თამთა ჩაჩანიძე
(27.06.2025)

საქართველოს მთავრობა კვლავ მზაობას გამოთქვამს აღადგინოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა „კონკრეტული გზამკვლევით", სადაც ასახული იქნება „სარგებელი ორივე ქვეყნისთვის". ამავდროულად ღიადაა გაცხადებული და არაერთხელ ითქვა კიდეც, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

საკითხზე, რამდენად გამოვა ერთდროულად აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება და ჩინეთთან პოლიტიკური და სავაჭრო კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება, თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსს" ეუბნება, რომ გააჩნია, პეკინთან ურთიერთობები რა დონემდე მივა - თუ ჩინეთი გავლენების ზრდას მოინდომებს საქართველოში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში გადავა, ეს შეიძლება ამერიკისთვის წითელი ხაზი იყოს.

ანალიტიკოსი და პროფესორი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ს ხელისუფლების ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული, როგორც განსაზღვრავს აშშ-ჩინეთი ურთიერთობას და „სანამ ისინი ერთმანეთში არ გაარკვევენ, ჩვენთან შეუძლებელი იქნება რაიმე გზამკვლევზე ლაპარაკი".

კორნელი კაკაჩიას თქმით, თუ ქვეყნის შიგნით სტაბილურობა არ იქნა და დემოკრატიული კურსის გადახვევა გაგრძელდა, ეს საგარეო პოლიტიკაზეც გავლენას ახდენს, მათ შორის, ევროკავშირ-აშშ-სთან ურთიერთობებზე.

„ფორმულა - „გარეთ მშვიდობა და შიგნით ომი" არ იმუშავებს, თუ ქვეყანას სტაბილურობა არ ექნა. თუ შიგნით რეპრესიები და დემოკრატიული კურსის გადახვევა გაგრძელდა, ბუნებრივია ეს საგარეო პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას, მათ შორის აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებზე. შიდა პოლიტიკაში რა მოხდება, ესაა ერთ-ერთი გადამწყვეტი საგარეო პოლიტიკაზე. „ქართულ ოცნებას" მოლოდინი აქვს და მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა კიდეც, რომ ძალიან ბევრი ავტორიტარული ქვეყანაა მსოფლიოში და იმათთან თუ აქვთ ურთიერთობა, რატომ არ შეიძლება საქართველოსთან ჰქონდეს ურთიერთობაო. საქართველო სტრატეგიულად ისეთი იმნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას წარმოუდგენია. მით უმეტეს, აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველო არ არის უახლოს 20-30 საკითხშიც კი. საქართველოს დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ ისიც დემოკრატიული სახელმწიფო და აშშ-ევროკავშირის მოკავშირე ხდება ამ რეგიონში. თუ ეს არ ხდება და დემოკრატია არაა, მაშინ მას ფასი ეკარგება, განსხვავებით აზერბაიჯანისა და სხვა სახელმწიფოებისგან, რომელთაც ნავთობი, გაზი და სხვა პლიუსები აქვთ. გასაგებია, რომ გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, მაგრამ არც ეგეთი მნიშვნელოვანი, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა აქ თვალი დახუჭონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ავტოკრატიული ხელისუფლების ნაბიჯებზე.

„ამათ წარმოუდგენიათ, რომ ამ გზამკვლევში საქართველოს შეუძლია რაღაცა უკარნახოს. საქართველომ რა გზამკვლევიც არ უნდა შეადგინოს, საერთაშორისო სისტემაში ისეა მოწყობილი, რომ დიდი სახელმწიფოები ქმნიან ამ გზამკვლევებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ პატარა ქვეყანა ვერსადროს ვერ მოახვევ საკუთარ ინტერესებს დიდ სახელმწიფოებს.

„რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, გააჩნია ურთიერთობები რა დონემდე მივა, ევროკავშირისგან განსხვავებით, აშშ ჩინეთს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ მეტოქეს და გააჩნია, თუ ჩინეთი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში გადავა. ერთია სტრატეგიული მოკავშირეობაზე ხელისმოწერა, მაგრამ მეორეა, რა დონეზე გაიზრდება ჩინური გავლენა, იგივე ანაკლიის პორტის გადაცემა იქნება თუ სხვა საკითხები. ასეთ შემთხვევაში, ჩინეთი დომინანტი ხდება, შავი ზღვის უსაფრთხოებაში შემოდის, ბუნებრივია, ამას უკვე მნიშვნელობა ექნება, როგორც ევროკავშირის უსაფრთხოებსთვის, ასევე ნატოს-თვის", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძესაც მიაჩნია, რომ აშშ-სთვის საქართველო ისეთი მნიშვნელობის არაა, რომ სხვა თემები გადაფაროს და საქართველოსთან გზამკვლევი გახსნას.

„გზამკვლევი დაერქვა, თორემ ეს რეალურად ის ნაბიჯების თანამიმდევრობაა, რომელიც უნდა გადაიდგას, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარისთვის (და არა მარტო საქართველოსთვის) იყოს გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც ერთმანეთთან დაახლოებას მოიტანს. არ ვიცი, ეს ამ ეტაპზე რეალური არის თუ არა, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველო ამერიკისთვის ისეთი მნიშვნელობის თემა არაა, რომ სხვა თემები გადაიფაროს და საქართველოსკენ გზამკვლევი გახსნას", - უთხრა საყვარელიძემ „რეზონანსს".

ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ს ხელისუფლების ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული, როგორც დალაგდება აშშ-ჩინეთის კონტაქტები.

„ეს დამოიკიდებულია იმაზე აშშ-ჩინეთს თავად როგორ დაულაგდებათ ურთიერთობა, თუ ერთმანეთს ეჩხუბებიან, გაჭირდება, თუ აპირებენ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და ორი დიდი ქვეყანა თავისი საკუთარი მიმართულებით განვითარდეს, მაშინ ჩვენ ეს ხელს გვაძლევს. სანამ ისინი ერთმანეთში არ გაარკვევენ, ჩვენთან შეუძლებელი იქნება რაიმე გზამკვლევზე ლაპარაკი", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე