აშშ-ის ჩარევის შემთხვევაში, ირანი „აგრესორებისთვის ჭკუის სწავლებას" აანონსებს, ისრაელი კი აიათოლა ხამენეის ლიკვიდაციაზე ღიად საუბრობს - ექსპერტები ახლო აღმოსავლეთს „დენთის კასრს" უწოდებენ, რომლის აალებაც ერთ არასწორ ნაბიჯს შეუძლია. რა მოხდება, თუ აშშ ომში ღიად ჩაება და როგორ შეიცვლება საბრძოლო პოზიციები - ეს კვლავ საკვანძო კითხვად რჩება.
ოფიციალური თეირანი ღიად აცხადებს, რომ ომში აშშ-ის ჩართვის შემთხვევაში აგრესორები ჭკუას ისწავლიან.
„თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით," - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
„თუ აშშ-ს სურს, ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერიოს, მაშინ ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავის დასაცავად და აგრესორებისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენოს," - აღნიშნა მან.
მისი თქმით, აშშ-ის პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში, ირანი „ყველა საჭირო სამხედრო ვარიანტს" განიხილავს.
„თუ მათ არ სურთ, რომ ისრაელის აგრესია შეაჩერონ, მაშინ აშშ-სთვის ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გვერდით გადგნენ," - დასძინა ღარიბაბადიმ.
საინტერესოა ისიც, რომ ისრაელის წარმომადგენლები ირანის უზენაეს ლიდერს პირდაპირ ემუქრებიან: „არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს," - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალებს „ბრძანება მიღებული აქვთ" და იციან, რომ „ყველა მიზნის მისაღწევად ამ კაცმა არსებობა არ უნდა გააგრძელოს".
„არ შეიძლება, არსებობა გააგრძელოს დიქტატორმა, როგორიც ხამენეია - რომელიც ირანს მართავს და მის მთავარ მისიად ისრაელის განადგურებას ასახელებს."
შევა თუ არა თამაშში აშშ
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ აშშ ისრაელისა და ირანის ომში ჩაებმება.
„ამერიკის ჩართულობა არის ის, რაც ყველა ვარიანტში დასჭირდება. ამერიკის ისტებლიშმენტი ამის მომხრეა, ვიცე-პრეზიდენტიც ამის მხარდამჭერია. თუმცა, როგორც ჩანს, ადმინისტრაციაში არსებობს მოწინააღმდეგეთა ჯგუფიც - გარკვეული ძალები ამ ინიციატივას არ იწონებენ. სავარაუდოდ, მოწინააღმდეგეებს შორის შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. პენტაგონის დამოკიდებულება, ვარაუდის დონეზე, დადებითი იქნება.
ტრამპი ყველა შემთხვევაში გაატარებს ამ წინადადებას. ისრაელმა უკვე განახორციელა დარტყმები, რითაც შემოიტანა ახალი ტერმინი - „სუპერბლიცკრიგი". ეს წარმოადგენს ახალ სტრატეგიულ მიდგომას, რომლის მთავარი იდეაც იყო სარაკეტო დარტყმების საშუალებით, კომბინირებული ოპერაციებით, ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურება და ქვეყნის იძულება დათმობებზე წასულიყო," - ამბობს მაისაია.
როგორც ის აღნიშნავს, ისრაელმა გამოიყენა ახალი სტრატეგიული მიდგომა - სუპერბლიცკრიგი. ექსპერტი საუბრობს იმ იარაღის ტიპებზე, რომელიც აშშ-ს მხრიდან სავარაუდოდ გამოყენებული იქნება, თუ ის ღიად ჩაერთვება პროცესებში.
„ისრაელმა ეს „სუპერბლიცკრიგი" გამოიყენა დაახლოებით 60 პროცენტით. ვფიქრობ, აშშ-ს მოუწევს ჩართვა, რათა დაასრულოს ის, რაც ისრაელმა ვერ შეძლო. საუბარია სიღრმეში მდებარე ბირთვული სტრატეგიული ობიექტების განადგურებაზე - ასეთი შეიარაღება მხოლოდ აშშ-ს აქვს.
კონკრეტულად, აშშ-ს გააჩნია GBU-57 ტიპის იარაღი - ეს არის ვაკუმური ტიპის, სიღმისეული ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ 61 მეტრის სიღრმეზე ნებისმიერი ობიექტის განადგურება. ამ ბომბების გადატანის საშუალებაც მხოლოდ აშშ-ს გააჩნია - კერძოდ, ეს არის B-2 Spirit, მე-4 თაობის სტელს-ბომბდამშენი. B-52 უკვე მოძველებული ტიპისაა და, ალბათ, მეორე ტალღაში ჩაერთვება. ასევე სავარაუდოა, რომ გამოყენებული იქნება F-16 და F-18 ტიპის გამანადგურებლები.
ის, რაც სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა უკვე განახორციელეს, ამ გამანადგურებლებმა უნდა დაასრულონ. თუ მოხდება ფორდოუს განადგურება, ირანის ბირთვული პროგრამის წონა 30 პროცენტამდე შემცირდება. ირანს გააჩნია 18 ბირთვული ენერგეტიკული კომპლექსი, რომელთაგან ნაწილი ჩრდილოეთშია, ნაწილი - სამხრეთში," - აცხადებს მაისაია.
კითხვაზე, რატომ არის აშშ-ის დარტყმა გადამწყვეტი და რას შეცვლის სამხედრო კუთხით, ექსპერტი პასუხობს:
„ამერიკის დარტყმა სწორედ იმიტომაც არის გადამწყვეტი - ისრაელმა ვერ შეძლო აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე ირანის სტრატეგიული ობიექტების განადგურება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ამ მისიის შესრულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ჩართულობის მაღალ ალბათობას," - განაცხადა მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე