საქართველოში საშუალო ხელფასი კიდევ გაიზარდა და 2170 ლარი შეადგინა. პარალელურად ირკვევა, რომ ოჯახები შემოსავალის დიდი ნაწილს საკვებში ხარჯავენ და მოსახლეობის დიდ ნაწილს დანაზოგის გაკეთება უჭირს.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.7%-ით გაიზარდა და 2170 ლარი შეადგინა, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე 1736 ლარის ხელფასს ნიშნავს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით); მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8%-ით).
საკონსულტაციო კომპანია სთართ ბიზნეს სოლუშენის კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 ადამიანია დასაქმებული, ოჯახის საშუალო შემოსავლის 48% კვებაზე იხარჯება. ამავე კვლევის თანახმად, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ფასების კვლევით ვლინდება, რომ თბილისში 4-წევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად, საშუალოდ, 1075 ლარს შეადგენს.
„1075 ლარი გჭირდება იმისთვის, რომ მიიღო საკმარისი ცხიმები, ცილები და ის მიკროელემენტები, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აპრილში, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი იყო. ცვლილებები გამოწვეულია რიგი პროდუქტების სერზონურობით“, - განაცხადა "სტარტ ბიზნეს სოლუშენის" მმართველმა პარტნიორმა ლარისა პატარაიამ.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი რეალობას მოწყვეტილია და სიმართლეს მედიანური ხელფასი უფრო ადგენს. ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას განცხადებით, საკვებზე დახარჯული თანხა მთლიან დანახარჯებში 30%-ს შეადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 10-12%-ია.
"საქსტატის" მონაცემებით, სასურსათო დანახარჯს მთლიან დანახარჯებში დაახლოებით 30% უჭირავს, ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანი რომ ავიღოთ, მისი შემოსავალის 30% მიდის სურსათის შეძენაზე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ანალოგიური მაჩვენებელი რომ შევაფასოთ ევროკავშირის ქვეყნებთან, გამოვა, რომ იქ დაახლოებით 10-12% მოდის.
რაც უფრო დაბალია სურსათის შეძენაძე გაწეული ხარჯის წილი, მით უფრო უკეთესი მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს ცხოვრების დონეს უსვამს ხაზს. როდესაც კვებაზე დახარჯული ფული ცოტაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი არ იკვებება, პირიქით, დანარჩენი შემოსავლის ნაწილი მიდის დასვენებასა თუ ფუფუნების საგნების შეძენაზე, რაც მიანიშნებს ცხოვრების მაღალ დონეზე”, - განუცხადა მაკალათიამ "რეზონანსს”.
საქართველოში მოსახლოების გარკვეულ ნაწილს დანაზოგის გაკეთა უჭირს. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აღნიშნა, დანაზოგის გაკეთება დამოკიდებულია როგორც მიმდინარე შემოსავლებზე, ისე ფულად გზავნილებზე.
"წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს ზრდა, რაც ინფლაციის ფაქტორის გათვალისიწნებითაც კი დაახლოებით 8%-ია და როგორ კრიტიკულადაც არ უნდა მივუდგეთ საკითხს, ეს ნიშნავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. ჯინის კოეფიციენტი შემოსავლებისა და ხარკების არსებული დონე, თანდათანობით მცირდება. შედარებით ხელმოკლე ადამიანების შემოსავაები პროცენტულად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შეძლებული ფენის, თუმცა საკმაოდ მაღალია სხვაობა და ამას არავინ უარყოფს.
მედიანური ხელფასი, როგორც წესი, დაახლოებით 70%-ის დონეზეა საშუალო ხელფასთან. თუ საშემოსავლო გადასახადს ხელფასს გამოვაკლებთ, მაშინ, მედიანური ხელფასი იქნება დაახლოებით 1200 ლარის ფარგლებში. მედიანური ხელფასი ნიშნავს დაქირავებით დასაქებულთა ნახევარს ამ ხელფასზე ნაკლები აქვს, მეორე ნახევარს მასზე მეტი. ვისაც მედიანურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება აქვს, ეს დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ადამიანია. ვისაც მედიანურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება აქვს, მათი საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 850 ლარი. სწორედ ეს კონტიგენტია ყველაზე მეტად მოწყვლადი ფასების ზრდისა და აცულებელი ხარაჯების დაზოგვისადმი, რადგან ადამიანს სჭირდება არა მარტო კვება, არამედ აქვს სხვადასხვა ხარჯი.
ოფიციალური მონაცემები, რასაც "საქსტატი" აქვეყნებს, უკვე მორალურად მოძველდა, რადგან მოსახლეობა გაიზარდა, განვითარდა, ახერხებს შედარებას საერთაშორისი მასშტაბით, ამიტომ ძველი სტანდარტები აღარ გამოგვადგება და უნდა გავიდეთ ახალზე, რომელიც შეესაბამება გავითარებული საზოგადოების რეალურ მოთხოვნებს და იმ მინიმალურ დონეს, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების მინიმალური სტანდარების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება დანაზოგს, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც მიმდინარე შემოსავლებზე, ისე ფულად გზავნილებზე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იღებს ემიგრანტებიდან. ეს თანხა ბოლო წლებში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
თუ ავიღებთ შემოსავლების ზრდასა და დეპოზიტების მატებას, დავინახავთ, რომ დეპოზიტების ზრდა რამდენჯერმე უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე შემოსავალების მატება”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე