ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ამას „ოცნებისთვის", როგორც თავად ამბობენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
„ხელისუფლებისთვის სულერთია ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია არჩევნებში, რადგან ასეც და ისეც პირწმინდად აქვს მოგებული. ოპოზიცია, როგორც ასეთი, საქართველოში გაფარჩაკებულია", - აცხადებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.
„პოლიტიკისები ფასდებიან არა განცხადებებით, არამედ ქცევებით, ხელისუფლების ყველანაირი ქცევა და მათი სხეულის მოძრაობა მეტყველებს იმაზე, რომ საშინლად ეშინიათ ოპოზიციის არჩევნებში ჩართვის. მათ სურს გაყალბების გარეშე მიიღონ წარმატება, რომ შემდეგ თქვან, არ გაგვიყალბებიაო",- აცხადებს რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
„მიიღებენ თუ არ მიიღებენ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. თვითონ ოპოზიცია რომ გაბანკროტებული და გაკოტრებულია, იქიდანაც ჩანს, რომ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან ისინიც კი ვინც ამბობს, მივიღებთო [არჩევნებში მონაწილეობას] - ანუ ეს რესურსიც არ გააჩნიათ. მერე საერთოდ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება, ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთო. რა პოლიტიკური პარტია ხარ, თუ შენ შენი კანდიდატი არ გყავს და ვიღაცა სხვა ადამიანი გყავს შესარჩევი?! მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია", - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა მართლაც არა აქვს ოპოზიციის ჩართვას.
„მე რომ მკითხოს კაცმა, ხელისუფლებისთვის სულერთია ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია არჩევნებში, რადგან ასეც და ისეც პირწმინდად აქვს მოგებული. ოპოზიცია, როგორც ასეთი საქართველოში გაფარჩაკებულია, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს ჩაერთვება თუ არა, როგორც ბაში-აჩუკშია, გინდ შაიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვანი რუმბივით გაგორებული ფალავანიო - ოპოზიცია ასეთ დღეშია.
„ოპოზიცია საერთოდ ვერც სუნთქავს და ამიტომაც შემთხვევითი არაა ის განცხადება, რომელიც ბატონმა ირაკლიმ გააკეთა, ეს სიტუაციის ადეკვატურად ასახვაა. ამ წუთებში „ქართული ოცნების" რეიტინგი ბევრად მეტია და მომავალშიც დარწმუნებული ვარ ასე იქნება, ვიდრე 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს იყო, ამ არჩევნებში ხმას დაახლოებით 60-65%-მდე მიიღებს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები სწორედ იმას მიუთითებს, რომ მას მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის ჩართვის ეშინია.
„ოცნებას" ოპოზიციის არჩევნებში ჩართვა არ აწყობს და ამიტომაა ამდენი დაპატიმრებები როგორც პოლიტიკოსების, ისე მოქალაქეების, მერე ამ ადამიანებმა მკაცრად მოითხოვონ, რომ არ ჩავერთოთ არჩევნებშიო. დაპატიმრებებს გააგრძელებენ, რათა საზოგადოებაში უფრო გააძლიერონ განცდა - როგორ შეიძლება მონაწილოება, როცა ასეთი რეპრესიებია.
„მას შემდეგ, რაც არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ და ხელისუფლების უზურპაციას მოახდენენ, დაპატიმრებები, დაჯარიმებები, სამოქალაქო სექტორზე ზემოქმედება და მათი აგრესიული ქმედებები შეიცვლება. მაგრამ მანამდე რეპრესიები იქნება, რათა საზოგადოებაში განცდები გაამყარონ, რომ არჩევნებში არ უნდა ჩაერთო.
„პოლიტიკისები ფასდებიან არა განცხადებებით, არამედ ქცევებით, ხელისუფლების ყველანაირი ქცევა და მათი სხეულის მოძრაობა მეტყველებს იმაზე, რომ საშინლად ეშინიათ ოპოზიციის არჩევნებში ჩართვის. მათ სურთ გაყალბების გარეშე მიიღონ წარმატება, რომ შემდეგ თქვან, არ გაგვიყალბებიაო. ეუთო/ოდირსაც არ იწვევენ, მათ არ უნდათ ზედმეტი მეთვალყურეობა. ერთის მხრივ ამის ეშინიათ და მეორს მხრივ არ ადარდებთ საერთაშორისო კრიტიკა.
„ღმერთმა ქნას სანქციები იყოს, მაგრამ არჩევნებამდე ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნებისთვის". ალბათ არჩევნებამდე არც დაიწყება სერიოზული სანქციები და არჩევნების მერე უცებ დაიწყებენ სიტუაციის გამოსწორებას, რომ საბაბი აღარ მისცენ დასავლეთს, შეიძლება უცებ ამნისტია გამოაცხადონ, როგორც პატიმრების, ისე ჯარიმებზე და ამ მიმართულებით გააჩერონ დასავლეთი.
„მათთვის მთავარია არჩევნებში უმტკივნეულოდ გამარჯვება, რათა ვერავინ ვერ დააბრალოს გაყალბება. ამბობენ, ჩვენთან ხომ რუსეთი და ბელარუსი არაა, რომ ვერ მიიღო მონაწილოება არჩევნებში, თავად ოპიზიციას არ უნდაო. მართლაც ასეა, იქ ძლიერი ოპოზიციური პარტიები ვერ მონაწილოებენ და ნადგურდებიან, მაგალითად ნავალნი. ამ ფონზე, „ოცნება" ამბობს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ამათ არ უნდათ და ჩვენი რა ბრალიაო და ასეთ დროს დასავლეთს გაუჭირდება „ოცნების" გამტყუნება, რომელსაც გაყალბების მტკიცებულებები მართლა არ ექნება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე