შავი ზღვა უნიკალური და გეოგრაფიულად განსაკუთრებულია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი და იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.
ბოლო ათწლეულებში შავი ზღვა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის აღსანიშნავია წყლის მყარი ნარჩენებით დაბინძურება. ბოლო 20 წლის განმავლობაში პლასტმასის მოხმარების მატებასთან ერთად, როგორც ზღვებში, ისე ოკეანეებში მყარი ნარჩენების ოდენობა ასჯერ გაიზარდა. ყოველწლიურად ოკეანეში ხვდება დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასი. წრიული დინებები მის კონცენტრირებას გარკვეულ ადგილას ახდენენ და შედეგად წარმოიქმნება „ნაგვის კუნძულები“. შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით მეტად დაბინძურებულია, მასში ჩამდინარე დიდი მდინარეების შენატანის და ზღვის შედარებით ჩაკეტილობის გამო. შავ ზღვაში ნაგვის 85% შეადგენს სხვადასხვა ტიპის პლასტმასის ფრაგმენტებს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების და ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად თანდათან იშლება მცირე ფრაგმენტებად და ილექება წყლის ფსკერზე, სადაც ბინადრობენ წყლის ორგანიზმები. თუმცა, ყველაფერი რაც ზღვაში ხვდება, განიხილება როგორც ჰიდრობიონტების საცხოვრებელ ადგილად, რომელშიც ილექება წყალმცენარეები, ემაგრება მოლუსკის ლავრები, ან ჩნდება მცირე ზომის კიბორჩხალები და სხვა ცხოველები. თუმცა პლასტიკის მავნე ზემოქმედება ამით არ კომპენსირდება.
შავი ზღვის დაცვა მხოლოდ ერთი ქვეყნის საქმე არ არის, ამიტომ, შავი ზღვისპირა ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგსა და კვლევებს. ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება სხვადასხვა ტიპის პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ნაპირული ურბანული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და დაბინძურების შემცირებას.
შავი ზღვის კონტინენტური შელფის და მისი სანაპირო ეკოსისტემების კვლევისა და მონიტორინგის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო თურქ და რუმინელ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“, რომელიც ატარებს ინოვაციურ ხასიათს და მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში მობილური სადგურებიდან და არსებული ბაზებიდან მონაცემების შეგროვებისა და გაზიარებისათვის სტანდარტიზებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნას. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საზღვაო გარემოს ძირითადი პარამეტრების ტემპერატურის, მარილიანობის, ჟანგბადის დონის და ზღვის ფსკერის მახასიათებლების უწყვეტ მონიტორინგს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების მობილური მრავალსენსორული კვლევითი სადგურის შეძენა.
სააგენტო, ასევე, შავი ზღვის კვლევის მიმართულებით, ევროკავშირის პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ თანადაფინანსებით, ახორციელებს პროექტს -„ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“, რომლის ფარგლებშიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში შექმნილი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრების ქსელი ერთმანეთთან ციფრული პლატფორმის საშუალებით იქნება დაკავშირებული. აღნიშნული პროექტის მიზანია, მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.
გარდა ამისა, მიმდინარე პროექტის „ექსპერიმენტული ფსკერული ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ ფარგლებში ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზში მეთევზეობის მართვის რეგიონული ორგანიზაციის - ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით შავი ზღვის რეგიონში, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით მიმდინარეობს სტანდარტიზებული საერთაშორისო ფსკერული კვლევები (iBotS), რომლებიც მიზნად ისახავენ შავი ზღვის პრიორიტეტული ფსკერული სახეობების (კატრანი, კამბალა, ხონთქარა და მერლანგი) შესახებ მონაცემთა შეგროვებას და მარაგების შეფასების მეთოდების ჰარმონიზაციას. ხელსაწყო ზღვის სხვადასხვა სიღრმეებზე მაღალი სიზუსტის სინჯების აღების საშუალებას იძლევა. აღნიშნული კვლევების საფუძველზე მოგროვებული ახალი მონაცემები გადამწყვეტი იქნება მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა, უფრო ზუსტად შეფასდება ფსკერული სახეობების რეალური რაოდენობა ზღვაში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარაგების მდგრადი მართვისთვის.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისა და მისი მდგრადი გამოყენებისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის გარდა, გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს კვლევის ისეთი მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია, ჰიდრობიოლოგია, წყლის ბიომრავალფეროვნება, მეთევზეობა და აკვაკულტურა. სააგენტო, ასევე, იკვლევს ზღვის წყლის ქიმიურ პარამეტრებს.
შავი ზღვის წყლის სინჯებში ისაზღვრება ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები. ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლის 12 სადგურზე (წერტილში) ხორციელდება ბიოლოგიური მონიტორინგი, რა დროსაც ისაზღვრება სარფი-ანაკლიის სანაპირო ზოლში ისეთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ინდიკატორები, როგორიც არის მიკრო წყალმცენარეების ტაქსონომიური შემადგენლობა და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტო მთელი წლის განმავლობაში შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ შავი ზღვა დგას მრავალი ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე, რომელთა გადაჭრა კომპლექსური და ერთობლივი მიდგომით არის შესაძლებელი. მუდმივი კვლევა, მონიტორინგი და მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკა საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ შავი ზღვის უნიკალური ეკოსისტემა და რესურსები მომავალი თაობებისთვის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე