თამთა ჩაჩანიძე
(23.06.2025)

ბრიუსელში საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კვლავ კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა, როგორც ბლოკის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა სხდომის შემდეგ განაცხადა, განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები და ევროკავშირი მზადაა პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდავი ზომები განიხილოს.

„დღეს მინისტრებმა განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ", - განაცხადა კაია კალასმა 23 ივნისის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს საკითხის გარდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა განიხილეს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები.

საკითხის გახილვამდე "რადიო თავისუფლებამ" გამოქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ექვსპუნქტიანი სამუშაო ვერსია.

წყაროს ცნობით, საუბარია ევროკავშირის მხრიდან "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან ყველა სახის პოლიტიკური ურთიერთობის შეწყვეტაზე, ევროკავშირის საქართველოს დასახმარებლად განკუთვნილი პროექტების, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გრანტებითა და სესხებით დაფინანსებული პროექტების შეწყვეტაზე და, დამატებითი შემზღუდველი კანონმდებლობის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტების შედგენაზე. აქვე საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის სავიზო შეზღუდვები.

რას გადაწყვეტს ევროკავშირი საქართველოს მიმართ

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანქციები ყველა შემთხვევაში მოსალოდნელია ოპოზიციის ლიდერების დაკავება "ბოლო წვეთი" იქნება ამ კუთხით.

"ქართული ოცნება" მარტო ევროკავშირს კი არა, არამედ არცერთ დასავლურ ინსტიტუტს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რაღაცა დარეგულირდეს და რაღაცა დიალოგის გზით გადაწყდეს. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, სანქციების გამკაცრება მოყვება. სამწუხაროდ ევროკავშირის მხრიდან შეიძლება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა მოჰყვეს და საბოლოო ჯამში, სხვა სანქციებიც გამორიცხული არაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დააზიანებს.

"ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება არის უკვე ბოლო წვეთი, რომელსაც უკვე ევროკავშირი აღარ გადაყლაპავს და არც ამერიკა. ალბათ ამერიელები "მეგობარი აქტის" საბოლოო მიღებასაც დააჩქარებენ",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის გარკვეული ქვეყნები საქართველოს მიმართ უსამართლოები არიან.

"ეს არის დიდი უსამართლობა, როცა ევროკავშირში საქმე აქამდე მივიდა, ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია და დემონსტრირება იმ დეგრადაციისა, რაც ამ წლების განმავლობაში ევროკავშირში მიმდინარეობს და რაზედაც დასავლეთის ცნობილმა მეცნიერებმა არაერთხელ გაანალიზეს და დაწერეს.

"უსამართლობაა ყველა მიმართულებით, რადგან რასაც საქართველოს აბრალებენ, ყველაფერი ტყუილია, ხოლო ობიექტური პარამეტრებით - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ა.შ. საქართველოში უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ევროკავშირის ბარე 12 ქვეყანაში 27-ში თუ არა. არის საკითხები, რომელიც კონსენსუსს ითხოვს, ახლა მიდის ბრძოლა შიგნით, რომ ეს მოიხსნას და შეიძლებოდეს გარვეული გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება.

"დგება საკითხიც, რომ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მივიღებთო როგორიცაა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტასა და სხვა ზომებს, ეს შეიძლება იყოს. ერთი სიტყვით, ევროკავშირის საკმაოდ დიდი ნაწილი, სააკაშვილის ლობისტებისა და ამ პოლიტიკოსების გავლენით ასეთ დესტრუქციულ გზას დაადგა, რაც თვითონ ევროკავშირისთვისაა ძალიან ცუდი.

"ეს მეტყველებს ევროკავშირის დეგრადაციაზე, იმაზე, რასაც შესანიშნავი მოღვაწე და ევროპარლამენტის წევრი და ბელგიის ყოფილი პრემიერი ვერჰოფშტადტი წერდა, სტატიას ერქვა - "ამოვაშროთ ევროკავშირის ჭაობი". ეს დაიწერა 6-7 წლის წინ და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამოშრობის ნაცვლად ჭაობი გაღრმავდა და გაფართივდა, მაგრამ საქართველოს რაიმე არსებით ზიანს ვერ მიაყენებენ.

"ამ ეტაპზე ნამდვილად შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ბალტიისპირეთი, პოლონეთი მიიღონ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად (ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე). ნაკლებადმოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება მთელმა ევროკავშირმა მიიღოს.

უნდათ, რომ მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინონ, მაგრამ ბევრს ესმის, რომ ეს უფრო ხალხის დიდ ნაწილს განაწყობს ევროკავშირის წინააღმდეგ. ეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის დისკრედიტაციას მოემსახურება და არა პირიქით",- განაცხადა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან".

რას აცხადებდნენ ევროპელი ლიდერები შეხვედრის დაწყებამდე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ ლიეტუვა სთავაზობს ექვს პუნქტს თუ როგორ გაგრძელდეს მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად.

კითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიეტუვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა: „მე მათ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ".

„სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრების შეხვედრამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება და კვლავ დადებს მაგიდაზე სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ. მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას", - აღნიშნა კაია კალასმა.

"სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში, „ევროსკოპის" რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვაზე საპასუხოდ.

„ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ მათ სურვილს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა", - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე