„ბრძოლა ახლა იწყება" - ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი უარყოფს ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ კაპიტულაციის მოთხოვნას და, მიუხედავად იმისა, რომ თეირანის ცაზე მტრის მოიერიშეები თავისუფლად დაფრინავენ, თელ-ავივს „მკაცრ პასუხს" ჰპირდება. პარალელურად ვაშინგტონში, ტრამპის თანამოაზრეებში რესპუბლიკური პარტიიდან გაცხოველებული კამათია იმაზე, უნდა ჩაებას თუ არა ამერიკა ომში ღიად. უკვე ინტერვენციის კონკრეტული სცენარებიც განიხილება.
ამერიკა რეგიონისკენ სამ, ბრიტანეთი კი ერთ ავიამზიდს აგზავნის. ევროკავშირი ღიად ერთვება ისრაელის მხარეს, ოღონდ, ტრადიციულად, მხოლოდ რიტორიკის დონეზე. კაია კალასმა თქვა, ისრაელს თავის დაცვა უნდა შეეძლოსო. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს გერმანიის კანცლერმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.
თუმცა ბევრმა ისრაელს გამოუცხადა მხარდაჭერა, მათ შორის მისმა რეგიონულმა კონკურენტებმა - პაკისტანმა და თურქეთმა. ღიად დაგმო ირანზე თავდასხმა ჩინეთის ხელმძღვანელობამ.
საკუთრივ ირანში რა ხდება, ამაზე მწირი ცნობები ვრცელდება, ამ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე. თუმცა ნათელია, რომ ბოლოდროინდელმა ამბებმა სიტუაცია არია და ანტისამთავრობო ძალებს ერთგვარი სტიმული მისცა.
„ისლამური რესპუბლიკა დასასრულს უახლოვდება და იშლება. რაც დაიწყო, შეუქცევადია. მომავალი ნათელია და ერთად ჩვენ ისტორიის გვერდს გადავფურცლავთ. ახლა დროა ავდგეთ; დროა დავიბრუნოთ ირანი. მინდა მალე თქვენთან ვიყო," - წერს იქს-ზე დამხობილი შაჰის მემკვიდრე რეზა ფეხლევი .
ირანს მოლაპარაკება სურს, თუმცა აცხადებს, რომ „არასოდეს დანებდება", თავის მხრივ ისრაელი გამანადგურებელ იერიშებს არ წყვეტს. ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, განადგურებულია ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმაზე ბრძანების გაცემას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის ვადა უკვე ამოწურულია.
„შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის, რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები, აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ... რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ისრაელის დარტყმების „პირველ დღეს დასრულდა" და ირანი ახლა „სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა".
„გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „ძალიან გვიანია საუბრისთვის" და მას ახლა ირანის „უპირობო დანებება" სურს.
„40 წელია ისინი ამბობენ - „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს", სიკვდილი ყველა სხვას, ვინც მათ არ მოსწონთ. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.
„წარმატებები" - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს ირანის უზენაესი ლიდერის მიმართვაზე, სადაც ხამენეი ამბობს, რომ მისი ქვეყანა „არასდროს დანებდება" ისრაელთან კონფლიქტში.
კითხვაზე, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება ირანის მიმართ, ტრამპმა უპასუხა: „ის უკვე ამოიწურა - სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ".
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ესაუბრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შეაქო თავისი კოლეგა.
ცნობისთვის, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უპირობო კაპიტულაციის შესახებ მოთხოვნა უარყო. ტელევიზიით გაშუქებულ ჩანაწერში, რომელიც 13 ივნისის შემდეგ მისი პირველი გამოჩენა იყო, 86 წლის ირანის სულიერმა ლიდერმა თქვა, რომ ამერიკელებმა „უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდაოდ თან ახლავს გამოუსწორებელ ზიანს". მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა ახლა იწყება.
„ღირსეული ჰაიდარის სახელით ბრძოლა იწყება...მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტების მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ", - წერს ხამენეი.
ჩანს, რომ ტრამპი ომის სწრაფ დიპლომატიურ დასრულებაზე უკვე აღარ ფიქრობს, სამშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში მან ხამენეის მოკვლაზეც კი ისაუბრა, შემდეგ კი ირანის „უპირობო დანებება!" მოითხოვა. ოთხშაბათს კი ისიც დასძინა რომ რუსეთს მოლაპარაკების პროცესში სურს ჩართვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისიც კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ყოველდღიური დარტყმების გამო მსოფლიო „კატასტროფისგან მილიმეტრებითაა დაშორებული".
„როიტერსთან" წყაროები იმასაც ამბობენ, რომ ტრამპი და მისი გუნდი განიხილავდნენ ვარიანტებს, მათ შორის ისრაელთან გაერთიანებას, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების დაწყების მიზნით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ლიდერებს მოუწოდა, მიეცათ სანდო გარანტიები, რომ ისინი არ ისწრაფვიან ბირთვულ იარაღზე და გამოეხატათ მზადყოფნა მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მოსაძებნად. ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ურთიერთსაწინააღმდეგო პოსტებმა გაურკვევლობა შექმნა მის განზრახვებთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერჯერობით მხოლოდ ირიბად იმოქმედა, მათ შორის ისრაელისკენ გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარა. თუმცაღა, ვაშინგტონს აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რაც ისრაელს აკლია, მათ შორის მასიური ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ ირანის ბირთვული გამდიდრების ქარხნის განადგურება, რომელიც ფორდოუს მთის სიღრმეშია აშენებული.
სამშაბათს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებაც:
„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. "უზენაესი ლიდერი". ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა... ჩვენი მოთმინება იწურება",- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
სამი წუთის შემდეგ კი ტრამპის სტატუსი ისევ გამოქვეყნდა, სადაც ეწერა - „უპირობო
დანებება!".
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, მათმა 50-მა თვითმფრინავმა ღამით თეირანში 20 სამიზნე დაბომბა, მათ შორის ნედლეულის და რაკეტების სისტემების წარმოების ობიექტები. სამხედროებმა ირანელებს ურჩიეს, უსაფრთხოების მიზნით დედაქალაქის გარკვეული ნაწილი დაეტოვებინათ, ვიდრე სამიზნეებს დაბომბავდნენ.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა დროზე ადრე დატოვა დიდი შვიდეულის სამიტი და სამშაბათს ვაშინგტონში უსაფრთხოების წარმომადგენლებს შეხვდა, ფსონები გაიზარდა. როგორც სამშაბათს ჟენევაში, გაეროში მისმა ელჩმა ალი ბაჰრეინიმ აღნიშნა, ირანმა ვაშინგტონს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ პირდაპირი მონაწილეობისთვის მკაცრად და შეუზღუდავად უპასუხებდა.
თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, თეირანს საპასუხო რეაგირება ექნება. ირანელების სამიზნე, შესაძლოა, ერაყსა და არაბულ ქვეყნებში განთავსებული ამერიკული ბაზები გახდეს. გარდა ამისა, ირანმა, შესაძლოა, ორმუზის სრუტის დანაღმვაც დაიწყოს. თეირანი წარსულში სრუტის დახურვითაც იმუქრებოდა, მაგრამ ეს არასდროს შესრულებია.
ირანის ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ეჰსან ხანდუზიმ, იქს-ზე დაწერა, რომ ირანმა უნდა დაიწყოს სრუტეში ტანკერების ტრანზიტისთვის ნებართვის მოთხოვნა, რაც, მისი თქმით, „გადამწყვეტი" ნაბიჯი იქნება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწრაფად განხორციელდება.
ისრაელის დარტყმების შედეგად ხამენეის ახლო წრე თანდათან ვიწროვდება,რაც ზრდის რისკს, რომ მან შეიძლება სტრატეგიული შეცდომები დაუშვას, - განაცხადა როიტერსთან მისი გარემოცვის წევრებმა ანონიმურობის მოთხოვნით.
ამასთან, ღაზას ოპერაციის დროს ისრაელმა მძიმე დარტყმები მიაყენა ირანის რეგიონულ მოკავშირეებს, ჰამასსა და ჰეზბოლას, რამაც შეზღუდა ირანის შესაძლებლობა, საპასუხო ზომები მიეღო. სირიის ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი კი, რომელსაც ირანი 13 წლის განმავლობაში უჭერდა მხარს, გასულ წელს ჩამოაგდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე