შესაძლოა მალე ნავთობის გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი ჩაიკეტოს - აშშ-ს სახელწმიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთს მოუწოდებს, რომ ხელი შეუშალოს ირანს ორმუზის საზღვაო მარშრუტის დახურვაში. მანამდე ირანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სრუტე ჩაიკეტოს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ ეს საბოლოოდ დამტკიცდა, ამას ნეგატიური შედეგები მოჰყვება, ნავთობზე ფასის ზრდით გამოწვეული.
22 ივნისს ირანის პარლამენტმა ორმუზის დახურვის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, ირანელმა კანონმდებელმა, ესმაილ კოვსარიმ განაცხადა, რომ ესაა "ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ". საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს.
უნდა აღინიშნოს, რომ გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტე ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორისაა, რომლის ჩრდილოეთ ნაპირზე ირანია, ხოლო სამხრეთით არაბთა გაერთაინებული საამიროები და ომანის ადმინისტრაციული ერთეული მუსანდამი. სრუტე უსრუნველყოფს სპარსეთის ყურის ექსპიორტს დანარჩენ მსოფლიოში, რისი მეშვეობითაც ყოველდღიურად დაახლოებით 17 მლნ ტონა ნავთობი გადააქვთ. ეს არის მსოფლიოში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების 40% და მთლიანი გადაზიდვების 20%.
როგორ აისახება ორმუზის ჩაკეტვა მსოფლიოსა და საქართველოზე
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, თითქოს ირანს სურს, რომ სანავთობო კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა 1973 წლის სცენარი მოსალოდნელი არაა.
"საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე, ორმუზის სრუტის მეშვეობით ნედლი ნავთობის დაახლოებით 30% გადის, ამიტომაც საერთაშორისო ნავთობის მიწოდებაზე ნეგატიურად აისახება, რომელიც ფასების ზრდას შეუწყობს ხელს. საქართველო თითქმის 100%-ითაა დამოკიდებული იმპორტულ ნედლ ნავთობზე, შესაბამისად, ნავთობრიდუქტებზე ფასების ზრდა საქონლის თვითღირებულებაზე აისახება.
"ჩინეთი ირანის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია და რამდენად დაუშვებს ის, რომ სრუტე დაიკეტოს. ამასთან, ირანის ეკონომიკა ნავთობზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული - სხვადასხვა მონაცემებით, მისი ნავთობის სავარაუდო რეზერვები 12-13 მილიარდ ტონადაა შეფასებული. აქედან გამომდინარე, სრუტის გადაკეტვა თავად ირანსაც აზარალებს და საკითხავია ამაზე რამდენად წავა.
"თითქოს ირანს სურს, რომ მსოფლიო სანავთობო კრიზისი გამოიწვიოს, მაგრამ არ გამოუვა ის, რაც ოპეკმა 1973 წელს გააკეთა, როდესაც წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება შეამცირეს და მსოფლიო ნავთობზე ფასები დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა. ამასთანავე, იქ სხვა ქვეყნებიცაა იგივე საუდის არაბეთი, კატარი და ა.შ.
"არაა გამორიცხული, რომ თუ ირანმა სრუტე საკუთარი გემებით გადაკეტა, ამ გემების დაბომბვა მოჰყვეს. არ გამოვრიცხავ, რომ როდესაც აშშ ბირთვულ ობიექტებზე დატყმის გეგმა დაამტკიცა, მოსალოდნელი საფრთხის პრევენციებზეც ყოფილიყო მუშაობა, მათ შორის ორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვაზე.
ერთ-ერთი სცენარი შესაძლებელია ისიც მოიაზრებოდეს, რომ თუ სრუტის გადაკეტვა გარდაუვალი გახდა, ალტერნატიულ გზების კუთხით, აშშ-მა გახსნას საკუთარი სტრატეგიული მარაგები, მათ შორის ალიასკაზე, ტეხასის, პენსილვანიის, ნიუ მექსიკოს შტატებში.
"არაა გამორიცხული, რომ ამერიკამ საერთაშორისო ბაზარს ნედლი ნავთობი მიაწოდოს. მაგალითად ფიქალური გაზი, რომლის გათხევადება ხდება. აღნიშნულს დრო დასჭირდება, მაგრამ თუ კრიზისი გარდაუვალი აღმოჩნდა, ეს შესაძლებელია. გარდა ამისა, იქ ალტერნატიული გზებიც არსებობს, რომ ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა წითელი ზღვის მეშვეობით ინდოეთის ოკეანეში ნავთობის ექსპორტი განახორციელონ.
"სხვათა შორის, ტრამპის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ამერიკას სტრატეგიული მარაგები გაეხსნა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტაგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორმუზის სრუტე კომუნიკაციების მნიშვნელოვანი ჰაბია და მისმა დაკეტვამ შესაძლოა ეკონომიკურ კრიზისამდეც მიიყვანოს გარკვეული ქვეყნები და გლობალური ნეგატიური გავლენა ჰქონდეს.
"ორმუზის სრუტეში გადის მთელი სატრანზიტო კომუნიკაციების დაახლოებით 40%, ნავთობი 30%-ს შეადგენს გაზის 20%-ს. საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური ჰაბია. აქვე გადის ჩინეთის "ერთი გზა - ერთი სარტყელის" საზღვაო მონაკვეთი და თუ ეს გადაიკეტა, ჩავთვალოთ, რომ სერიოზული ენერგეტიკურლი კრიზისი, ენერგეტიკულ შოკამდეც კი მივიდეს.
"ჩვენთან ჯერ ერთი, საწვავის ფასი გაიზრდება, მაგრამ თუ საზღვაო გადაიკეტება, სახმელეთო გადაზიდვების მოთხოვნა გაიზრდება და შეიძლება უფრო გაიზარდოს შუა სატრანზიტო დერეფნის როლი და ჩინეთიდან წამოსული "ერთი გზა- ერთი სარტყელის" ფარგლებში შეიძლება იმატოს სატვირთო გადაზიდვებმა, თუმცა ამისთვის ჩვენ რამდენად ვართ მზად, ეს მეორე საკითხია, ჩვენი გზა შესაძლოა ამდენი ტვირთის გადაზიდვას ვერ აუვიდეს, შესაძლებელია კოლაფსიც შეიქმნას.
"ჩვენ გვქონდა დრო, რომ ეს გამოგვესწორებინა, მაგრამ წინა და დღევანდელი ხელისუფლების ლუარსაბ თათქარიძისეულ პოლიტიკა დღემდე ძალიან ცუდად აისახა. რაც შეეხება გლობალურ დონეზე, სანავთობო კრიზისმა შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდეც მიიყვანოს საქმე.
"ვფიქრობ ირანი საბოლოოდ სრუტეს ჩაკეტავს, დღეს ირანისა და ჰუსიტების მხრიდან ორმუზის ჩაკეტვა უფრო იოლია. არ გამოვრიცხავ ამერიკამ ამის წინააღმდეგ გარკვეული ოპერაცია წამოიწყოს, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, ეს სხვა საკითხია. ორმუზი საკმაოდ ვიწროა, თან, გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო, შესაძლოა ამერიკა-ისრაელისთვის არამომგებიანი იყოს აქ მოქმედება.
"ორმუზის გადაკეტვით, ფაქტიურად საზღვაო კომპონენტი ეკეტება და უკვე ის მომენტი დადგება, რომ სახმელეთო კორიდორები გამოიყენოს. ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, არაა გამორიცხული პეკინმა ჩრდილოეთიდან არქტიკის გზაც გამოიყენოს. ჩინეთმა დაგმო ირანზე თავდასხმა, მაგრამ რა ნაბიჯებს გადადგამს უცნობია.
"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც რუსეთში ჩავიდა და კონსულტაცებს დაიწყებს, როგორც ჩანს, რუსულ მხარეს უკვე მოსთხოვენ, რომ ის ვალდებულება შეასრულოს, რომელიც 2024 წელს რუსეთმა გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, რომელიც რატიფიცირებულია ორივე მხარის მიერ და ძალაშია. ამას ხუთი საიდუმლო პროტოკოლი დაამატეს, ეს პროტოკოლები რას მოუცავენ, ესაა საინტერესო",-განაცხადა მაისაიამ.
კითხვაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას აშშ-მა ორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში და ექნებოდა თუ არა მოსალოდნელ საფრთხეებში სრუტის დაკეტვა და ამაზე პრევენციული ზომები გათვალისწინებული ბირთვულ ობიექტებზე დატყმის გეგმაში, ანალიტიკოსმა გვითხრა:
"ჩემი აზრით, ამერიკელებსაც ბოლომდე არ ჰქონდათ ეს მომენტი გათვლილი და როგორც ჩანს, ეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა, რადგან დღეებისა და საათების საკითხი იყო - ირანელები ბირთვული აფეთქების გამოცდას და ბირთვული კლუბის წევრობაზე პრეტენზიის წამოყენებას აპირებდნენ. საერთოდ ტრამპის ადმინისტრაციას სტრატეგიული გათვლები ნაკლებად ახასიათებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
რას ამბობს აშშ-ს სახდეპი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, ხელი შეუშალოს ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის დახურვაში.
„მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, დაუკავშირდნენ მათ (ირანს) ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით. თუ ისინი [სრუტეს დახურავენ] ეს მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება. ჩვენ გვაქვს მოგვარების ვარიანტები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა განიხილონ ეს საკითხი. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკას გაცილებით უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ჩვენსას", - აღნიშნა რუბიომ "ფოქს ნიუს"-თან ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პარლამენტმა სრუტის დახურვის გეგმა დაამტკიცა. ამასთან, ირანული მედიის ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო იღებს.
"ბი-ბი-სი" წერს, რომ ნავთობის მიწოდების ნებისმიერ შეფერხებას ღრმა შედეგები მოჰყვება ეკონომიკაზე. კერძოდ, ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია მსოფლიოში და მჭიდრო ურთიერთობა აქვს თეირანთან.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, "ბრენტ"-ის მარკის ნავთობის ფასმა კი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
როგორც "ბი-ბი-სი"-ი წერს, იმის გამო, რომ მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% ჰორმუზის სრუტეზე გადის, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ნავთობისა და გაზის მსხვილი მწარმოებლები რეგიონიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის ამ მარშრუტს იყენებენ. სრუტეში ოპერაციების ჩაშლის ნებისმიერმა მცდელობამ შესაძლოა ნავთობის გლობალური ფასები მკვეთრად გაზარდოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე