ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალების პრაქტიკულად ყველა ლიდერი ან უკვე ციხეშია, ან ახლო მომავალში ემუქრება ასეთი პერსპექტივა. ეს ნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მასში მონაწილეობას გადაწყვეტს, ლიდერების გარეშე მოუწევთ. როგორ მოქმედებს დაკავებების ეს სერია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, რა გავლენა ექნება მას პარტიების რეიტინგებზე და რა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ ამის შედეგად შემოდგომაზე?
ბოლო დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეა, რომელიც 24 ივნისს სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ამას მოჰყვეს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაკავებაც.
მანამდე, 23 ივნისს, პოლიციამ დააკავა „ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მათ 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება. ამას წინ უძღოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერების, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავება. ჯაფარიძეს უკვე მიუსაჯეს 7 თვე, მელია და გვარამია კი პატიმრობაში იმყოფებიან და სასამართლოს განაჩენს ელოდებიან.
ანალოგიური ბრალდების გამო წინასწარ პატიმრობაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ზემოთჩამოთვლილ პოლიტიკოსებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს - ისინი, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ.
„ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციამ დემონსტრაციულად თქვა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე და შესაბამისმა ორგანოებმაც კანონის ფარგლებში იმოქმედეს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოს უახლესი ისტორიის პოლიტპატიმრების რეკორდი დამყარდა.
ამასთან ოპოზიციიდან სვამენ კითხვას - როგორ უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ" 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, როცა პრაქტიკულად ყველა რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია?
რა მიზანი აქვს „ოცნებას"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად კანონით გაწერილი რეაქცია მისცეს პროცესს.
„რაღაც ეტაპზე „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კანონით გაწერილი რეაქცია მიეცა. ქუჩის გადაკეტვიდან დაწყებული, ყველგან კანონი უნდა აღსრულდეს - ეს ფორმულა იყო და მემგონი აქაც იგივეა", - განაცხადასაყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ „ოცნება" ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობს.
„ოცნება" თავისი პოლიტიკის რეალიზებას ახდენს - ცდილობს, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ ინსტიტუციონალურად და საკანონმდებლო დონეზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტორიტარიზმი დაამკვირდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული აზრის თუ პოზიციის მქონე ადამიანები ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად გაუშვას 7-8-თვიან პატიმრობაში.
„დიდი ალბათობით, ულიდეროდ დარჩენილი ოპოზიცია არჩევნებში არ ჩაერთვება, ყოველ შემთხვევაში „ოცნებისთვის" ეს ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე შეძლებს უმტკივნეულოდ დაიკავოს აღმასრულებელი ვერტიკალი მთელს ქვეყანაში", - განაცხადა ძაბირაძემ.
რა შიდა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ შემოდგომაზე
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს დიდად არ შეცვლის.
„არ მგონია დიდად განსხვავებული პოლიტიკური სურათი მივიღოთ. თუ მათ გულშემატკივრები ჰყავთ, ლიდერების დაპატმრებამ პირიქით, გულშემატკივრების მობილიზაცია უნდა მოახდინოს. ბუნებრივია, გულშემატკივრების წინაშე ალტერნატივა დგება - არჩევნებში მიიღებენ მონაწილოებას, თუ ქუჩაში დადგებიან", - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს და იმ ოპოზიციურ ძალებს, ვისაც მასში მონაწილეობა აქვს განსაზღვრული, საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ძალების ლიდერთა პატიმრობაში ყოფნამ შესაძლოა მათი მხარდამჭერების მობილიზაციაც გამოიწვიოს.
„ალბათ დაპატიმრება ხელს შეუშლის, მაგრამ, თუ არ ვცდები, შეიძლება პატიმრობაში მყოფი ადამიანი არჩევნებში იყოს დასახელებული. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუკი ადგილობრივ არჩევნებზე ვლაპარაკობთ, ყველგან ერთი და იგივე ადამიანები ხომ არ იქნებიან, საარჩევნო კანდიდატურები უნდა გაიშალოს და ამ გაშლაში ეს დაკავებები ხელს არ შეუშლის, შეიძლება პირიქით, მათმა მომხრეებმა უფრო მეტი მობილიზაციაც კი გააკეთონ, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
„საპროტესტო მუხტის ზრდას დიდად არ ვვარაუდობ, რადგან ასეთი მუხტები ქუჩას ეტყობა ხოლმე. დაჭერები კი უკვე კარგა ხანია მიდის და ქუჩას არაფერი ეტყობა", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოებაში პროტესტი იზრდება, თუმცა ოპოზიციამ ამის მოძრაობაში მოყვანა უნდა შეძლოს, რაც დღეს არ ჩანს.
„საპროტესტო მუხტი ჯერჯერობით „ოცნებისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს. პროტესტი რა თქმა უნდა იზრდება, მაგრამ თუ ოპოზიცია არჩევნებში არ ჩაერთვება, პროტესტი კი გაიზრდება, მაგრამ მისი მოძრაობაში მოყვანა ვერ მოხერხდება. ამით „ოცნება" რაღაცნაირად დროს მოიგებს.
„ოცნება" ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნით მანამდე მოაგვაროს საქმე, სანამ ჩვენი პარტნიორები ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ, იგივე სანქციებთან და ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით და ჩვენი პროტესტის დონე ისეთ ნიშნულს მიაღწევს, რომ ქუჩაში გადმოიღვრება. პროტესტი არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ქუჩაში არ იღვრება.
„ადგილობრივი არჩევნები იმის საშუალებას იძლევა, რომ ოპოზიციური ელექტორატი მობილიზდეს, რაც დღეს ჰაერივით გვჭირდება როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას, ისე ქვეყანას იმისთვის, რომ ავტორიტარიზმისკენ სვლას ხელი შევუშალოთ. თუმცა, ჯერჯერობით ოპოზიცია ამ აზრზე არაა და მაინც ამ საკითხის გახლეჩვას ცდილობენ.
„როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს, ახლა არჩევნებში მონაწილოება არის ავტორიტარიზმის შეფერხების მნიშვნელოვანი ბერკეტი, სანამ პარტნიორების სანქციები წამოგვეწევა. ჯერჯერობით იქაც პრობლემაა, კონსენსუსი არ დგება ევროკავშირში და ოპოზიციას ამ მხრივაც აქვს სამუშაო", - განაცხადა ძაბირაძემ.
მმართველი პარტიისა ოპოზიციისა და რეიტინგები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ დაკავებების სერიის ფონზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის რეიტინგებში დიდ ცვლილებას არ ელოდება.
„ძნელი სათქმელია რეიტინგებზე როგორ იმოქმედებს. საზოგადოების ნაწილი აცხადებს - რას აკეთებს „ოცნებაო", მაგრამ, ამავე დროს, ბევრი იცავს მას - „ოცნება" კანონს მიჰყვებაო. ასევე გაიყოფა. იქნებიან ადამიანები, რომლებიც „ოცნების" რეიტინგს დაემატებიან, როგორც კანონის მომხრეები და ანალოგიური გადანაწილება იქნება ოპოზიციის ფლანგზეც. რეიტინგის მომატება-დაკლების ერთნაირ ალბათობით ვვარაუდობ, რომელიმე მიმართულებით დიდ გადაქანებას არ ველოდები", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ დაკავებები ხელისუფლების რეიტინგზე ნეგატიურად აისახება, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშავს, რომ ოპოზიციის რეიტინგზე პოზიტიურად იმოქმედებს.
„ხელისუფლების რეიტინგზე ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომატურად პიზიტიურად იქნება ასახული ოპოზიციის რეიტინგზე. ნეიტრალური ამომრჩევლის რაოდენობა გაიზრდება და ეს რაღაც დრომდე დარჩება. შემდეგ, თუ ოპოზიციას სურს, რომ ამომრჩეველი მისკენ გადავიდეს და რადგანაც დღეს ეს ამომრჩეველი არაა იმისთვის მზად, რომ ქუჩაში გამოვიდეს, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს იმ ნაწილში, რაშიც ის მზაობას გამოხატავს - მზაობას გამოხატავს არჩევნებთან დამოკიდებულებაში.
„აგრესია კი იზრდება, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ქუჩის პროტესტში გადავიდეს, ამიტომაც ეს ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს და არჩევნებში ჩაერთოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
საგარეო ზეწოლა
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ „საგარეო ფლანგიდან" გაკეთებული განცხადებები ქვეყნის შიგნით ამომრჩევლების განწყობილებებზე უკვე დიდად აღარ მოქმედებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ გარედან ზეწოლა აუცილებლად იქნება.
„გარედან ზეწოლა აუცილებლად იქნება. თუ ირან-ისრაელის ომი ისე სწრაფად დასრულდა, როგორც ამას ტრამპი ამბობს, ეს ნიშნავს, რომ შემდეგ მთელი ძალები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გადაერთვება, რომელშიც, გვინდა თუ არა, ჩვენც მოვიაზრებით.
„ამასთანავე, იყო რუსეთის საგარეო უწყების მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ნატო-ს გავლენაზე ლაპარაკობდა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაზე. ანუ, მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ შეიცვლება. ირან-ისრაელის ომის დასრულება ნიშნავს, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდება იზოლაციაში. რუსეთმა ირანს დახმარებაზე უარი უთხრა და ამას ირანიდან პასუხი აუცილებლად მოჰყვება", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე