მარიამ ვეკუა
(19.06.2025)

ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს შეიძლება გასცდეს და გადაიზარდოს დიდ კატასტროფაში" - განაცხადა თბილისში ირანის ელჩმა მაჰმუდ ადიბიმ, რომელიც სიონისტურ რეჟიმს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საქართველოს საზოგადოებას მოუწოდებს, იცოდეს ირანის პოზიცია რეგიონში დაწყებულ ომზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ ირანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და ქვეყნის არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობას ნებისმიერ აგრესიისგან დაიცავენ.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს კონფლიქტი. იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა.

ირანი არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენს არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს ქვეყანა ნებისმიერ აგრესიისგან დაიცვას. ჩვენ არ გვაქვს შიში, რომ მოსახლეობას მოუწიოს ქვეყნის დატოვება. მოსახლეობაში შეინიშნება ერთსულოვნება. ისინი ერთმანეთის გვერდში დგანან.

რაც შეეხება კადრებს, რომლებიც გავრცელდა, თუ როგორ ტოვებს მოსახლეობა თეირანს, ირანში ასეთი ჩვეულებაა, როდესაც დასვენების დღეებია, მოსახლეობის ნაწილი ქალაქგარეთ გადის. 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს თეირანში და თუ აქვთ საშუალება, ყოველთვის ცდილობენ დედაქალაქიდან გასვლას. ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის თეირანიდან გასვლა ნაკარნახევი იყო თვითონ ხელისუფლების მოწოდებით, რათა უკეთ შეძლოს მათი დაცვა ნებისმიერ აგრესიისგან."- განაცხადა ელჩმა.

საინტერესო იყო ელჩის განცხადებაში ის ნაწილიც, როცა მან აღნიშნა რომ ისრაელმა ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია, ელჩმა ახსენა საქართველო, და დასძინა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ირანის პოზიციები.

სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გაუზიაროს ირანის პოზიციები და ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

რას ითხოვს ირანი

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ანუ ქვეყანაში, რომელმაც კარგად იცის სუვერენიტეტისა და მშვიდობის ფასი, ჩვენს მეგობრებს გავუზიაროთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია და ხედვები რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ყველანი თვალყურს ადევნებთ ახალ ამბებს და მოგეხსენებათ, რომ იმ დროს როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩართული იყო მოლაპარაკებებში და ემზადებოდა ამერიკასთან არაპირდაპირი მოლაპარაკების მეექვსე რაუნდისათვის, 2025 წლის 13 ივნისს, დილის საათებში ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყო შეიარაღებული თავდასხმები, რაც ირანზე აშკარა აგრესიას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ამასთან, საკუთარ სახლებში მოკლეს სამხედრო მეთაურები. თავდასხმა განხორციელდა ასევე ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნათანზის ცენტრზე. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას", - განაცხადა მან.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე-2 და მე-4 პუნქტზე, ამასთან ახსენა 51-ე მუხლი და ხაზგასმით თქვა, რომ ირანი, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და დასძინა რომ გაეროს უშიშროების საბჭოსგან შესაბამისი ზომების მიღებას ელოდება.

„ისრაელის რეჟიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში არ სცნობს არანაირ ზღვარს. თქვენ ყველამ ნახეთ რა მოხდა ღაზის სექტორში, სადაც უდანაშაულო პალესტინელების განადგურების გარდა, ფეხქვეშ იქნა გათელილი ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ნორმები, საერთაშორისო სამართალი და ყველა საერთაშორისო სტანდარტი.

ამჯერად, სიონისტურმა რეჟიმმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საერთაშორისო სამართლის ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა. სიონისტური რეჟიმის ქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, მათ შორის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და ამ უფლების გამოყენებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო პრაქტიკულ ზომებს არ მიიღებს აგრესიის შესაჩერებლად, აგრესორის დასაგმობად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ელჩმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე