ირან-ისარელის ბოლო დღეების სამხედრო დაპირისპირებების ფონზე ისმის მოწოდებები, რომ ხალხმა არსებული სიტუაცია გამოიყენოს და მოქმედი რეჟიმი შეცვალოს. პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" ირანის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა მოსახლეობა, რადგან, როგორც წესი, ომის დროს ყველა ერთიანდება იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა მმართველობა.
„ირანში რა ძალები არსებობს, ცნობილია- ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ძირითადად, მთელი სამხედრო ძალაუფლება მათ ხელშია. ასევე, აიათოლა ხამენეის მიერ შექმნილი სულიერი ხელმძღვანელობა. თუმცა ცნობილია, რომ უაღრესად კორუმპირებული გახდა ეს მმართველი ელიტა. სპეციალისტები ბევრს წერდნენ და წერენ ახლაც, რომ კორუპცია ჩველებრივი მასობრივი მოვლენა გახდა. არ იცავენ ისლამური ცხოვრების წესებს, გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობენ და დიდი ფულის პატრონებიც არიან. ამ ყველაფერმა ძალიან დასწია ნდობა ირანელი ხალხის თვალში. ადრე, წინა აიათოლას, ჰომეინის დროს უამრავი ადამიანი გროვდებოდა და მხარს უჭერდა, ახლა ასე არ არის.
„ისრაელის დაზვერვა ირანის მოსახლეობასთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის შედეგი იყო ის, რომ თვითონ თეირანის შემოგარენში განათავსეს რაკეტები და იქიდან გაანადგურეს ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები. მეორეს მხრივ კი ნეთანიაჰუ მიმართავს ირანელ ხალხს, რომ ჩვენ თქვენ კი არ გებრძვით, არამედ იმ საშინელ ფანატიკურ რეჟიმს, რომელიც ასე გჩაგრავთ და რომლის გამოც ხართ ასე ღარიბებიო. მართლაც საოცარია, ქვეყანა, რომელიც პოტენციურად ერთ-ერთი უმდიდრესი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში, უღატაკესია და მთელი ფული რაკეტებში და ამ ბირთვულ იარაღში იხარჯება.
„ამის მიუხედავად, ვერ ვნახე, რომელიმე ცნობილ ექსპერტს დაწეროს, უსათუოდ მოხდება რევოლუცია ან რეჟიმის შეცვლაო. სხვათაშორის, ბოლო შაჰის ვაჟიშვილმაც მიმართა ხალხს, ისარგებლეთ ამით და რეჟიმი დაამხეთო. თუმცა მე არ შემიძლია ვთქვა, როგორ გაგრძელდება და დაემხობა თუ არა რეჟიმი. რთულია იმის პროგნოზირება, რომ ხალხი ადგება და ამ მოლებს მოიშორებს, რადგან როცა ომია, როგორც წესი, პირველ ეტაპზე ხალხი ერთად იკვრება, თუნდაც რომ არ მოსწონდეთ თავისი ლიდერი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები",- განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე