„ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით გამოდის და ოპოზიციას ნეიტრალური ერთიანი პლატფორმის შექმნას სთავაზობს. ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი უკვე გამოეხმაურა და იდეას „მიუღებელი" და „ფარსი" უწოდა. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ შეთავაზება და რამდენად შეეძლება მას „ოცნებისთვის" წინააღმდეგობის გაწევა, ამაზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დათანხმდეს, სხვები სკეპტიკურად უყურებენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება, თუ ოპოზიცია შეთავაზებას დათანხმდება: „მამუკა ხაზარაძემ შესთავაზა ე.წ. შუალედური ვარიანტი, ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც არ იქნება არც ერთი პარტიის და რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციური ელექტორატი მიიღებს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოსავალი ესეცაა, თუკი პარტიები ამ შეთავაზებას მიიღებენ".
„რაც არ უნდა პლატფორმები და ბაქნები შექმნან, მკვდრის გაცოცხლება არავის შეუძლია. მათ თვითგვემა ჩაიტარეს, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა", - ფიქრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.
„ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავიანთი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!" - წერს მამუკა ხაზარაძე ფესიბუქზე.
„მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.
„მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!
„ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის - ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!
„ვიცი, ბევრნი ვართ, ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! ამიტომ ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა - არჩევნებიც!
„ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.
„იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!
„ამავე დროს მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე - ყველა ფრონტზე!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ „პალიტრანიუსთან" თქვა, რომ ხაზარაძის მოწოდება ერთიან სიასა და კანდიდატებზე თავიდან ბოლომდე მიუღებელი და ფარსია. მისი თქმით, „ოცნებას"საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს, თუმცა აკონტროლებს ცესკოს, ძალოვან უწყებებს და აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, შესაბამისად პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ აქტიური ბოიკოტის მომხრეა.
„არ არსებობს კომბინაცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას" მოუგებ არჩევნებს, მანამ, სანამ ისინი ძალაუფლებაში არიან. ამას აზრი არ აქვს, ჩვენ ვართ აქტიური ბოიკოტის მომხრე. ყველა კვლევის მიხედვით „ქართულ ოცნებას" 30%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს. მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, ცესკო და ძალოვანი ინსტიტუტები. სულ რომ 20% ჰქონდეთ მხარდაჭერა, მაინც აზრი არ აქვს, რადგან გადააკეთებენ შედეგს, როგორც ეს გააკეთეს 2024 წელს და ყველა ბერკეტი გამოიყენეს. უცხოური წნეხი, რომელიც მომდინარეობს აშშ და ევროპიდან შემცირდება თუ ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ ივანიშვილს ვესაუბრებით და მისი დაგეგმილი წესებით ვთამაშობთ", - განაცხადა მან.
ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება, რადგან ამ ეტაპზე პოლიტიკური პროცესი აქტიური არ არის.
„ეს საკმაოდ თამამი განცხადებაა. აქ მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ მიიღებს ამას ოპოზიციური სპექტრი. თავისთავად ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა არის მათი ნაწილი, რომელიც კატეგორიულად უარზეა. მამუკა ხაზარაძემ შესთავაზა ე.წ. შუალედური ვარიანტი, ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც არ იქნება არც ერთი პარტიის და რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციური ელექტორატი მიიღებს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოსავალი ესეცაა, თუკი პარტიები ამ შეთავაზებას მიიღებენ. აქ მოხდება კანდიდატების შერჩევა, ალბათ უფრო ნეიტრალური კანდიდატების და არა პარტიული კუთხით. რაც მთავარია, ოპოზიციური ელექტორატი მობილიზდება. საქართველოში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ გაჭიანურებულია და არ არის აქტიურ რეჟიმში. არჩევნებში მონაწილეობა ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც პოლიტიკურ პროცესს შემოდგომაზე გააცოცხლებს და ახალ ელფერს მისცემს. თუ ოპოზიცია ამას ვერ ხვდება, მაშინ ძალიან ცუდად არის საქმე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ „რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, მაინც არაფერი ეშველებათ".
„რაც არ უნდა პლატფორმები და ბაქნები შექმნან, მკვდრის გაცოცხლება არავის შეუძლია. მაგათმა თვითგვემა ჩაიტარეს, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. პოლიტიკური სიკვდილი დადგა მაგათ თავზე, როდესაც მიიღეს 61 მანდატი პარლამენტში და არ შევიდნენ. კი მაგრამ, ახლა კითხვას ვუსვამ, თუ არალეგიტიმურია ხელისუფლება, მის მიერ დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას როგორ იღებენ? ეს არის საინტერესო. მეორე კიდევ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ, ამდენთვიანი ყაყანი არჩევნების გაყალბებაზე და მათი პატრონების მიერ ჩაყრილი ფულები სად მიდის? ამიტომ არიან გაფარჩაკებულები. რაც არ უნდა იძახონ მამუკა ხაზარაძემ, ჩერგოლეიშვილმა, ბიკუჩავამ, ხაბეიშვილმა და სხვებმა, მათ პოლიტიკური სამარე გაითხარეს, ჩაწვნენ შიგნით და მიწაც მიყრილი აქვთ. ასე რომ, მკვდარი გაცოცხლებას არ ექვემდებარება", - უთხრა „რეზონანსს" ედიშერ გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე