პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახლა უკვე 2 ივლისამდე აქვს ვადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია პროკურატურას მიმართავს. მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ გახარია არც 2 ივლისს არ იქნება თბილისში. მათთვის გაუგებარია რატომ ამბობს კომისია გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე უარს და რატომ ითხოვს მისგან ფიზიკურად კომისიის სხდომაზე მისვლას. ყოველივე ამან და სხვა გარემოებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ექსპრემიერი, შესაძლოა, არც აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად გაიქცა.
გიორგი გახარია ერთხელ უკვე იმყოფებოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მაშინ საქმე ეხებოდა 20 ივნისის აქციის დარბევას. ამჯერად კი ექსპრემიერი უკვე 2019 წლის ჩორჩანას მოვლენების გამო დაიბარეს. მაშინ გახარიას შს მინისტრის თანამდებობა ეკავა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ერპიროვნულად მიიღო ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება, რითაც ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გახარია კომისიის სხდომაზე 23 ივნისს იყო დაბარებული და შესაბამისი შეტყობინება მას 16 ივნისს გაეგზავნა. 22 ივნისს კი ექსპრემიერმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც წერდა, რომ არ იმყოფება თბილისში და მზადაა კომისიას ჩვენება დისტანციურად მისცეს. ეს კი უკვე კომისიისათვის აღმოჩნდა მიუღებელი.
23 ივნისს კომისიამ საკითხს კენჭი უყარა გახარიას საკითხს და ექსპრემიერს დამატებითი დრო მისცა - სხდომაზე მის გამოცხადებას ახლა უკვე 2 ივლისს ელოდებიან.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ „გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი".
ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა და აღარ დაბრუნდება, რასაც გახარიას პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ.
ეჭვების საფუძველი
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიზე გამოუცხადებლობისათვის უკვე 4 ოპოზიციონერ ლიდერს მიესაჯა პატიმრობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 7-7 თვეს გაატარებენ ციხეში, „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი - 8-8 თვეს. გარდა ამისა, ყოველ მათგანს 2 წლით აკრძალული აქვთ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.
წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის განაჩენს ელოდება კიდევ 3 ოპოზიციონერი - ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე პარტია „ახალის" თანადამფუძნებლები - ნიკა გვარამია და ნიკა მელია. მათ თავიდან აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე სამივემ უარი თქვა, რის შემდეგაც გირაო წინასწარი პატიმრობით შეეცვალათ. ამასთან, მელიას დამატებითი ბრალდებაც აქვს წაყენებული - მოსამართლის შეურაცხყოფა. მან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს წყალი შეასხა.
რაც შეეხება გახარიას, თუ ის კომისიაზე 2 ივლისსაც არ გამოცხადდა, დიდი ალბათობით, ამის გამო მის წინააღმდეგაც აღიძრება საქმე. თუმცა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ექსპრემიერს შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემებიც შეექმნას.
2019 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რა საკითხზეც გახარიას ამჟაბად იბარებენ წულუკიანის კომისიაზე, პროკურატურას საქმე აქვს აღძრული - საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება. ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია და საქმის მთავარი ფუგურანტი სწორედ გახარიაა, რომელსაც 2019 წლის ამ მოვლენების დროს შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.
გახარიასთვის ამ საქმეზე ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ. ის არც პროკურატურაში დაუბარებიათ გამოკითხვაზე. თუმცა, თუკი გამოძიების მსვლელობისას მას ბრალი წაუყენეს და სასამართლომაც დამნაშავებ ცნო, ექსპრემიერს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ექსპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით კითხვებს გაურბის. მის პარტიაში კი ამბობენ, რომ ის მზადაა, ნებისმიერ კითხვას დისტანციურ რეჟიმში უპასუხოს.
სად არის გახარია
გახარიას პარტიაში ზუსტად არ ასახელებენ, სად იმყოფება მათი ლიდერი, თუმცა ამბობენ, რომ საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც საგამოძიებო კომისიას არ უთანხმებს. ასევე, უცნობია როდის დაბრუნდება ის საქართველოში, თუმცა გამორიცხავენ, რომ ის საქართველოდან გაიქცა.
„გიორგი გახარიას არავისთან დასამალი არაფერი ჰქონია. ის პირველივე სხდომაზე მივიდა და ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. მას სრულად აუხსნელი მიზეზის გამო დისტანციურად ჩართვაზე უარს ეუბნებიან. ისინი გიორგი გახარიას ქართული მიწის მშვიდობიანად დაცვაში ედავებიან. მან მშვიდობიანად შეაჩერა მცოცავი ოკუპაცია საკუთარ მიწაზე. რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს არამხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, არამედ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ქრონიკა. დადგება ყველას პასუხისმგებლობა. ხელისუფლება უკვე შეშლილია, ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ. ისინი თვითონ აუცილებლად გადაიჩეხებიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ.
„გიორგი გახარია საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც არ ვუთანხმებთ კომისიას. კომისია შეუძლია გამოსაკითხი პირი დისტანციურად ჩართოს. ასეთი შემოთავაზება გიორგი გახარიამ პირველივე შეხვედრის დროს მიიღო. მას პასუხების გაცემაზე პრობლემა არ აქვს. სისულელეა ის, რომ გიორგი გახარია გაიქცა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდება. მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა", - განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
„ოცნების" პოზიცია
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გახარიამ ქვეყანის ტერიტორია სწორედ მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტო კომისიაზე დაიბარეს.
„ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებისგან თავს იკავებს გიორგი გახარია. იმიზეზებს, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. დღეს საგამოძიებო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და გადაავადა მისი გამოცხადება, მისცა შესაძლებლობა, რომ 2 ივლისს გამოცხადდეს.
„რაც შეეხება თავად საკითხს, გვიმტკიცებდნენ გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს მათ ასეთი ქცევით შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია. სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო. აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ მაშინ ჩაატარა.
„სხვათა შორის, წინა ჯერზე, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად ჩორჩანის ტყეში ჩაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომისია გახარიას დაელოდება და არანაირი პრობლემა არ არის.
„მე როგორც ვიცი, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა, კომისიას შეუძლია დაელოდოს როდესაც დაბრუნდება. კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც საქართველოში დაბრუნდება, შეუძლია მივიდეს და უპასუხოს კითხვებს. რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს. დეტალები არ ვიცი. რასაც ვისმენთ და ვხედავთ, თუ სიმართლეა, ძალიან მძიმეა", - განაცხადა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე