თამთა ჩაჩანიძე
(19.06.2025)

დროებითი საგამოძიებო კომისია უახლოეს დღეებში მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რომ ერთი თვით კიდევ გაუხანგრძლივონ უფლებამოსილება, მანამდე კომისიამ მანდატი გაიფართოვა და გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება 2003 წლიდან დღემდე პერიოდი.

19 ივნისის ხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დასკვნა მზად იქნება არაუგვიანეს 4 აგვისტოს, რომელსაც პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ამავე სხდომაზე განაცხადა, კომისია 20 ან მაქსიმუმ 23 ივნისს მიმართავს ბიუროს იმისთვის, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიის უფლებამოსილების ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის თავმჯდომარის წინადადებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

"სავარაუდოდ, მათ უკვე ეყოლებათ შერჩეული ის ადამიანები, ვინც კომისიაზე მივლენ და დამატებით ინფორმაციას მისცემენ არა მარტო 2012 წლამდე მყოფი ხელისუფლების შესახებ, არამედ მის შემდეგაც. ეს კომისიისთვის მნიშვნალოვანი იმიტომაა, რომ 2012 წლის შემდეგ. როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ხელისუფლებაში მოსვლა კოლექტიური დასავლეთისთვის დიდწილად მიუღებელი აღმოჩნდა.",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოზი ზაალ ანჯაფარიძე.

"თუ ოპოზიცია არჩებნებში ჩართვას გადაწყვეტს, ან ყველა ერთად, ან რომელიმე მაინც და "ქართული ოცნება" შეხედავს, რომ ოპოზიციურ ელექტორატში გაჩნდა განწყობა, რომ ის არჩევნებზე მივა, მაშინ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები "ოცნებისთვის" საფრთხე იქნება და მათ მიმართ განხორციელდება ეს რეპრესიები",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.

რატომ გახდა საჭირო ვადის გახანგრძლივება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვადისა და მანდატის გახანგრძლივება, პოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული.

"ვფიქრობ, ეს იმ პოლიტიკური კონიუქტურითაა გამოწვეული, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში შეიქმნა. კომისია ვადის გახანგრძლივების თაობაზე შემთხვევით არ მიმართავდა. როგორც ჩანს, მათ გაანალიზეს ის ინფორმაცია, რაც ამ დრომდე შეკრიბეს და შესაძლოა ჩათვალეს, რომ ეს ინფორმაცია და სამხილები საკმარისი არაა იმისთვის, რომ მთავარი მიზანი განახორციელონ, რასაც ეს კომისია ემსახურება.

"სავარაუდოდ, მათ უკვე ეყოლებათ შერჩეული ის ადამიანები, ვინც კომისიაზე მივლენ და დამატებით ინფორმაციას მისცემენ არა მარტო 2012 წლამდე მყოფი ხელისუფლების შესახებ, არამედ მის შემდეგაც. ეს კომისიისთვის მნიშვნალოვანი იმიტომაა, რომ 2012 წლის შემდეგ. როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ხელისუფლებაში მოსვლა კოლექტიური დასავლეთისთვის დიდწილად მიუღებელი აღმოჩნდა.

"ამ პერიოდში, "ქართული ოცნების" მიმართ ის ქმედებები განხორციელდა, რითაც ჩანს, რომ მათ არ სურთ "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა, ამიტომაც სურთ, რომ საზოგადოებას უფრო მეტი სამხილები წარუდგინონ, რადგან ისინი დაარწმუნონ იმაში, რომ დღეს დასავლეთი მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათთვის არიან მისაღები",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კომისიას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის" წარსული არ აინტერესებს, არამედ ისინი, რომლებმაც "ოცნებას შეიძლება რეალური პოლიტიკური საფრთხე შეუქმნას.

"ეს რა თქმა უნდა "ნაცმოძრაობას" არ უკავშირდება, უბრალოდ პროპაგანდის თვალსაზრისით, "ოცნებისთვის" მომგებიანია ენმ-ს დანაშაულებებზე ლაპარაკი მომგებიანია.

დღეს ბიურო მუშაობს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარსულზე, არამედ მთლიანად - 2003 წლიდან მოყოლებული, დღემდე, რადგან მათმა რეალური პრეტენდენტებმა, რომლებმაც შეიძლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა,შეიძლება "ოცნებას" რეალური საფრთხე შეუქმნას. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც "ფარას" კანონი ამოქმედდება და ა.შ.

"ეს არის ბიურო, რომელიც გამიზნულია ქვეყანაში რეპრესიებისვის და არა იმისთვის, რომ რაიმე სიმართლე დაადგინოს. შესაბამისად, დაიბარებენ ყველას - ვინც არ გამოცხადდება, გასაგებია, რომ მას პატიმრობაში გაუშვებენ და რეალურად ამისთვის გაუხანგრძლივეს საქმიანობა და თუ საჭიროდ ჩათვლიან, კიდევ გაუხანგრძლივებენ. ოღონდ ეს კომისია არანაირი სიმართლის დამდგენი არაა და არც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარსული აინტერესებს - ყველა ოპოზიციონერი და მათ შორის მედიასაშუალებებიც მათი განხილვის საგანი იქნება", -განაცხადა ძაბირაძემ.

კომისიის დასკვნა და მისი გავლენა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ეს გარკვეულწილად მთავარი სამზადისია 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის.

"4 აგვისტოს შემდეგ, კომისიას უკვე ვეღარ ექნება ვერანაირი საფუძველი იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოითხოვოს მანდატის და ვადის გახანგრძლივება, რადგან მას უკვე ორჯერ გაუხანგრძლივეს ვადა და კიდევ ერთი გახანგრძლივება რა თქმა უნდა, მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

"ამ პერიოდში მათ უნდა მოსწრონ ყველა იმ ინფორმაციის თავმოყრა და საბოლოო დასკვნის წარმოდგენა, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს იმაში, რის დარწმუნებაშიც "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი და იმის შემდეგ, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაღაცნაირად აფილირებულად განიხილებიან, ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს სჩადიოდნენ. კომისიაში გახარიას კიდევ ერთხელ დაბარებაც ამას უკავშირდება.

"ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ერთგვარი სამზადისია 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც, რადგან ის ინფორმაციული ფონი, რაც საზოგადოებაში შეიქმნება, მას შემდეგმ რაც კომისია ფართო და დეტალურ დასკვნას წარმოადგენს, "ქართული ოცნების" გადმოსახედიდან რომ დავინახთ სიტუაცია - საზოგადოებაში შექმნის განწყობას, რომ იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც შეიძლება თვითმმათველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდნენ, ხმის მიცემა არ შეიძლება",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნების მიმართ ბოიკოტს გამოაცხადებს, მაშინ ხელისუფლებას არ დასჭირდება ამ მიმართულებიტ რეპრესიები.

"თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაშინ რეპრესიებს მაგ მიმართულებით არ განახორციელებენ. ანუ შერჩევითი პოზიციები იქნება - ვინც აწუხებთ და პრობლემებს შეუქმნის, მათ მიმართ განხორციელდება რეპრესიები და არა ზოგადად ყველას მიმართ. თუ ოპოზიცია არჩევნებში არ ჩაერთვება, "ქართულ ოცნებას" ისედაც განაღდებული აქვს არჩევნებში მოგება, მას არც მეტოქე ეყოლება, გასასამართლებელი აქვს პროპაგანდისტულადაც და თავად გადაწყვეტს რა და როგორ გააკეთოს. ამიტომ მას ასეთ შემთხვევაში არც დასჭირდება ოპოზიციის მიმართ რეპრესიები.

"თუმცაღა, თუ არჩებნებში ჩართვას გადაწყვეტენ, ან ყველა ერთად, ან რომელიმე მაინც და "ქართული ოცნება" შეხედავს, რომ ოპოზიციურ ელექტორატში გაჩნდა განწყობა, რომ ის არჩევნებზე მივა, მაშინ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები "ოცნებისთვის" საფრთხე იქნება და მათ მიმართ განხორციელდება სწორედ ეს რეპრესიები.

"გახარიამ, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ არჩევნებში ერთვება, ჩორჩანას ამბები ამოუგდეს და ახლა მიდის კულტივირება იმისა, რომ გახარია აპირებდა რაღაც სისაძაგლის გაკეთებას, ქვეყნის ღალატს და ა.შ. ეს ნათელი მაგალითია იმის, თუ ეს კომისია რისთვის სჭირდებათ და რას აპირებს ხელისუფლება",- განაცხადა ვახტანგძაბირაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს თეა წულუკიანი

"ოცნების" დეპუტატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დასკვნა 4 აგვისტომდე მზად იქნება.

„კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენი საქმიანობის ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი. ის, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა.

ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს კენჭისყრისთვის გთავაზობთ ასეთ საკითხს - ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი იმიტომ, რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ.

გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს სამი წევრის მიერ - კომისიის სამი წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს.

"გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს, მაგრამ შეიძლება მანამდეც, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, ჩვენ შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.

"აი, ეს არის, რაც ვისაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი და თუ არის კვლავ თქვენი თანხმობა, რომ ჩვენ უკვე ხვალ და მაქსიმუმ ორშაბათს მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩვენი უფლებამოსილების ერთი თვის ვადით გაგრძელების თაობაზე საკითხის შეტანაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე