თამთა ჩაჩანიძე
(16.06.2025)

ოპოზიცია კვლავ ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით - შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და "ქართულმა ოცნებამ" უკან წაიღოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც ბოლო პერიოდში მიიღო. "ოცნება" კი კვლავ ძველ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში და ოპონენტებს ადგილობრივი არჩევნებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით "ოცნება" ამ დათმობაზე არ წავა და ერთადერთი რამაც შეიძლება აფიქრებინოს არჩევნები, ესაა მძიმე სანქციები და შიდა მძლავრი პროტესტი.

ნაწილი ექსპერტებისა კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, რომც ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს, არჩევნებს ოპოზიციის წესებით არ ჩაატარებს. ნაწილი კი დარწმუნებით ამბობს, რომ "ოცნება" არცერთ შემთხვევაში დათმობაზე არ წავა.

პერსპექტიულია თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი წესებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ნაბიჯზე "ოცნება" შეიძლება წავიდეს, თუ გარე ზეწოლა და შიდა პროტესტი გაძლიერდა.

"ამ ნაბიჯზე "ოცნება" შეიძლება წავიდეს, თუ საერთაშორისო სანქციები დაუწესდება და დასავლეთის მხრიდან იქნება მკაცრი მოთხოვნა და მეორეს მხრივ გაიზრდება მომიტინგეთა რაოდენობა და საპროტესტო მუხტი საქართველოში. მითუმეტეს, 20 ივნისი ახლოვდება, რომელიც პროტესტის მხრივ მნიშვნელოვანი თარიღია.

"ეს სანქციები საკმარისი არაა და უფრო მკაცრი სანქციებია საჭირო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სხვა მხრივ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ რეჟიმი ნელ-ნელა იხევს, რაც უკვე ჩანს, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ასევე აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. ნელ-ნელა მიდის პროცესი და ხელისუფლების საბოლოო დათმობაზე წასვლა, რომ არჩევნები ჩატარდეს, ალბათ კონკრეტული უფრო მკაცრი სანქციები ხელს შეუწყობს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი"რეზონანსთან" დარწმუნებულია, რომ "ოცნება" არცერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს.

"ვაშაძე და მისმაგვარი პოლიტიკოსები უკვე ჩამოწერილები და წყალწაღებულები არიან. თუ გინახავთ სადმე, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდეს მმართველ პარტიას, მმართველი პარტია კი დათანხმდეს იმ აბსურდულ მოთხოვნას, რომელიც აქვთ ნულს ქვემოთ, მინუსებში გასულ ე.წ. ოპოზიციას, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას.

"ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს და ვაშაძის ნათქვამი არის განცხადება განცხადებისთვის, რომ საზოგადოებას თავის შეახსენონ, ვითომ არსებობენ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს", -განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთ განცხადებებს "ოცნებაზე" არანაირი რეაქცია არ აქვს და ახლა არაა ეკონომიკურ-პოლიტიკური საფუძველი, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს "ოცნება".

"გიორგი ვაშაძისა და სხვა ოპოზიციური ფიგურების ასეთ მჭახე განცხადებებს, რომ "ქართულ ოცნებაზე" არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, მემგონი საზოგადოება ამაში უკვე დარწმუნდა. "ქართული ოცნება" ჯერჯერობით მყარად ფლობს ხელისუფლების სადავეებს, სახელმწიფოში არაა შექმნილი იმის წინაპირობები - არც პოლიტიკური, არც სოციალურ-ეკონომიკური, რამაც შეიძლება "ოცნება" თვალსაწიერ მომავალში აიძულოს დაყაბულდეს ოპოზიციისა და მისი გარე მხარდამჭერების მოთხოვნას, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები.

"ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას და შანსს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავის პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალოს, როგორც ისინი აცხადებენ, არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება.

ჯერჯერობით ამის (ვადამდელი არჩევნების) წინაპირობები არ შექმნილა, მომავალში რა იქნება, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ვნახოთ. შესაძლოა, "ქართულ ოცნებაზე" გარე ზეწოლა გაძლიერდეს, ისეთი მძიმე სანქციები მიიღოს, რამაც შეიძლება მმართველ პარტიას გარკვეული დაშვებით აიძულოს, რომ ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე იფიქროს, მაგრამ არ მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ჩაატაროს ისე, როგორც ეს ოპოზიციას უნდა.

"ანუ ოპოზიციას გადააბაროს ცესკო, მათ ინტერესებზე მოარგოს საარჩევნო კანონი და სხვა ყველაფერს, რასაც ისინი ითხოვენ, მაგრამ ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს და არც ამის ალბათობაა ძალიან მაღალი",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

რას აცხადებენ ოპოზიციაში

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით.

„მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. მე ყველას ვთავაზობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად.

ძალიან კონკრეტული საკითხია. კითხვა დავსვათ, ის რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! როცა ამდენი ადამიანი ციხეში გვყავს, საკანონმდებლო ბაზა ისე გააუარესეს, დამკვირვებელი არ გვეყოლება, მედია ცენზურის ქვეშ იქნება, „ფეისბუქპოსტებს" აკონტროლებენ, აბა, რანაირი არჩევნებია ეს?!

როცა რაღაცას „არჩევნები" ჰქვია მას აქვს თავისი წესები. ახლა ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი. ხვალაც შეიძლება რაღაცას დაარქვას არჩევნები „ქართულმა ოცნებამ". ეს ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ამიტომ ჩვენ მარტო ახალ საპარლამენტო არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით, რომელიც მისცემს საქართველოს მოქალაქეებს მეტნაკლებად მაინც, თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალებას. რაც შეეხება „ლელოს", ყველა პარტიას, მე საბოლოოო ჯამში, მჯერა, რომ ჩვენ ყველა მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და ერთიან ბრძოლას გავაგრძელებთ," - განაცხადა ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე