ნატალია ჯვარიძე
(28.06.2025)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს". ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. სამხედრო ექსპერტები ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებენ და ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.

„შეიძლება ის იგულისხმა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაიღალა პუტინის არაფრის მომცემი ქმედებისგან და როგორც ჩანს, აპირებს სერიოზული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: „მე მინდა, დაგეხმარო ირანის საკითხში". მე ვუთხარი: „გამიწიე ანგარიში, ირანს მე მოვაგვარებ და დამეხმარე რუსეთის საკითხში. ეს უნდა მოვაგვაროთ". ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება", - თქვა ტრამპმა.

რა ვითარებაა ფრონტზე

უშუალოდ ფრონტზე მთავარი სიახლე ისაა, რომ რუსულმა ნაწილებმა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ლითიუმის საბადო დაიკავეს, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ შევჩენკოს მახლობლად მდებარეობს. დასახლების აღების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 ივნისს განაცხადა და ასევე დაადასტურეს უკრაინულმა წყაროებმა.

მანამდე, რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს რეგიონში კრუტაია ბალკას საბადო დაიკავა. ამრიგად, ამ ეტაპზე, უკრაინაში არსებული ოთხი ცნობილი ლითიუმის საბადოდან ორი რუსეთის კონტროლის ქვეშაა. დანარჩენი ორი - დობრა და პოლოხოვსკოე - კიროვოგრადის რეგიონში მდებარეობს.

აპრილის ბოლოს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას. მოლაპარაკება ამ საკითხზე იანვარში, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. შეთანხმება აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც შემოსავალს უკრაინული მინერალების განვითარებიდან და გაყიდვიდან მიიღებდა.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა.

„ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე სერიოზული გარღვევები არ ხდება. პოზიციური ბრძოლები მიდის, ანუ სიტუაცია რუტინულია. რა თქმა უნდა, რუსები მასობრივ დაბომბვებს ახორციელებენ. მაგალითად, გუშინ ოდესა და კიდევი დაიბობმა, რაც, სამწუხაროდ, ჩვეული ფორმა გახდა. როგორც ჩანს, რუსები გამწარდნენ იმაზე, რომ ევროსაბჭო აპირებს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას. სხვა რაიმე სიახლე და გარღვევა რომელიმე მხრიდან ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

„რუსებმა ლითიუმის საბადო დაიკავეს, რომელსაც დიდი ოპერატიულ-სტრატეგიული გარღვევა არ გამოუწვევია. ეს რაიონი იმ ხელშეკრულებაში არ შედიოდა, რომელიც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა. დღეს რუსებმა დაიკავეს, მაგრამ შეიძლება ხვალ უკრაინელებმა განახორციელონ კონტრშეტევა და დაიბრუნონ. ასე რომ, ეს მაინცდამაინც დიდი არაფრის მაჩვენებელია.

„მეორეს ერთი, როგორც მე ვიცი, საბადო უკვე დიდიხანია უმოქმედოა. ლითიუმის საბადოები უფრო მეტი არის უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე", - აღნიშნა მაისაიამ.

გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის თქმით, ფრონტზე ჯერჯერობით ცვლილებები არ არის.

„ჩემი მონაცემებით, ძირითადად ნაცნობებიდან და ღია წყაროებიდან ვიცი, რომ სუმში სრულიად შეჩერებულია რუსების წინსვლა და საერთოდ, ვითარება ისევ ისეა, ანუ ცვლილებები არ არის. დაბობვა ინტესნიურად მიმდინარეობს, მაგრამ შემცირებულია ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, ძირითადად უფრო დრონებზე არიან გადასული რუსები. ეტყობა მარაგებს უფრთხილდებიან.

„უკრაინამ ნატოსგან ძალიან სერიოზული დაპირებები მიიღო, რომ გაგრძელდება დახმარება. ვნახოთ, როგორ იქნება, ჯერჯერობით ცვლილებები არ არის. მთავარი ისაა, რომ რუსებს სუმის ოლქში წარმატების მიღწევა უნდოდათ, მაგრამ შეფერხება აქვთ მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე 50-ათასიანი დაჯგუფება ჰყავთ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რას გულისხმობს ტრამპი

ვახტანგ მაისაია ტრამპის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

„ტრამპი ბევრ რამე იძახის და რამდენად ასრულებს ეს მეორე საკითხია. ამიტომ შეიძლება პიარ-პროპაგანდისტული განცხადება იყოს. თუმცა შეიძლება ის იგულისხმა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაიღალა პუტინის არაფრის მომცემი ქმედებისგან და როგორც ჩანს, აპირებს სერიოზული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას. შესაძლოა ტრამპმა სერიოზული გეზი აიღო ბაიდენის ადმინისტრაციის კურსკის გასაგრძელებლად. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ვიტკოფი ბელორუსში იმყოფებოდა და მის ლიდერთან ძალიან საინტერესო ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე, ბელორუსი 14 პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს. კიდევ აიღო ვალდებულება, რომ ბელორუსი არ იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ შეტევის დამრტყმელ პლაცდარმად, ანუ რუსები ამ ქვეყანას ვერ გამოიყენებენ, რომ უკრაინაში შეტევები განახორციელონ. ამას სავარაუდოდ ვიძახი. ასევე ჩემი ვარაუდით, ბელურსებს ვიტკოფმა ააღებინა პირობა, რომ ისინი დაივიწყებენ სუვალკის კორიდორის დაბრუნების პერსპექტივას, რაც ნიშნავს რუსეთის მიერ პოლონეთის, ლიეტუვის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ტოლფასია. ეს საკმაოდ სერიოზული მიღწევაა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, რადგან თუ ლუკაშენკომ ეს პირობა მისცა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ნიშნავს იმას, რომ რუსებს შეეზღუდათ უნარი განახორციელონ უკრაინაზე წარმატებული სტრატეგიული ოპერაცია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ „სანამ კონფლიქტი არ მოგვარდება საუბარი იქნება ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს შესაძლებელი იქნება, როცა რუსები დაინახავენ, რომ შეტევებს ვეღარ ახორცილებენ, ანუ წარმატება უკრაინელებმა უნდა მიაღწიონ. ეს იქნება პირობა, რომლის შემდეგადაც რუსები ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე