ისრაელი გაჩერებას არ აპირებს და როგორც ჩანს, მისი მიზანი არა მხოლოდ ირანის დამარცხება, არამედ მისი რეჟიმის ჩამოშლაცაა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ არ შეიძლება აიათოლა ალი ხამენეიმ არსებობა გააგრძელოს, ხამენეის უპირობო დანებებას ურჩევს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რის საპასუხოდაც ირანის სულიერი ლიდერისგან კვლავ მუქარა ისმის.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მხარეების პოზიციები და გეგმები არ ტოვებს იმის განცდას, რომ ომი შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში დასრულდეს, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება, როგორც რეგიონზე, ისე საქართველოზე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომს პირველ ეტაპზე გავლენა ექნება ლტოლვილთა ნაკადისა და ბირთვული ობიექტების განადგურების პროცესში რადიაციული საფრთხის მხრივ.
"პირველი გავლენა, ესაა არალეგალ ლტოლვილთა ნაკადის თვალსაზრისით. მეორე შეიძლება იყოს ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების შემთხვევით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის ალბათობის. შესაძლოა ეს ალბათობა მაღალი არაა, მაგრამ ეს ვარიანტი მაინც გასათვალისწინებელია.
"თუ ვაკუუმური ბომბებით მოხდება სტრატეგიული და ბირთვული ობიექტების განადგურება, შესაძლოა რადიაციის ფატორმაც იმოქმედოს",- განაცხადა მაისაიამ "რეზონანსთან".
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთლიანად რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მისი თქმით, გარდა ლტოლვილებისა და რადიაციული საფრთხისა, შესაძლოა ეკონომიკის დაგრევა მოჰყვეს და შუა დერეფნის მუშაობას სერიოზული პრობლემები შეექმნას.
"მთლიანად რეგიონი ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც არ უნდა თქვას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა და თეირანის ხელმძღვანელობამ, ეს მალე დასრულებადი კონფლიქტი ნამდვილად არაა. ვერ ვხედავ ცალსახად გამარჯვებულს რომელიმეს, რადგან ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება მარტო ატომური პროგრამის თემაში არაა.
"ესაა ისტორიული დაპირისპირება, რომელსაც ძალიან სერიოზული რელიგიური სარჩული აქვს. ისლამისტურ-შიიტური მოძღვრების მიხედვით, ებრაული სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, რადგან მაშინ შიიტებისთვის პრობლემა შეიქმნება, ესაა აღწერილი მათ წმინდა წიგნებში, პირველ რიგში ყურანში. წმინდა წიგნების ის ინტერპრეტაცია, რაც შიიტებს აქვთ, ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს.
"იმ შემთხვევაში, თუ ირანის ხელმძვანელობამ დაინახა, რომ ასეთი ტიპის საომარი დაპირისპირებით შედეგს ვერ აღწევენ, ისინი სხვა ტიპის მოქმედებაზე გადავლენ, ეს ძალიან სერიოზული შედეგის მომტანი იქნება. დღეს თუ ვაკვირდებით როგორ იბომბება ხან ერთი და ხან მეორე ქვეყანა და ამ მოცემულობას მსოფლიო გარკვეულწილად შეეგუასავით, ეს ომის დასრულება არაა, კონფლიქტის გაჩერება ძალიან რთული იქნება. ჰამენეის სიკვდილის შემთხვევაში კიდევ უფრო რთული.
"იმ შემთხვევაში, თუ შიგნით ირანში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, სხვა შემთხვევაში, ეს ომი იქნება დაუსრულებელი",- განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, რა შედეგი ექნება ამას უკვე რეგიონსა და საქრათველოზე, ექპსერტმა გვითხრა:
"გამარჯვების კი არა, წარმატების სასწორი რომელ მხარეს გადაწონის, იქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ - თუ ირანისთვის სერიოზული დისკომფორტი იქნება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ლტოლვილის სახით აუცილებლად დატოვებს ქვეყანას. დღეს ბანდარ აბასში უკვე ირანელი ლტოლვილების ტალღა შეიქმნა, ეს ჯერჯერობით შიგნით ირანშია და ცოტა ხანში უკვე საზღვრების გადალახვა დაიწყება და ირანის დატოვება.
"ირანის დატოვებას განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები დაიწყებენ, ესაა ირანის მოსახლეობის თითქმის 45%. რაც შეეხება ისრაელს, აქედანაცაა ლტოლვილების გარკვეული ტალღა, თუმცა ამას ისეთი მასიური ხასიათი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენი რეგიონისთვის ორი ფაქტორია საფრთხის სახით, ესაა ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადი და პლიუს რადიაციის გაჟონვა",- განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, ომს რეგიონის ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება.
"ამის გარდა სხვა მოცემულობაცაა, ესაა რეგიონის ისედაც მყიფე ეკონომიკის დანგრევა, ძალიან სერიოზული გამოწვევაა და ამასთან, ჩვენ არ ვიცით რას მოიმოქმედებს ჩვენი მეზობელი რუსეთი. ეს ომი ნელ-ნელა გლობალურ ხასიათს იძენს, რაც არა მხოლოდ ისრაელ-ირანის დაპირისპირებას ნიშნავს, არამედ გლობალური დაპირისპირებაა ჩინეთი-რუსეთის-ირანის ერთობლივად და დასავლეთის. ამასაც თავის შედეგები მოჰყვება.
"თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდა, არაა გამორიცხული,რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნას იმ კორიდორის მუშაობის თვალსაზრისით, რომელსაც შუა დერეფანი ჰქვია.
ძალიან ბევრი ეკონომიკური პროექტი შეიძლება გაჩერდეს, რუსეთის საპასუხო ქმედებებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, არ ვიცით ამ ვითარებაში რას მოიმოქმედებს - მიატოვებს თავის პარტნიორ ირანს, მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯებით შემოიფარგლება, თუ სხვა ნაბიჯებს გადადგამს არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ესაა გლობალური დაპირისპირება იმისათვის, რომ სამი სუბიექტი მაქსიმალურად დაასუსტონ, ყველაზე სუსტი ვინცაა ამ ტრიუმვირატში იმ რგოლს დაარტყეს - ირანს.
"ერთი რამ გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთის ნავთობის იმპორტის 75% მოდის ირანზე, თუ ირანს მიწოდების ჯაჭვიდან გამოთიშავენ, მაშინ ჩინეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება და ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ირანი ამ ტრიუმვირატიდან გამორთონ.
"ესაა გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელმაც არ შეიძლება არ იმოქმედოს მთლიანად ჩვენი რეგიონის მდგომარეობასა და მათ შორის საქართველოზე.
მას შემდეგ, რაც მსოფლიო წესრიგი ჩამოიშალა, ახლა მიდის ახალი წესრიგის შექმნის მცდელობები, დღეს ჩვენ და მთელი მსოფლიო პრაქტიკულად მართული ქაოსის რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს რეჟიმი ვისი წარმატებით დასრულდება და როგორ დაიწყება ახალი მსოფლიო წესრიგი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ამასობაში ჩვენი რეგიონისთვის საყურადღებო და საგანგაშო მდგომარეობა იქმნება",- განაცხადა მამუკა არეშიძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე