ნატალია ჯვარიძე
(24.06.2025)

ქართულ ოპოზიციაში თანდათან იზრდება იმედგაცრუება ევროკავშირის ქმედებების გამო და ამას ზოგჯერ უკვე საჯაროდაც გამოხატავენ. ამაზე მიუთითებს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება სოციალურ ქსელში გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის მიერ გაკეთებულ პოსტზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ სრულად დაკარგოს დასავლეთის მხარდაჭერა, თუმცა ამჟამად ეს მხარდაჭერა „მილევად რეჟიმშია", რასაც თავისი მიზეზები აქვს.

„ერთი პრობლემატური საკითხი არის ის, რომ დასავლეთში ბევრს ჰგონია, თითქოს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" ქმედებებს მხარს უჭერს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ამას არავინ არ იტყვის, მაგრამ შეიძლება აქაც რაღაც პასიურობასთან გვქონდეს საქმე დასავლეთის მხრიდან", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსესუსს ვერ აღწევენ, თუნდაც პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა იმოქმედონ: „მოსალოდნელია ცალკეულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები, ცალკე და არა ევროკავშირის სახელით შეგვიწყვიტონ უვიზო მიმოსვლა".

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ორშაბათს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი", - წერს მარტა კოსი.

მის ამ პოსტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მარტა კოსის პოსტის კომენტარში.

ოპოზიცია დასავლეთის მხარდაჭერას კარგავს?

პეტრე მამრაძეს ნაკლებად ჰგონია, რომ, გარკვეული მიზეზების გამო, ოპოზიცია დასავლეთის მხარდაჭერა სრულად დაკარგავს, თუმცა, მისი შეფასებით, ახლა ეს მხარდაჭერა მილევად რეჟიმშია.

„ახლა რომ ვთქვათ, რომ ოპოზიცია დასავლეთის მხადაჭერას სრულიად დაკარგავს, ასე არაა. ეს ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია საერთოდ პოლიტიკური სივრციდან უნდა გაქრეს. ეს იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკური მხადაჭერით საზრდოობენ. ასე რომ, არც ერთი მათგანი ამაზე არ წავა.

„მეორე - დრო გადის, რესურსი იწურება და ისინი თავიანთ გამოცხადებულ მიზანს ვერ აღწევენ, ხალხი ხელიდან ეცლებათ. დასავლეთი ამ ყველაფერს ხედავს და რაღანაირად მილევადი რეჟიმი არის. თან ხალხში საპროტესტო მუხტი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის. თუმცა ის, რომ ერთად დადგნენ და თქვან, ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას დასავლეთთან, რადგან ჩვენი იმედები არ გაამართლაო, არ იქნება.

„თვითონ დასავლეთიდან მხადაჭერის შეწვეტაზეც ჩიხია. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ანტიეროვნულ ძალებზე, რომლებიც ათას დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. გაიხსენეთ, რას ამბობდნენ სააკაშვილზე - ან გაათავისუფლებთ მას და შეხვალთ ევროკავშირში და ან არაო. ისინი თავიანთი თავის წინააღმდეგ არ წავლენ, მაგრამ მილევადი რეჟიმი გაგრძელდება", - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ არის გარკვეული პრობლემები, რის გამოც დასავლეთი არ აქტიურობს.

„ჩემი აზრით, საერთო ჯამში ოპოზიცია დასავლეთის მხადაჭერას არ კარგავს. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ იქ უნგრეთი და ნაწილობრივ სლოვაკეთი გარკვეულ გადაწყვეტილებებს ბლოკავენ.

„მეორე მიზეზი მდგომარეობს ალბათ იმაში, რომ დღეს, ერთის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, მეორეს მხრივ ირან-ისრაელის დაძაბული ვითარებაა და შესაბამისად, თითქოს ევროკავშირი გადართულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე. ასე ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია დასავლეთის მხადაჭერას კარგავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო უნდა გააქტიურდეს. თუ კონსესუსს ვერ მოახდნენ, ალბათ ცალკეული ქვეყნები აამოქმედებენ საქნციებს.

„ალბათ კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი არის ის, რომ დასავლეთში ბევრს ჰგონია, თითქოს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" ქმედებებს მხარს უჭერს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ამას არავინ არ იტყვის, მაგრამ შეიძლება აქაც რაღაც პასიურობასთან გვქონდეს საქმე დასავლეთის მხრიდან", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.

რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის განცხადება

პეტრე მამრაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, გაფართოების საკითხებში მინისტრის მისამართით, არასერიოზულად აღიქვამს.

„მე ადრეც მითქვამს - სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატური ადამიანია, პათოლოგიური და ეგოისტი. ის რომ აწონ-დაწონილად რაღაცას იტყვის, არ არსებობს. ამიტომ ამ კომენტარის პრაგმატულ გამართლებას ვერ ვპოულობ, არასერიოზულია", - თქვა მამრაძემ.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ დასავლეთი უფრო გაააქტიუროს.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის მიმართ მოთხოვნა არის. ანუ, ჩვენ აქ ვიბრძვით, ხალხი დასახიჩრებულია, დაჯარიმებულია და რაღაც კონკრეტული ქმედება არ არსებობს თქვენი მხრიდანო. ეს იმისათვის, რომ დასავლეთს უფრო მეტი სტიმული მიეცეს, რათა დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები", - აღნიშნა ჩიტაძემ.

უნდა ველოდოთ თუ არა ევროკავშირისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს

პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერჯერობით რაიმე ნაბიჯს არ უნდა ველდოთ.

„ჯერჯერობით ევროკავშირში კონსენსუსს ვერ ახდენენ, თუნდაც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე. აქ უფრო მოსალოდნელია ცალკეულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები, ცალკე და არა ევროკავშირის სახელით შეგვიწყვიტონ (საქართველოს) უვიზო მიმოსვლა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკა და თუ ამას ვინმე გაბედავს, ისინი ყველაფერზე წამსვლელი არიან", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი საბოლოოდ კონსენსუსს მიაღწევს და სანქციებს შემოიღებს.

„ჩემი აზრით, სანქციები ამოქმედდება. საბოლოო ჯამში ამ კონსესუსს მიაღწევენ. პირველ რიგში „ოცნების" წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს ანგარიშებს დაუბლოკავენ. სავიზო რეჟიმს რაც შეეხება, აქ ორივე ვარიანტი განიხილება - ერთი ის, რომ ეს საკითხი უშუალოდ „ოცნების" წევრებისთვის განიხილონ, ან საერთოდ ვიზაც არ მისცენ და მეორე, გამორიცხული არ არის, საქართველოსაც შეჩერონ სავიზო რეჟიმი გარკვეული დროის განმავლობაში. ორივე საკითხი დევს მაგიდაზე და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე