მარიამ ვეკუა
(20.06.2025)

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხუთშაბათს ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობის ყველაზე მკაცრი მუქარა გამოთქვა და განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეი „ვერ გააგრძელებს არსებობას". დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ ხამენეის ლიკვიდაციამ ახლო ღმოსავლეთში შეიძლება ახალი კრიზისის კერა გააჩინოს, რომელმაც, არ არეის გამორიცხული, გლობალური სახე მიიღოს.

ეს განცხადება კაცმა ქალაქ ჰოლონის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის მონახულებისას გააკეთა. თუმცა მოგვიანებით პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უფრო რბილ ფორმულირებას მიმართა, თქვა რა, რომ ხამენეის ლიკვიდაციის საკითხი დღის წესრიგში რჩება და მას „იმუნიტეტი" არ გააჩნია.

კაცმა მედიას განუცხადა, რომ ირანის ლიდერი „პირადად გასცემს საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებზე ცეცხლის გახსნის ბრძანებას" და დასძინა, რომ თეირანი სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმას ისრაელის განადგურების მისიის ნაწილად მიიჩნევს.

„ეჭვგარეშეა, რომ ამ კაცმა არსებობა აღარ უნდა გააგრძელოს", - თქვა კაცმა.

„ხამენეის მსგავსი დიქტატორი, რომელიც ირანის მსგავს ქვეყანას ხელმძღვანელობს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურება თავის გამოცხადებულ მიზნად აქცია - ისრაელის განადგურების ეს საშინელი მიზანი - არ შეიძლება გაგრძელდეს ან განხორციელდეს", - თქვა მან.

თავდაცვის მინისტრმა ხამენეი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

„ჩვენ გავგზავნიდით ისრაელის თავდაცვის ძალებს, გამოვიყვანდით მას და გავანადგურებდით. და შესაბამისად, ამჟამინდელ სიტუაციას ასე ვხედავ - ხამენეი თანამედროვე ჰიტლერია", - თქვა კაცმა.

მისი მუქარა მოჰყვა იმ ინფორმაციას, რომ ისრაელს გასულ კვირას შეტევის დაწყებისას ირანელი ავტოკრატის მოკვლა სურდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ნაბიჯს ვეტო დაადო. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყვეს.

ნეთანიაჰუმ ხამენეის მკვლელობის საკითხი ღიად დატოვა და ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მითითებები გასცა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

„მირჩევნია, ჰედლაინების შექმნას თავი დავანებო და საქმეებმა თავად ილაპარაკონ", - განაცხადა მან.

„ომის დროს... სიტყვები სიფრთხილით უნდა შეირჩეს, ხოლო ქმედებები - ზუსტად", - თქვა მან და დასძინა, რომ „ყველა ვარიანტი ღიაა".

ხამენეის მკვლელობის შესახებ კაცის ღია მოწოდებების გაკრიტიკებისას, ნეთანიაჰუმ სხვა ლიდერებს ურჩია, რომ „საუკეთესოა ამაზე პრესაში არ ისაუბრონ".

რას გამოიწვევს ხამენეის ლიკვიდაცია?

დასავლელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხამენეის ლიკვიდაცია რეგიონში მორიგ კრიზისს შექმნის.

როგორც ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორის მოადგილე ბრიტანულ Chatham House-ში და ირანის პოლიტიკის წამყვანი ექსპერტი სანამ ვაკილი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ხამენეის ფიგურა ცენტრალურია ირანის პოლიტიკურ სისტემაში, მისი ლიკვიდაცია რეჟიმის დაშლას ავტომატურად არ გამოიწვევს.

„სისტემა - ვილაიეთ ფაქიჰი - არა ინდივიდზე, არამედ ინსტიტუციონალურ წონასწორობაზე დგას. მისი სიკვდილი ან მკვლელობა არ ნიშნავს რეჟიმის კოლაფსს, არამედ მხოლოდ კრიზისის ახალ ეტაპს."

რაზ ზიმტი, ირანის ექსპერტი - ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ამბობს:

„ხამენეიზე თავდასხმას შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ სტრატეგიულად მცდარია. რეჟიმი მისი მემკვიდრეობის სცენარზე წლებია ემზადება. მისი სიკვდილი გამოიწვევს არასტაბილურობას, მაგრამ არა აუცილებლად რეჟიმის ცვლილებას."

ალი ვაეზი, ირანის პროგრამის დირექტორი კი აცხადებს:

„ხამენეის ლიკვიდაცია გამოიწვევს ძალაუფლების ვაკუუმს, მაგრამ არა აუცილებლად ისლამური რესპუბლიკის დასუსტებას. პირიქით - შეიძლება მოხდეს რადიკალების კონსოლიდაცია და მათთვის გახდეს საბაბი სასტიკი რეპრესიებისა და შიდა მობილიზაციისთვის."

„თაიმსის" ინფორმაციით, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხამენეის ლიკვიდაციის სცენარს:

„ხამენეის მკვლელობა პანდორას ყუთს გახსნის. ეს იქნება არაპროგნოზირებადი სამხედრო და რადიკალური შედეგების დასაწყისი რეგიონში."

უოლ სტრიტ ჯორნალის სტატიაში დასავლელი ექსპერტები შიშობენ, რომ ასეთი ქმედება გამოიწვევს ჰეზბოლას, ჰამასის და პროირანული დაჯგუფებების მასობრივ საპასუხო ოპერაციებს. რეგიონული კონფლიქტი შესაძლოა გადაიზარდოს აშშ-ირანის პირდაპირ დაპირისპირებაში.

ხამენეის მოკვლა ამ ეტაპზე გადაიდო?

ნეთანიაჰუმ ომში აშშ-ის პოტენციურ ჩართულობას „პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება" უწოდა.

„ის გააკეთებს იმას, რაც ამერიკისთვისაა კარგი, მე კი გავაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვისაა კარგი", - თქვა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „იცის თამაშის წესები".

მან განაცხადა, რომ ისრაელს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მთელი მისია დამოუკიდებლად განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ირანის ბირთვული პროგრამის ღრმა მიწისქვეშა ბუნკერების გასანადგურებლად მძიმე ამერიკული ბომბებია აუცილებელი.

„ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ისრაელს არც ბირთვული საფრთხე და არც ბალისტიკური რაკეტების საფრთხე არ შეეხება", - თქვა მან.

კვირას რამდენიმე მსხვილმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს დილით ადრე, ირანზე პირველი დარტყმების დროს, ისრაელს ჰქონდა შესაძლებლობა მოეკლა ხამენეი, თუმცა ტრამპმა ამ ნაბიჯს ვეტო დაადო.

მოგვიანებით ტრამპი თავად დაემუქრა ხამენეის, მაგრამ თქვა, რომ მისი მოკვლის გეგმები არ არსებობს - „ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არა".

პარასკევს დილით ადრე, ირანზე ინტენსიური საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კამპანია პრევენციულია და დაიწყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისა და ბალისტიკური რაკეტების არსენალის გაზრდის გარდაუვალი, ეგზისტენციალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თეირანში „რეჟიმის შეცვლა" არ არის ის მიზანი, რომელიც უსაფრთხოების კაბინეტმა „ჯერჯერობით" დაისახა.

მან ბეერ-შებაში, სარაკეტო დარტყმის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელის ოპერაცია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაგრძელდება, „სანამ მისია არ დასრულდება".

ვინ არ იზიარებს ლიკვიდაციის გეგმას?

გეგმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა:

„ხამენეის ლიკვიდაცია... წარმოუდგენელია. ეს უნდა იყოს მიუღებელი ყველასთვის. მათ, ვინც ამის შესახებ ლაპარაკობს, უნდა გაითვალისწინონ - ისინი პანდორას ყუთს ხსნიან."

ამ პოზიციას იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც:

„დიდი შეცდომაა დაარეგულირო რეჟიმის შეცვლა სამხედრო მეთოდებით - ეს ქაოსამდე მიგვიყვანს."

საინტერესო იყო თვით ისრაელის პრეზიდენტის, ისაკ ჰერცოგის პოზიცია:

„ხამენეის ლიკვიდაცია არ არის ჩვენი მიზანი; ეს უნდა იყოს ირანელი ხალხის გადაწყვეტილება."

ჯერჯერობით ირანის უზენაესი ლიდერი ხამანეი ისევ ბუნკერშია ოჯახთან ერთად, ის ბოლოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პარასკევს გამოჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე