30 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი 12 დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც ჯერჯერობით ფორმალურად დეპუტატად ითვლება და შესაბამისად, მასზე იმუნიტეტიც ვრცელდება, თუმცა, მანდატის გაუქმების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს წევრის ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებს. ანალიტიკოსთა აზრით, ამით, სავარაუდოდ, მზადდება საფუძველი გახარიას დასაპატიმრებლად, ან მისთვის დაუსწრებლად ბრალის წასაყენებლად.
14 ივნისს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის ჩორჩანას ცნობილ მოვლენებზე გამოძიება დაიწყო. ამ საქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ გიორგი გახარიაა, რომელსაც მაშინ შს მინისტრის თანამდებობა ეკავა. გახარიას იმას ედავებიან, რომ მან თვითნებურად - სხვა ძალოვან სტრუქტურებთან და პრემიერთან შეთანხმების გარეშე მიიღო ოკუპაციის ხაზთან, სოფელ ჩორჩანას მახლობლად ტყის მასივში პოლიციის ბლოკსაგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება, რითაც ქვეყნის ინტერესებს მიაყენა ზიანი. თავად გახარია და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის გადაწევისა და ახალი ტერიტორიების მიტაცების საშუალება არ მისცა.
ამავე საკითხზე გახარია 23 ივნისს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, თუმცა გახარია არც იმ დროისთვის და არც ახლა ქვეყანაში არ იმყოფება და დისტანციურად ჩარვა ითხოვა, საგამოძიებო კომისიისთვის კი ეს მიუღებელია.
ამჟამად გახარია მეორედ არის დაბარებული კომისიაზე 2 ივლისს, თუმცა იგი არც ამჯერად აპირებს დასწრებას - აცხადებს, რომ თავისი საზღვარგარეთული ვიზიტების განრიგს, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, კომისიის მოთხოვნით ვერ შეცვლის და მხოლოდ დისტანციურად შეუძლია კითხვებს უპასუხოს.
გამორიცხული არ არის, რომ კომისიაზე გახარიას გამოუცხადებლობის გამო, მისი საქმე სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, რომელთაც პროტესტის ნიშნად თქვეს უარი კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე, პროკურატურას გადაეცეს.
მას ჯერჯერობით ამისგან სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, თუმცა, ეს ყველაფერი შეიცვლება, თუკი პარლამენტი მომავალ კვირაში გახარიასა და მისი კიდევ 11 თანაგუნდელის საპარლამენტო მანდატებს გააუქმებს.
გაუქმების პროცედურა და მოსალოდნელი „ხმაურიანი ქეისი"
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" მანდატების გაუქმების პროცედურაზე გვიყვება: ჯერ გახარიას პარტიის 12 მანდატის გაუქმების საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს, ამის შემდეგ კომიტეტი თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, ბიურომ უნდა შეიტანის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, პლენარულ სხდომაზე წარსდგება კომიტეტის წარმომადგენელი და ამის მერე კენჭს უყრიან და „ეს პროცედურა შეიძლება დამთავრდეს რამდენიმე დღეში".
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 27 ივნისს ოფიციალურად დაიხურა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, მას გადაწყვეტილი აქვს 1 და 2 ივლისს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ამ სხდომებზე პრემიერ კობახიძის მიერ ინიცირებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იგეგმება და გამორიცხული არ არის პარტიის „გახარია საქართველოსთვის" მანდატების გაუქმებაც ამის პარალელურად მოხდეს.
ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ამით გახარიას დაკავების საფუძველი მზადდებოდეს.
ასეთივე აზრზეა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „გახარიას ქეისი საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი იქნება".
„ოცნებაშიც" ადასტურებენ, რომ ამ 12 მანდატის გაუქმება გადაწყვეტილია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის თქმით, მანდატის გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი და ა.შ.
კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება" იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და წესით და რეგლამენტით მოუწია ვადა, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტა განიხილონ.
„ოცნების" თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა და რეგლამენტის მიხედვით მოქმედებენ. ექსპრემიერის პარტიის წევრებს, სხვა ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური ძალისგან განსხვავებით, არც თავისი საარჩევნო სიის ჩახსნის თხოვნით მიუმართავთ ცესკოსთვის და არც მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალური განცხადებები არ დაუწერიათ. ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და პარლამენტის არცერთ სხდომას არ დასწრებიან. რეგლამენტის თანახმად კი, თუკი დეპუტატი კონკრეტული სესიის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, ავტომატურად დგება მისი მანდატის გაუქმების საკითხი.
გახარიას საქმე
საქართველოს პროკურატურამ 14 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო და „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".
უწყების ცნობით, ამ საკითხს შეისწავლიან გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება „საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას". ეს ყველაფერი კი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც ჩორჩანას მოვლენების დროს დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა სწორედ მაშინდელი შს მინისტრის უშუალო განკარგულებითა მოხდა, რასაც ქვეყნისთვის დამატებითი ტერიტორიის, დაახლოებით 120 ჰექტარის დაკარგვა მოყვა.
გამოძიების დაწყებიდან 2 დღეში, 16 ივნისს, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გახარიას ხელმეორედ დაბარების გადაწყვეტილება მიიღო, ამჯერად ჩორჩანას საკითხზე. მანამდე, აპრილში გიორგი გახარია უკვე იმყოფებოდა კომისიაზე 20 ივნისის საპროტესტო მიტინგი დარბევასთან დაკავშირებით.
23 ივნისს კომისიამ კენჭისყრით გადაავადა გახარიას მოწმენის თარიღი და იგი 2 ივლისს მოიწვია. თუმცა, გახარია საქართველოშ არ იმყოფება და აცხადებს, რომ 2 ივლისს კომისიაზე გამოცხადებას ვერ შეძლებს. კვირას მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება. მისი თანაგუნდელების ცნობით კი, გერმანიიდან იგი აშშ-ში გეგმავს გამგზავრებას.
მზადდება თუ არა დაუსწრებლად ბრალდების წარდგენის საფუძველი
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მანდატების გაუქმების პროცედურა „ოცნებას" შეუძლია რამდენიმე დღეში დაასრულოს.
„შეუძლიათ მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე უკვე სესია, ან შეუძლიათ მოიცადონ სექტემბრამდე და საშემოდგომო სესიაზე რომ შეიკრიბებიან, მაშინ შეუძლიათ ეს გააკეთონ. „იმუნიტეტი ვერ იცავს ბრალის წარდგენისაგან, იმუნიტეტი იცავს ბრალდების წარდგენისაგან. ანუ საგამოძიებო ორგანოებს პარლამენტის წევრის მიმართ უფლება აქვთ აწარმოონ გამოძიება, ანუ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდეს გამოძიება, მაგრამ ბრალდებას ვერ წარუდგენენ პარლამენტის თანხმობის გარეშე. ვერც წინასწარ პატიმრობას ვერ შეუფარდებენ პარლამენტის თანხმობის გარეშე.
„ჩორჩანასთან დაკავშირებით პროკურატურაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე. ამას ალბათ საგამოძიებო კომისიის დასკვნაც დაემატება და სავსებით მოსალოდნელია, რომ გახარიას ბრალი წარუდგინონ უკვე ძალიან მძიმე დანაშაულში",-განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, რადგან უკვე იმუნიტეტი აღარ ექნება, შეიძლება უკვე გახარიას დააკავების ორდერიც გაიცეს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა გახარიას რამდენიმე მაშინდელ თანაგუნდელსაც მოუწიოს სამართალთან პასუხის გაცემა.
„რადგან ეს საკითხი წამოიჭრა, რომელიც უმძიმეს დანაშაულს ითვალისწინებს, დადასტურების შემთხვევაში გახარიას, და შესაძლოა კიდევ მის რამდენიმე მაშინდელ თანაგუნდელს, მოუწიოთ სამართალთან პასუხისგაცემა. უდანაშაულობის პრეზუმციით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ისინი ეჭვმიტანილებად ითვლებიან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ქეისი საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი იქნება.
„დადასტურების შემთხვევაში, თუ გახარია საქართველოში დაბრუნდა, დააკავებენ და მას ვერც გერმანიის ელჩი უშველის და ვერც სხვა ნებისმიერი დასავლელი აქტორი, რადგან ასეთი მძიმე ანტისახელწიფოებრივი მუხლებით დანაშაულის ჩადენა არცერთ ქვეყანაში არავის არ შერჩება და არც საქართველოში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე