ევროკავშირში შეთანხმდნენ ახალ კრიტერიუმებზე, თუ დამატებით რა შემთხვევაში შეიძლება შეუჩერდეს ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა. გარდა ამისა, მუშაობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ სქემაზე, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება მთლიანად კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ მხოლოდ მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შეჩერდეს. ამის ფონზე კი სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაციებით „ოცნების“ წარმომადგენლებს უფრო მარტივად დაასანქცირებენ.
„ამ პროექტით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, რა თქმა უნდა, ევრობლოკში „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა შეხვდებათ. ევროკავშირის ცალკეულ პირებს უფრო გაუადვილდებათ, რომ მთავრობის წარმომადგენლები დაასაქცირონ“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ევროკავშირში ბევრი კითხვაა, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ისეთ ქვეყანას, რომელიც ევროპულ ღირებულებებს სცილდება და რუსულსა და ჩინურზე გადადის“.
რაც შეეხება მომავალ ორშაბათს დადგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო სხდომას, ამის შესახებ ინფორმაცია თავად საგარეო საქმეთა საბჭოს განრიგშია მოცემული.
განრიგის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭო, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 23 ივნისს ბრიუსელში შეიკრიბება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თავმჯდომარეობით გამართავს სხდომას.
საქართველოს საკითხთან ერთად განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება და ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება.
ახალი წესები
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპული საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მიღწეულია შეთანხმება იმ საფუძვლებზე, რომლებიც შეიძლება გახდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მიზეზი.
მათ შორის დასახელებულია:
1. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა;
2. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდებისა ან ინვესტიციის სანაცვლოდ;
3. ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტები უსაფრთხოების პროცედურების კუთხით, კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები;
4. საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაერო-ს ქარტიის სერიოზულ დარღვევებს;
როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, ეს ახალი მიზეზები დაემატება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეების განაცხადების აღიარების დონე დაბალია, ან იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა, რომელთაც უარს ეუბნებიან შესვლაზე, ან დარღვეული აქვთ ევროკავშირში დარჩენის ვადები.
ამასთან, პრესრელიზში წერია, რომ ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს სურთ, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 24 თვით, არსებული სისტემით განსაზღვრული 18 თვის ნაცვლად.
ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის მოქმედების გახანგრძლივებული ვადები საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დაიწყოს დიალოგი მესამე ქვეყანასთან, რათა ამ ქვეყანამ აღმოფხვრას ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იყო შეჩერებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამასთან, პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირს შეუძლია, სამუდამოდ გააუქმოს უვიზო რეჟიმი, თუ მესამე ქვეყანა არ აღმოფხვრის იმ გარემოებებს, რომელთა გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, გააუმჯობესონ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმი იმგვარად, რომ ის ამოქმედდეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფუნდამენტური უფლებების და საგარეო ვალდებულებების დარღვევაზე.
„მოქმედი სისტემით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეორე ფაზა ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს არაპროპორციული იმ შემთხვევაში, თუ შექმნილ სიტუაციაზე მკაფიო პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის დამატებით 24 თვით შეზღუდვა ავტომატურად არ შეეხება მესამე ქვეყნების მთელ მოსახლეობას. ამის ნაცვლად, ზემოთ ნახსენებ სიტუაციაში ევროკავშირს შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოს მთავრობის ოფიციალურ პირებს და დიპლომატებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.
„ოცნების“ გამოხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან, რადგან არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.
„თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს.
„შეგახსენებთ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია. დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის ორგანიზაციის არასათანადო ქცევა.
„აქედან გამომიდინარე, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს, როცა ვხედავთ პარტიულ მიკერძოებებს და მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი სუბიექტების მხრიდან.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს... რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
გია აბაშიძის აზრით, ამ პროექტით „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდება.
„მე ვფიქრობ, ევროკავშირი შეთანხმდა იმაზე, რომ სხვადასხვა სავიზო შეზღუდვები დაუწესონ გადაწყვეტილების მიმღებს, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დიპლომატებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს არღვევენ და რასაკვირველია, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. თუმცა სიახლე მხოლოდ ის არის, რომ გაადვილდა ის პროცესი, როდესაც ერთი ან ორი ქვეყნის ინიციატივით სავიზო სანქციები დუწესდება, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს.
„ეს მანამდეც იყო, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლად ჩადიოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ახლა, ამ პროექტით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, რა თქმა უნდა, ევრობლოკში წინააღმდეგობა შეხვდებათ. მათ უფრო გაუადვილდებათ, რომ მთავრობის წარმომადგენლები დაასაქცირონ. თუმცაღა მედიის სხვადასხვა საშუალებაში იყო არასწორი ინფორმაცია, რომ ეს ეხება მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს, რაც სწორი არ არის და ამგვარ ნაბიჯს ევროკავშირი არ გადადგმას, რადგან თუ ისინი დეკლარირებულად ქართული საზოგადოების მხარეს არიან და თუნდაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რამე დააშავოს, აქ ხალხი რა შუაშია?
„ამიტომ აქ უბრალოდ გაადვილებულია ხელისუფლების წარმოამდგენლებზე ერთიანი სავიზო შეზღუდვების დაწესება. ბუნებრივია, ამას დასჭირდება მეტი განმარტება „ქართული ოცნებისგან“. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ „ოცნებაზე“ არც მანამდე დაწესებული სანქციები მუშაობდა და არც ახლა იმოქმედებს, ვინაიდან მან იცის, რომ ხალხის მხადაჭერა აქვს და ადგილობრივ არჩევნებშიც თავდაჯერებულად გაიმარჯვებს“, - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.
პაატა ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილება ქართველ ხალხს არ შეეხება, რადგან ამის რისკი არსებობს.
„ევროკავშირში ამ საკითხზე დიდი ხანია მსჯელობენ, რადგან მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს უვიზო რეჟიმს, რათა ევროპაში შევიდნენ და იქ დაიმკვიდრონ თავი. ამიტომ ნებისმიერი კანონის გადახედვა ბუნებრივი მოვლენაა. საქართველოს მიმართ კი ამას პოლიტიკური განზომილებაც ემატება, რადგან როცა ჩვენმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, მკაფიოდ გამოკვეთილი პროევროპული ხედვა ჰქონდა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში იჯდა, ახლა კი აშკარად ევროკავშირის ინტერესებს სცილდება და გადადიდეს პირველ რიგში რუსულზე და მეორე, ჩინურ კონტექსტზე, რაც მათთვის შემაშფოთებელია.
„რა თქმა უნდა, ამ ფონზე ბევრი კითხვაა, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია. ამიტომ არ არის გამორიცხული ამ ცვლილებებში საქართველოს ინტერსები მოხვდეს და ამ მხრივ გარკვეული გადაწყვეტილება მიღებულ იქნას.
„რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკურ ფიგურებს ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, ეს სერიოზული შეტყობინება იქნება პოლიტიკოსებისთვის. თუმცაღა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ვიზით მაინც შეეძლებათ წასვლა, რაც მოქალაქეებს გაურთულებს საქმე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ხალხს არ შეეხება, რადგან მათ ძალიან უჭირთ ვიზების აღება. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ, მაგრამ ეცოდნინებათ, რომ ეს მათი პოლიტიკის შედეგია.
„თუმცა, არ მგონია ქართველ პოლიტიკოსებს ეს ძალიან ადარდებდეთ. აიღებენ 2-5 წლიან ვიზებს და ისე იმოგზაურებენ. ანუ ეს სანქცია განსაკუთრებით მტკივნეული „ოცნებისთვის“ არ იქნება. ეს საჭიროა, მაგრამ არა გადამწყვეტი და ამაზე დიდი დრო არ უნდა ვკარგოთ. მთავარია ეკონომიკური სანქციები დაუწესდეთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ასევე, მათმა შვილებმა უცხოეთში განათლება ვერ უნდა მიიღონ. ეს უფრო მტკივნეულია მათთვის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე