22 ივნისის ღამეს აშშ ღიად ჩაერთო ისრაელი-ირანის ომში. ამერიკულმა ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა ირანის სამ საკვანძო ბირთვულ ობიექტზე, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი. ირანის ხელისუფლება ბოლო დღეებში პრაქტიკულად ღიად აცხადებდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელებდა დარტყმებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, უახლოეს 48 საათში გამოჩნდება, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები - დაიწყება ვითარების დეესკალაცია თუ პირიქით, უკიდურესი გამწვავება და მესამე მსოფლიო ომიც კი.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსეთის ექს-პრეზიდენტის, უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევის გამოხმაურება აშშ-ის დარტყმებზე. მისი თქმით, „არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ".
აღსანიშნავია, რომ დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 ივნისს დაამტკიცა ირანზე დარტყმის გეგმა, თუმცა დარტყმის გადაწყვეტილება არ მიუღია. 19 ივნისს კი ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის მხარეს ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „უახლოესი ორი კვირის განმავლობაში" მიიღებდა, რითაც მიანიშნა, რომ ირანს კიდევ ჰქონდა შანსი განეახლებინა მოლაპარაკება თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
კვირას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.
ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი
22 ივნისის ღამით ამერიკულმა ავიაციამ შეტევა განხორციელდა ფორდოზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ ცენტრებს წარმოადგენენ. თავდასხმების დროს ამერიკის საჰაერო ძალებმა „ბი-2" ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს.
„ბი-2 სპირიტი" აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. ოთხძრავიან „ბი-2"-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული, ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტის (20 ტონა) ტვირთამწეობა და მოქმედების შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.
აშშ-ის საჰაერო ძალებში მხოლოდ 20 „ბი-2" ტიპის თვითმფრინავია, რომლებიც მისურის შტატში, უაითმენის საჰაერო ძალების ბაზაზეა განლაგებული.
თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია.
ამასთან, „სი-ენ-ენს" ოპერაციასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი - GBU-57A/B გამოიყენა, რომელიც „ბუნკერის ამფეთქებლის" სახელითაა ცნობილი.
გარდა ამისა, ის დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ არაბირთვულ ბომბად მიიჩნევა. GBU-57A/B 13.6 ტონას იწონის და 2.7 ტონა ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. „ბი-2" კი აშშ-ის შეიარაღებაში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც GBU-57A/B-ის გადატანა შეუძლია.
დარტყმა ირანზე განახორციელეს „ბი-2" ტიპის თვითმფრინავებმა, რომლებიც მისურის შტატშ მდებარე ავიაბაზა უაიტმენიდან აფრინდნენ და ოფიციალური ცნობით, წყნარი ოკეანის კუნძულ გუმზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა ანდერსონზე მიფრინავდნენ, თუმცა ეს ყალბი მანევრი აღმოჩნდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავებმა ჰაერში რამდენჯერმე შეივსეს საწვავი და 22 ივნისს დაახლოებით ღამის 3-ის ნახევრზე ჩამოაგდეს 6 ბომბი GBU-57A/B ფორდოს თავზე.
რაც შეეხება ირანის დანარჩენ ორ ბირთვულ ობიექტს, რომელიც ისფაჰანსა და ნათანზში მდებარეობს, მათზე იერიში განხორციელდა 30 ცალი „ტომოჰავკის" ტიპის რაკეტებით, რომელიც ამერიკული წყალქვეშა ნავებიდან გაუშვეს.
პირველი რეაქცია
ღამის დარტყმის საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. „სი-ენ-ენი" ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„რამდენიმე ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგიერთი ჩამოინგრა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
დარტყმა დაფიქსირდა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფაშიც.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი.
ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც ირანმა ისრაელზე დღეს დილით თავდასხმის დროს გამოიყენა.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ცნობით, კვირას დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე გამშვები მოწყობილობა დაბომბეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად მზადყოფნაში იყვნენ და ირანელი ჯარისკაცები გაანადგურეს.
ტრამპის საგანგებო მიმართვა და თეირანის პასუხი
ღამის წერტილოვანი დარტყმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანგებო მიმართვი გამოვიდა, რომლის დროსაც მის გვერდით იყვნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.
ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს ღამით ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების მიზანი „ბირთვული საფრთხის" შეჩერება იყო.
„ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
მისივე თქმით, ირანის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: „სიკვდილი ამერიკას", „სიკვდილი ისრაელს". ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, აფეთქებდნენ მათ ხელებს, აფეთქებდნენ მათ ფეხებს. ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ტრამპმა ირანი გააფრთხილა რომ თუ მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს, რაც, მისი თქმით, „რამდენიმე წუთში" შეიძლება განხორციელდეს.
„ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება", - თქვა ტრამპმა საგანგებო მიმართვის დროს თეთრ სახლში.
მისი თქმით, „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა".
მანამდე ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა: „დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში".
მან ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა ამერიკელ სამხედროებს: „მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!"
ამის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ამერიკამ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო".
„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა" აშშ-ის მთავრობას ეკისრება.
„ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას".
ამასთან, „სიენენის" ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს.
როგორ მოიქცევა ირანი
ანალიტიკურ წრეებში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ანალიტიკოსთა ნაწილი სწორად მიიჩნევს ტრამპის გადაწყვეტილებას, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ირანს აიძულებს დათმობაზე წასვლას. სხვები კი ამას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და არ გამორიცხავენ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას.
საბოლოო ჯამში კი ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარს განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
პირველი - ირანმა კონფლიქტის დასასრულებლად პირდაპირ და დაუყოვნებლივ მოლაპარაკება აწარმოოს აშშ-თან. ეს, სულ მცირე, მოითხოვს ირანის მხრიდან სამუდამოდ უარი თქმას ურანის ნებისმიერ შიდა გამდიდრებაზე, მით უმეტეს, ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე. თუმცა აშშ-ის დარტყმის შემდეგ ამას ნაკლებად ელიან.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ირანმა შეიძლება განახორციელოს სიმბოლური სარაკეტო დარტყმები და შემდეგ ეს კრიზისი სწრაფად დეესკალაცისკენ წავიდეს, ვინაიდან ირანის სამხედრო პოტენციალი ამერიკასთან შედარებით ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ირანს ამერიკასთან დაპირისპირება არ სურდეს.
თუმცა სხვები უფრო ფართო რეგიონული ომისა და მესამე მსოფლიო ომის გამო ღელავენ. ფიქრობენ, რომ გამორიცხული არ არის ირანმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ობიექტებს დაარტყას. ამაზე ამერიკას საპასუხო რეაქცია ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება. ან გაააქტიუროს მარიონეტული ძალები, როგორიცაა ჰუსიტები იემენში, სავაჭრო გზების გადაკეტვის ან ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით, რაც გლობალურ ეკონომიკას ზიანს აყენებს.
ასევე არსებობს საშიშროება, რომ ირანმა ჩაკეტოს ორმუზის ყურე, საიდანაც ხდება არაბული ნავთობის ტრანსპორტირება და შესაბამისად, ნავთობის დიდი კრიზისი გამოიწვიოს მთელს მსოფლიოში, რასაც დიდი ომი მოყვება - დასავლეთი არ დაუშვებს ორმუზის პარალიზებას.
ამას გარდა, საინტერესოა რამდენიმე ცნობა, რომელსაც დასავლური მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მაგალითად, „უოლ სტრიტ ჯორნალის" ინფორმაციით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა არაბი შუამავლების მეშვეობით შეატყობინა ირანის ხელისუფლებას, რომ 22 ივნისის დარტყმა იყო „ერთჯერადი აქტი" და არა „ომის დაწყება ირანში ხელისუფლების შეცვლის მიზნით".
ცნობას, რომ აშშ მიზნად არ ისახავს ირანშ ხელისუფლების შეცვლას, ტელეკომპანია „სი-ბი-ესიც" ავრცელებს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, სატელიტურმა კომპანია „მაქსარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19-20 ივნისს ფორდოს ბირთვულ ობიექტთან სატვირთო ავტომანქანების უჩვეულო აქტოვობა შეინიშნებოდა. მათი ცნობით, 19 ივნიის გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს 16 სატვირთო ავტომობილი ფორდოს მახლობლად. 20 ივნისს კი მათი უმრავლესობა ადგლიზე აღარ არის და ფორდოსთან მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი და ბულდოზერები ჩანს.
კვირას ირანულმა მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფორდოდან გამდიდრებული ურანის ძირითადი ნაწილი სხვაგან გადაიტანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე