რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზად არის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ, საკითხავია, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„სხვათა შორის, მე ვთქვი, რომ მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან. თუ უკრაინის სახელმწიფო ვინმეს ენდობა მოლაპარაკებაში, ღვთის გულისათვის, დაე, ეს ზელენსკისთან იყოს. საქმე ამაში არ არის. საკითხავია ის, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს.
შეხედე, მე არაფერი მომიგონია. პროპაგანდის თვალსაზრისით, შეგიძლიათ რაც გინდათ თქვათ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. მაგრამ სერიოზული საკითხების გადაჭრისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა პროპაგანდის კომპონენტი, არამედ სამართლებრივი.
ყველა სამხედრო მეთაურს ნიშნავს პრეზიდენტი, ყველა მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი და ყველა გუბერნატორს ნიშნავს პრეზიდენტი. მაგრამ თუ პირველი პირი არალეგიტიმურია, ძალაუფლების მთელი სისტემა არალეგიტიმური ხდება.
რატომ ვამბობ ამას? ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იყოს. შეხვედრისთვისაც კი მზად ვარ. მაგრამ თუ ეს რაღაც სახის საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ დავსხდეთ და უსასრულოდ არ გავყოთ რაღაც, არამედ წერტილი დავუსვათ.
მაგრამ წერტილი უნდა დასვას, ხელი უნდა მოაწეროს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. თორემ, ხომ იცი, შემდეგი მოვა და ყველაფერს ნაგავში გადაყრის, მაგრამ ასე არ შეიძლება, ჩვენ სერიოზულ პრობლემებს ვაგვარებთ", - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანი გზით დასრულება სურს.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ კონფლიქტს დაასრულებს, არამედ შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მსგავსი სიტუაციები ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივის განმავლობაში არ განმეორდეს", - განაცხადა პუტინმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე პუტინის შეცვლილი პოზიციის სავარაუდო რამდენიმე მიზეზს განიხილავს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა პუტინი მართლაც დათმობაზე მიდიოდეს, რადგან ამის მიზეზი აქვს.
„ერთის მხრივ, გამორიცხული არ არის, რომ პუტინმა დაინახა ირანის რეჟიმი სუსტდება და დაფიქრდა, შეიძლება საჭირო იყოს რაღაც კომპრომისზე წასვლა, ვინაიდან რუსეთისთვის ირანი დრონების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. მითუმეტეს, თვითონ რუსეთს ექმნება ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, ქვეყნაში ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეორე ვარიანტი არის ის, რომ პუტინი აცხადებს, ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია და როგორ შეიძლება მას ველაპარაკოო. აქ ამაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება პუტინი ცდილობს წარმოაჩნინოს თავი როგორც კონსტრუქციული ლიდერი, რომელიც მოლაპარაკების მომხრეა. ამ დროს კი თვალთამაქცობს და ეძებს გზებს, რათა ეს მოლაპარაკება არ შედგეს.
მოკლედ, შეიძლება მართლაც დათმობაზე მიდიოდეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა სუსტდება და ასევე, ამას დამატებული ირანის ფაქტორი. მეორე ვერსიით კი, შეიძლება ცდილობს იმის იმიტაციას, რომ მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა რეალურად არ უნდა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას აზრით, პუტინი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, რომ ვითომ მოლაპარაკებისთვის მზად არის.
„პუტინის შეცვლილი პოზიცია განპირობებულია იმ ზეწოლიდან, რომელიც შეერთებული შტატებიდან და ასევე, სხვა საერთაშორისო პარტნიორებიდან მოდის. ანუ რაღაცნაირად ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, რომ სინამდვილეში სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზად არის.
ასეთი განცხადებები მას მანამდეც გაუკეთებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს საქმით არ მტკიცდება. ერთია რიტორიკა და მეორე, რეალურად რა ნაბიჯებს დგამს რუსეთი კონკრეტულად უკრაინასთან მიმართებაში", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე