლოს წინაშე ვალს ასე მოიხდის - მე მგონია, რომ ჩვენი ვალი თავგანწირვით უნდა მოვიხადოთ. თუ საქართველოში ერთიანი ფრონტი არ გაჩნდება, რომელიც რეჟიმს დაამთავრებს, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, შევწყვიტო შიმშილობა", - განაცხადა ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე