ნატალია ჯვარიძე
(19.06.2025)

ევროპარლამენტმა რეზოლუცია - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე" მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. ამას თბილისში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების" რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო;

მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ასევე, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას; ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის; მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს;

სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების" ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ;

ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა შესწორება დაამტკიცეს და რეზოლუციას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი: „გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო, როდესაც ზოგიერთი სამთავრობო უწყება, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო წელიწადნახევრის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად შეუძლებელია და სამიზნე ორგანიზაციების მუშაობისა და მათი საქმიანობის შეჩერების რისკს ქმნის".

თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა, რომ არიან ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას.

კალაძის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის „განცხადებები და ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და შანტაჟზე არის დაფუძნებული".

„რეალურად, რა ხდება: საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა, გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი აწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს, სტატუსი დანაშაულს ფარად ვერ აღუდგება, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ჟურნალისტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ",-განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე