ნატალია ჯვარიძე
(18.06.2025)

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ საუბარი, თითქოს ამერიკისა და ევროპის სანქციები მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას დააზიანებს და არა ხალხს, გამართლებული არ არის, რადგან ნებისმიერ შემთხევაში ის უბრალო ადამიანებზეც ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ის კურსი, რასაც „ოცნების" მთავრობა დასავლეთის მიმართ ატარებს, მისი აზრით, კონტრპროდუქტიულია.

„ალბათ ვიღაცას დაებადება კითხვა, რა მოხდა თუ აშშ-მ და ევროპამ სანქციები გაამკაცრეს? ეს საქართველოს ხომ არ შეეხება, რა მოხდა მერე, იყოს ასე? სწორედაც რომ ქართველ ხალხს შეეხება და არა „ქართულ ოცნებას", - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ამერიკისა და ევროპის მხრიდან განაპირობა ბოლო წლებში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ხაზმა. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ როცა განცხადებას აკეთებ, ეს უბრალო ადამიანის მხრიდან არ არის და დაფიქრებულად უნდა ისაუბრო. რასაც ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, ქართველ ხალხს არ ეხება. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნების" წინააღმდეგ კეთდება. დავუშვათ, ახლა გამოჩნდა ხელისუფლებაში ერთი რაინდი და თქვა, ჩვენ ვამთავრებთ მოღვაწეობას, აი, თქვენ ბურთი და მოედანი, გააკეთეთ ჩვენზე უკეთესად საქმეო, მაშინ უცხოელების დამოკიდებულებაც სწრაფადვე შეიცვლება. ასევე ისიც უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების მიერ „დიფ სტეიტის" ძახილი არასწორად მიმაჩნია. ეს არანაირად გამართლებული არაა.

უცხოლებთან ურთიერთობაში გართულებები კიდევ იქიდან გამომდინარეობს, რომ 2-3 წლის წინ, ანუ იქამდე, სანამ ბატონმა თავმჯდომარემ განცხდება გააკეთა, ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა ყველა ქვეყანასთან. საქართველო ეკონომიკურად, დიპლომატიურად, სხვა პარამეტრებით არ არის მომზადებული, რომ დღეს ვინმეს შეებრძოლოს, ან ვინმეს რამე უკარნახოს. შეიძლება აზერბაიჯანმა უკარნახოს თავისი უზარმაზარი პოტენციალით, ან სომხებმა, მაგრამ საქართველოს არ შეუძლია. დამისახლეთ ერთი ან რამდენიმე რამე, რითიც თავს გამოიჩენს? მითუმეტეს, რომ დიდ ქვეყნებთან ოდნავ მიახლოების საშუალებაც აღარ გვაქვს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამერიკისადმი და ევროპისადმი კრიტიკის პოლიტიკა არის შეცდომა. ხოლო ის, რასაც ამზადებენ ევროპა და აშშ პრაქტიკაში აუცილებლად განხორციელდება. უფრო მეტს გეტყვით, იმას, რასაც ახლა ევროპა ამზადებს, საქართველოს მაგალითზე აკეთებს. თუმცა მარტო საქართველო რომ არ იყოს, შეიძლება სხვა სახელმწიფოებზეც გავრცელდეს. თუმცაღა უშუალოდ საქართველოს მიმართ გავრცელდება. ეს დაშინება არ არის, ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ახლა პრაქტიკულ მოქმედებებზე გადავიდნენ.

ალბათ ვინმეს დაებადება კითხვა, მერე რა მოხდა? იყოს ასე. ეს რას უზამს საქართველოს? ერთი მხრივ, ეს საქართველოს აზარალებს და არა ხელისუფლებას. „ოცნება" ისევ იქნება, გააგრძელებს თავის კურსს და ვერაფერს უზამს. შიდა ომი და უბედურებები ხომ არ ატყდება, რისი მომსწრეებიც ვიყავით ადრე? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ჩვენ ვრჩებით. ამიტომ ხალხისთვის ეს პრობლემა მისაღები არ არის, თორემ მაგათ არაფერი ადარდებთ.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში პრობლემები მოგვარდეს და ის უამრავი ემიგრანტი, ვინც ქვეყანა დატოვა, დაბრუნდეს. ამიტომ აშშ-ის გეგმა თუ ემსახურება იმას, რომ ჩვენთან ეს ვითარება აღარ იქნება და ეკონომიკა გაძლიერდება, მაშინ მივესალმები. თუმცა თუ ეს ქაღალდზე დარჩება, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ხალხზე, თუ რას უზამს ეს ყველაფერი მათ. ბიძინას ან სხვებს თუ რაღას შეუზღუდავენ, ეს მთავარი არ არის. ქართველ ხალხზე როგორ იმოქმდებს, ესაა საკითხავი", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე