„ქართული ოცნება" „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის მკვეთრ ცვლილებებს გეგმავს - პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს სიტყვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარანტიებს: ქრება ჩანაწერები კვალიფიციური პრივილეგიებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მკაცრი სტანდარტების შესახებ, რასაც კრიტიკოსები მედიის და საზოგადოების თავისუფალი აზრის გამოხატვის სერიოზულ საფრთხედ აფასებენ.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში „ოცნების „ დეპუტატებმა 23 ივნისს დააინიცირეს, ხოლო მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ცვლილებები მოიაზრებს:
1 უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.
2 უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი - გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო - მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.
რაც ყველაზე საყურადღებოა, პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, კანონპროექტი მოპასუხეს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა.
საინტერესოა ისიც, რომ კანონის დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ამბობს, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს მუხლიც უქმდება.
გარდა ამისა, უქმდება "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას განსაზღვრავს.
კერძოდ, კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ: - მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად;
იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ამავე კანონის პროექტით, ცილისწამების საქმის განხილვის ვადებსაც ეხება, კონკრეტულად - ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადა 10 დღემდე მცირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე