მარიამ ვეკუა
(17.06.2025)

„დედაქალაქიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის დეოკუპაცია" - „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის სამოქალაქო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის და ზეპარტიული პლატფორმის ფორმირებას ითხოვს, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დედაქალაქში ერთიან საარჩევნო სიასა და მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენს. მისი შეფასებით, თბილისში „ქართული ოცნების" დამარცხება შესაძლებელია. რამდენად რეალურია ეს და როგორი იქნება „ლელოს" ამ შეთავაზებაზე დანარჩენი ოპოზიციის პასუხი?

საინტერესოა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე, ცესკოს მონაცემებით, თბილისის მასშტაბით „ოცნება" პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ხმების 42.18% მოიპოვა; ხოლო ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ კი ერთობლივად 46.01% აიღო: „კოალიცია ცვლილებისთვის" - 14.71.0% „ძლიერი საქართველო" - 12.46% , გახარია - საქართველოსთვის" - 11.29% და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 7.55%.

გარდა ამისა, ხმების 5.33% მიიღო გირჩმა, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა (ერთობლივად) - 6.48%.

აღსანიშანავია, რომ „ოცნებას" ბევრად უფრო მაღალი მაჩვნებელი ჰქონდა რეგიონებში, ვიდრე თბილისში, რაც ურბანული არჩევნების მნიშვნელოვან პოლიტიკურ დისბალანსზე მეტყველებს.

აქვე ასევე უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. მმართველ პარტიას კი, როგორც წესი, მაჟორიტარულ არჩევნებში წარმატების მაღალი შანსი აქვს.

ხაზარაძის ინიციატივას ჯერჯერობით სხვა ოპოზიციური პარტიები არ გამოხმაურებიან. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია პროცესების სწორად მართვას მოახერხებს და გაერთიანებას შეძლებს, თბილისში გამარჯვების მცირე შანსი მაინც ექნება. მეორე ნაწილი კი ხაზარაძის ინიციატივას არაპრაგმატულლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩვენებში მოანწილეობა არ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი - „კოალიცია ცვლილებებისათვის" და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი არჩევნების სრულ ბოიკოტს ემხრობა. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ღიად განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობა ასევე სურს „ძლიერი საქართველოს" წევრ პარტია „ლელოსაც", რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ცდილობს ამაზე ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიების დათანხმებას.

„ლელოს" ინიციატივა და „ოცნების" გამოხმაურება

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზაგსმით ამბობს, რომ მზად არის კომპრომისებისთვს, თბილისი კი უნდა გახდეს წინააღმდეგობის მთვარი პლაცდარმი.

„დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან.

„...თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, „პროტესტი" და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.

„ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავისი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!

„მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ", - წერს ხაზარაძე.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებული ქალაქების მართვას კი არ აპირებენ, კრიზისების გაჩაღებას გეგმავენ, ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„მამუკა ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი წულაია ამბობს, რომ შეიძლება, მოვიგოთ რაღაც ქალაქები და შევქმნათ უფრო მეტი კრიზისი თითოეულ ქალაქშიო. ეს არის პასუხი. არჩევნებში კი არ იღებენ მონაწილეობას და მოგებული ქალაქების მართვას კი არ აპირებენ, კრიზისების გაჩაღებას გეგმავენ. რა დავალებასაც მისცემენ, თითოეული მათგანი იმას გააკეთებს.

„...ეს ხალხი კარგის გამკეთებლები არ არიან, კრიზისის შემქმნელები არიან. ნაწილს კრიზისი შეიძლება შეაქმნევინონ არჩევნებში მონაწილეობის გზით, ნაწილს - ქუჩაში ყოფნის გზით. ასეთ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ხალხი ვერ მიხვდება და ანალიზის უნარი არ აქვს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას თბილისში არჩევნების მოგების შანსი არ აქვს:

„არაფრის მოგებას არ აპირებენ. ამას კრიზისისთვის აკეთებენ. ის, რაც პარლამენტის დონეზე ვერ გააკეთეს, თვითმმართველობის დონეზე მით უფრო ვერ გააკეთებენ. ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნებს არსებული ხელისუფლება მოიგებს".

რა შანსი აქვს ოპოზიციას თბილისში

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ 2024 შედეგებზე დაყრდნობით ოპოზიციას თბილისში მაღალი მაჩვნებელი ჰქონდა, თუმცა თბილისი, მისივე თქმით, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნლოვანია, ამიტომ ისინიც მაქსიმუმს გააკეთებენ. კითხვაზე, თუ რამდენად მაღლია თბილისში ოპოზიციის გამარჯვების შანსი, გვპასუოხბს: „არ არის გამორიცხული... თუმცა შანსი მცირეა".

„გამორიცხული არაა „ოცნების" დამარცხება თბილისში. გავიხსენოთ, რომ „ოცნებამ" ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო სწორედ თბილისში სხვა ადგილებთან შედარებით. თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მან მაინც დანარჩენ პარტიებზე მეტი დააგროვა. ამიტომ, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, თუკი ოპოზიცია მოახერხებს თავისი მოქმედებების კარგი ორგანიზებას, არ არის გამორიცხული, მაგალითად, თბილისში გამარჯვება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისი მხოლოდ ოპოზიციისთვის კი არა, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი ქალაქია. თბილისის არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება „ოცნებისთვისაც" და გამარჯვებისთვის ისიც მაქსიმუმს გააკეთებს, ამ შემთხვევაში კალაძის გამარჯვებისთვის. თვითონ კალაძის კანდიდატურა „ოცნებისთვის" დიდი პლუსია - ადამიანი, რომელმაც ქალაქზე იზრუნა. ასე რომ, ამ კანდიდატით შეჯიბრში შესვლა „ოცნებისთვის" უფრო იოლი იქნება და უფრო გაუჭირდება ოპოზიციას. აქ უკვე კანდიდატი თამაშობს როლს", - განაცხადა საყვარელიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ოპოზიციას დედაქალაქში შანსი ნამდვილად აქვს, თუმცა მთავარი პრობლემაა, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა:

„ოცნების" დამარცხება თბილისში შესაძლებელია, თუმცა აქ არის მთავარი პრობლემა - რამდენად უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მაშინ ამით ისინი აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რომელმაც გააყალბა საპარლამენტო არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით. ამიტომ ჩნდება კითხვა - რამდენად სანდოა ეს კომისია.

„რაც შეეხება შანსებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, შანსები არსებობს, რომ შედეგები გააუმჯობესონ, თუმცა არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, რადგან თბილისში, კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიების რეიტინგი დაბალია. თუმცა, როცა არჩევნები არ იმართება დემოკრატიულად, ეს პრობლემას ქმნის", -განაცხადა ჩიტაძე,

ბრძოლა ერთად თუ ცალ-ცალკე

საყვარელიძე კითხვაზე დათანხმდებიან თუ არა სხვა ოპოზიციონერი ლიდერები ხაზარაძის ინიციატივას, ამბობს რომ შეთნხმება რთული იქნება, თუმცა, თუ დათანხმდებიან, არჩევნებზე წარმატების შანსი ბევრად მაღალი ექნებათ.

„დათანხმდებიან თუ არა სხვა პარტიები - ეს იოლი პოზიცია არ არის. ორგანიზაების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია - დათანხმდებიან თუ არა, რომ ვიღაც სხვა იყოს კანდიდატი და არა თვითონ. ამ ლიდერებს ხომ თვითონაც აქვთ ამბიცია და სრულიად სამართლიანიც. ყველას შეუძლია თქვას - „რატომ სხვა და არა მე?" ამ მხრივ ისინი თანაბარ პოზიციაში არიან, ამიტომ შეთანხმება რთული იქნება.

„ასე რომ, თუ დათანხმდებიან, ამ კოალიციას აქვს შანსი, რომ მოიგოს. თუმცა შანსი უფრო მცირეა, თუ ისინი ცალ-ცალკე გავლენ, მარტივი არითმეტიკის გამო - ოპოზიციური ამომრჩევლები ხმას ერთმანეთისგან წაართმევენ. ერთს ერთი ფავორიტი ეყოლება, მეორეს - სხვა. ასე რომ, თუ გაერთიანდებიან, ეს ხმები ერთმანეთს დაემატება", - განაცხადა საყვარელიძემ.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" არჩვენბში მონაწილეობას არ აპირებენ და შესაბამისად, ისინი არ დათნხმდებიან „ლელოს" ინიციატივას. ხოლო გახარია, მისივე თქმით, დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს:

„გახარია ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, ამიტომ შეიძლება ცალკე გავიდეს. რაც შეეხება „კოალიციას ცვლილებისთვის" და „ნაციონალურ მოძრაობას", ისინი არ აპირებენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვა თემებთან დაკავშირებით იყოს ოპოზიციური კოორდინაცია, რომელიც ეხება საპროტესტო აქციებს და, ვთქვათ, სანქციების ამოქმედების საკითხებს უცხო ქვეყნებთან, თუმცა ვფიქრობ, კოორდინაცია არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პრობლემატურია."

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ხაზარაძის ინიციატივას არაპრაგმატულად, ჩიტაძე გვპასუხობს:

„დაახლოებით ასეა. ვფიქრობ, ერთობა უნდა იყოს სხვა საკითხებზე - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიის შესახებ. ასე რომ, ერთობას და კოორდინაციას ამ მიმართულებით ვემხრობი. თუმცა არის სხვა პრობლემა - არჩევნები; ეს რთული საკითხია, როცა ორი პარტია არ იღებს მონაწილეობას, რთულია კოორდინაცია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე