ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ირანელი ხალხის დასახმარებლად.
„ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს. ჩვენ ირანთან დიდი ხნის, კარგი და სანდო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ ირანელ ხალხს", - აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ამასთან, „როიტერის" ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მოსკოვში გაგზავნა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის მხრიდან დამატებითი დახმარება ეთხოვა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შემდეგ.
გამოცემას ირანულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ხამენეის წერილი უნდა გადასცეს, სადაც ის მხარდაჭერას ითხოვს.
ირანული წყაროების ცნობით, ირანი რუსეთის მხარდაჭერით, ჯერჯერობით, აღფრთოვანებული არ არის და ქვეყანას სურს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს მის მხარდასაჭერად ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ამასთან, გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა დახმარება სურს თეირანს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს პუტინთან სერიოზული მოლაპარაკება ჰქონდა. როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ყოველ შემთხვევაში შეიარაღებასა და საბრძოლო დახმარებაზეა საუბარი.
მართალია პუტინმა თქვა, რომ არავითარ სამხედრო დახმარებას არ აპირებდა, თუმცა ვიცით, რომ პუტინი ძალიან დიდი მანიპულატორია და მისი არაფერი დაიჯერება - ყოველთვის ერთს იძახდა და მეორეს აკეთებდა. ასე რომ, მისი სიტყვები და ოფიციალური დეკლარაცია არაფერს ნიშნავს.
ფაქტია, რომ რადგან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ერევანში ჩავიდა, რუსეთი დათანხმდა თავისი ე.წ. სამოკავშირეო მოვალეობის შესრულებას და უბრალოდ სომხეთში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რათა გაარკვიოს დეტალები, როგორ მოხდება სატრანზიტო კორიდორის ამოქმედება. სხვათაშორის, მე ამას მას შემდეგ ვამბობდი, რაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და მგონი ეს პროგნოზი სრულდება კიდეც", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე