მარიამ ვეკუა
(29.06.2025)

იმ ფონზე, როდესაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერი ლიდერმა (ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა (გირჩი) ჯაფარიძე) პატიმრობაშია, გაერთიანების მეოთხე ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. ამ აქციის მთავარი მიზანი რეჟიმის შეცვლის მოწოდების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციაა. ანალიტიკოსების ნაწილი კონკრეტული მოთხოვნების გარეშე შიმშილობას პოლიტიკურ პერფორმანსად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს პროტესტი დაპატიმრებული აქტივისტებისა და ოპოზიციონერების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა და შესაძლოა, საპროტესტო მუხტის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.

პარასკევს, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე გააზრებული აქვს.

„მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით - ეს არის ჩემი განაცხადი „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ელენე  ხოშტარიამ.

მან ჟურნალისტებთან ოპოზიციის სტრატეგიაზეც ისაუბრა.

„სწორი სტრატეგია რამდენიმე პუნქტისგან შედგება. პირველი, ეს არის ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან. ამაში შედის, რა თქმა უნდა, არათუ არჩევნებში მონაწილეობის არმიღება, არამედ, ამ არჩევნების დელეგიტიმაცია და ხალხთან მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არჩევნები ვერ შედგეს, როგორც ვერ შედგა პარლამენტი, პრეზიდენტი, კომისია და ა.შ. 

„ამ დელეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის დაორგანიზება, როცა პოლიტიკური სიცხადე შემოვა, აქციებიც ახალ ეტაპზე გადავა. ახლა ხალხი, ბუნებრივია, დაბნეულია და აუცილებელია ჩვენი პარტნიორებისთვის თქმა, რომ საქართველო ის ქვეყანაა არის, სადაც ვერც ომი და ვერც ჰიბრიდული ომი ვერ აჩერებს ხალხს ბრძოლიდან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შაბათს ხოშტარიას შეუერთდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი წევრი გედევან ფოფხაძე.

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას - შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, რადგან, ფაქტობრივად, შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწორი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უკვე 28 ივნიის, დღის ბოლოს, ელენო ხოშტარიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც პარლამენტთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. თუმცა, ექიმების ცნობით, პოლიტიკოსის მდგომარეობა სტაბილურია და იგი შიმშლობას აგრძელებს.

მანამდე მოშიმშლეებს რუსთაველზე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ესტუმრა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კრიტიკული განცხადება მოყვა.

„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.

ამ განცხადებას გერმანიის ელჩი ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს - პარლამენტში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრს. პოპულარიზდება „ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემო. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს“, - წერს პეტერ ფიშერი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია 2021 წელს 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა იყო.

ბრძოლა თუ პერფორმანსი?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ კონკრეტული მოთხოვნების გარეშე შიმშილობა უფრო პოლიტიკურ პერფორმანსს ჰგავს, რითაც ამ აქციის მონაწილეები ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობენ.

„მათ კონკრეტული მოთხოვნები არ გაუჟღერებიათ. შესაბამისად, მოთხოვნების გარეშე შიმშილობა უფრო პოლიტიკურ პერფორმანსს ემსგავსება. როგორც ჩანს, არგუმენტები გამოელიათ, რომ თავიანთ მფარველებს დასავლეთში აჩვენონ საკუთარი ბრძოლის სახეები. მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი მათ ამ გამოხტომას. ეს მსხვერპლშეწირვა და „სიკვდილი ან გამარჯვება“ - ეს ყველაფერი ჩვეულებრივი განცხადებებია, რომლის მსგავსი არაერთხელ მოგვისმენია. უბრალოდ, ამით სურთ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. 

„ალბათ, გაიგზავნება სათანადო შეტყობინებები დასავლურ მედია საშუალებებში, ევროპარლამენტში და სხვა სტრუქტურებში, რომ ნახონ - აი, ოპოზიცია რა დღეშია საქართველოში და როგორ ზომებს მიმართავს. სხვა დატვირთვას მე ამ აქტის ირგვლივ ვერ ვხედავ. რომ ყოფილიყო კონკრეტული მოთხოვნები - რომ აი, ჩვენ ვშიმშილობთ ამისთვის და გავაგრძელებთ შიმშილობას, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება - გასაგები იქნებოდა“, განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.

მისი პროგნოზით, ამ შიმშილობის აქციას რაიმე კონკრეტული შედეგია არ მოყვება“

„ერთიც მსურს დავამატო: ხოშტარიას მხრიდან შიმშილობა ადრეც გვინახავს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტის წევრი იყო. თუმცა, როცა ნახა, რომ შიმშილობამ შედეგი არ გამოიღო და ხალხმა უთხრა, დაასრულე შიმშილობა, ნუ შეწირავ ჯანმრთელობას - ამით ყველაფერი დასრულდა. ვვარაუდობ, რომ, დიდი ალბათობით, ახლაც ასე მოხდება.“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ შიმშილობა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა:

„პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს ხო ესეც ერთ-ერთი მათგანია, ამით გამოხატავენ პროტესტს მოშმშილეები და მეორეს მხრივ კი სოლიდარობას უცხადებენ პატიმრებს.“

როგორ იმოქმედებს საპროტესტო მუხტზე

ზაალ ანჯაფარიძემ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ „საქმე პერსონაშია, თუ ვინ შიმშილობს“.

„იცით, საქმე პერსონაშია - ვინ შიმშილობს. ელენე ხოშტარია და გედი ფოფხაძე ნამდვილად არ არიან ის პიროვნებები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ფართო პატივისცემითა და ნდობით სარგებლობენ. კი, ოპოზიციასთან აფილირებულმა ცალკეულმა ექსპერტებმა ცოტნე დადიანს შეადარეს ხოშტარიას შიმშილობა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორ გაღარიბდა მათი არგუმენტაციის საფუძველი, მათი არსენალი - რომ სხვა, უფრო ეფექტურ მეთოდებს ვეღარ იგონებენ, გარდა მსგავსი წარმოდგენებისა.

„მთავარი პრობლემა სწორედ პიროვნული ფაქტორია - არ ჩანს ოპოზიციის ბანაკში არცერთი საზოგადოების ნდობით მოსარგებელი ლიდერი. არ ჩანს არცერთი ქარიზმატული პერსონა, თუნდაც არა პოლიტიკოსი, რომელიც გარშემო შემოიკრებდა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ვერ გამოდგა ვერც ზურაბიშვილი და მით უმეტეს ვერ გამოდგება ელენე ხოშტარია, რომელმაც, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ ყოფილიყო ასეთი პერსონა, მიმართა სხვადასხვა ექსტრავაგანტულ გამოხტომებს, მაგრამ ამან მისი პოპულარობა ვერ გააძლიერა. ასე რომ, დღევანდელი მოცემულობით, მე პირადად მუხტის ზრდასაც არ ველოდები“, -განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო მუხტის ისეთი გაზრდა, რომ ამან ქვეყანაში გარდატეხა მოახდინოს, მხოლოდ დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

„შესაძლებელია, რომ საპროტესტო მუხტმა აიწიოს. ხალხიც დაინახავს, რომ ოპოზიცია არის მებრძოლი. ბევრი იძახის რომ ოპოზიცია სუსტია და რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას, მაგრამ ხალხი უფრო მეტად დაინახავს, რომ ასე არაა. ოპოზიციონერების  ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი შიმშილობს, ისინიც ვერ გატეხეს.

„რაც შეეხება პროტესტში გარდატეხას, ვფიქრობ, დიდი გარდატეხა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სანქციები იქნება დასავლეთის მხრიდან შემოღებული. ამას დაემატება აღნინულიც. მარტო განცხადებები პარტნიორების მხრიდან ალბათ არ კმარა“, - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე