მარიამ ვეკუა
(16.06.2025)

ყოფილი პრემიერი და „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩორჩანას საკითხზე დამატებითი კითხვებისთვის უნდა გამოკითხონ. ოპოზიცია ამ პროცესს შანტაჟად და პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს, მმართველ პარტიაში კი მიანიშნებენ, რომ დანაშაულზე პასუხი ყველა უნდა აგოს.

„ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ.

ასევე, კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილში მას ეცნობა, 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან",- განაცხადა საპარლამნეტო საგამოძიებო სხდომის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

რატომ დაიბარეს ხელმეორედ

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გახარიას დაბარების მიზეზი ყურადღების გადატანაა.

„აშკარად ყურადღების გადატანა უნდათ - ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩორჩანასთან. აშკარად ჩანს, რომ გახარია მათ ნერვებს უშლის. სხვა პოლიტიკური პარტიები დაიყოლიეს ბოიკოტზე და არ უქმნიან პრობლემებს; სხვა ბოიკოტის მომხრეები კი ციხეში ჩასვეს - მელია, გვარამია - და ამით კიდევ უფრო გაამყარეს საზოგადოებაში ბოიკოტის გარდაუვალობა: „აბა, როგორ შეიძლება ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, როცა ჩვენი ლიდერები დააპატიმრეს?"

გახარია აშკარად მკაფიოდ ეწინააღმდეგება ამას და ხედავს, რამდენად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის ბოიკოტის გამოცხადება და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ შეხვიდე ბრძოლაში, სადაც შანსები შედეგებზე მაინც არის (შეიძლება არა გამარჯვების, მაგრამ მაინც).

„ოცნებას" სურს პირწმინდად მოიგოს არჩევნები - ისე, რომ არ იყოს არანაირი, თუ შეიძლება ითქვას, გაყალბების აუცილებლობა, და პირნათლად ჩადგებიან ავტორიტარული ქვეყნების რიგში. ევროპაც აღიარებს, რომ გაყალბება არ ყოფილა."

ზაქარეიშილის თქმით, „ოცნებას" გახარია აღიზიანებს და მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ცდილობს.

„ამ ფონზე გახარია აღიზიანებთ. სურთ მისი დისკრედიტაცია როგორც ადამიანის, რომელიც, სიტყვაზე, თავის დროზე რაღაც ჩიდინა - და ამით გახარიას მომხრეებში თუ არა, იმ ხალხში, რომელმაც არ იცის, ვის მისცემს ხმას (რადგან ბევრი პარტია ბოიკოტს აცხადებს და, ალბათ, გახარიას მისცემდნენ ხმას), ცდილობენ, მოახდინონ გახარიას დისკრედიტაცია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ „ოცნებას" გახარიას პოლიტიკური განეიტრალება არ სურს, მიზანი ობიექტური სიმართლის დადგენაა და რა აპოლიტიკური დისკრედიტაცია.

„ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოიკვეთა, შესაბამისად, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოკითხვები და ამისთვისაც შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ახლა გახარია ნუ მიჰყვება იმ გზას, რასაც ჰქვია საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა და ცინიკურად განცხადება, რომ ის არის სუპერპოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობს „ქართული ოცნება". ასე არ არის.

რადიკალურ ოპოზიციაში მიჩვეული არიან იმას, რომ საკუთარ თავს მიაკერონ ვიქტიმიზაციის იარლიყები, მაგრამ ასე არ არის - ინდულგენცია არ არის ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა. ნებისმიერი ადამიანმა, წარსული და ამჟამინდელი საქმიანობის გამო, უნდა აგოს პასუხი. არავინ ამბობს, რომ დარწმუნებით უკვე დამტკიცებულია მისი ბრალეულობა - სანამ საბოლოოდ არ დადგინდება, დამნაშავეა თუ არა გახარია, ამას დაადგენს მართლმსაჯულება."

აბაშიძე წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს.

„წინასწარ იმის თქმა, რომ მისი პოლიტიკური განეიტრალება უნდათ მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს პოპულარობა საზოგადოებაში - ძალიან დიდი ტყუილია. ასე რომ, დაველოდოთ, როგორ იმოქმედებს როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ასევე მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სიმართლე არ დაიმალება - არავის შერჩება წარსული დანაშაულები."

დააკავებენ თუ არა გახარიას

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არ ფიქრობს, „ოცნების" მიზანი გახარიას დაპატიმრება იყოს.

„გახარიამ მიიღო მონაწილეობა პირველად და წესით ახლაც უნდა მიიღოს. ლოგიკით, მის გადაწყვეტილებას კვლავ კომისიაზე მისვლა უნდა იყოს და ისეთივე მკაფიო და პრინციპული, როგორიც წინა გამოჩენა იყო. შესაძლოა, „ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ გახარია არ მივა, და ამუშავდება მისი ციხეში გაშვების სცენარი. თუმცა, ეს წესით არ უნდა აწყობდეთ, რადგან იმ შემთხვევაში, მოქალაქეების პოზიციები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უფრო დისკრედიტაციის მცდელობაა, ვიდრე დაკავების - რომ საზოგადოებაში გაჩნდეს გახარიას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

გარდა ამისა, მოდის არჩვენები, მოდის ზაფხული, შესაბამისად, საუბარი მიდის გახარიაზე და არა არჩევნებზე. ეს ყველაფერი ყურადღების გადატანას ემსახურება. თუ გახარია არ მივა - მაშინ შესაძლოა დააკავონ. მაგრამ თუ მივა, ამის საფუძველი გაქრება, რადგან ჩორჩანას გამო დაკავება რეალურად ვერ გამოგივა: ამ გადაწყვეტილებას მარტო გახარია არ იღებდა, ეს კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია."

ზაქარეიშვილის თქმით, ოცნების მიზანი გახარიას გაშავებაა.

„ამ ყველაფრით მათ სურთ ყბედობა, ჩამჭრელი კითხვები, გახარიას გაშავება - და არა მისი რეალური დაკავება."-დასძინა ზაქარეიშვილმა.

გია აბაშიძე კი ამბობს, რომ არავინ იცის დააკავებენ თუ არა გახარიას.

„არავინ იცის, ამ ეტპაზე, გახარიას დააკაავებენ თუ არა, ან თუ მოხდება ეს არჩვენებამდე, ეს იქნება მარჩიელობა, ეს არის გახარიის პარტიის ვერსია, მართლმსაჯულებას აქვს ვადები და ის პოლიტიკურ კალენადარს არ უყურებს, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, ხომ ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულო იყო, მაგრამ პარიზის არბიტრაჟმაც გაამტყუვნა. ასევე მოქმედებს, ქართყული მართლმსაჯულებაც"-განცხადა აბაშიძემ.

რას ამბობენ ოცნებაში და რას ოპოზიციაში

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ გამოცხადდება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას ამის მოლოდინი აქვს.

„მაქვს მოლოდინი, რადგან გახარიას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკურ ველზე როგორც პოლიტიკური პარტია სრული რესურსით დარჩეს. არსებობს შეკითხვები, რომელთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პოზიცია, რომელიც მისივე ინტერესია, რომ თავის ამომრჩეველს მიაწოდოს. კომისიაზე მოსვლა, მისი აზრით, როგორც პირველ შემთხვევაში, სწორედ ეს შესაძლებლობაა, როგორმე დაამტკიცოს, რომ პირადად მისი გადაწყვეტილებები არც ამ შემთხვევაში, არც ბასიანის, არც პანკისის შემთხვევაში სრულიად სულელური ოპერაციის ჩატარების პერიოდში რაიმე კონკრეტული დავალებით გარედან განპირობებული არ იყო, არამედ იყო გარდაუვალი აუცილებლობა."განაცხადა ვოლსკიმ.

წავა თუ არა გიორგი გახარია ციხეში, გია ვოლსკიმ უპასუხა;

„არ ვიცი, მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა - არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ. ასე რომ, სასამართლოს ფუნქციას მე ამ ტრიბუნიდან თქვენთან საუბარში ვერ შევასრულებთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ „ოცნება" ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს.

დღეს „ოცნება" ცდილობს „ორი კურდღლის" დაჭერას. ერთი, მხრივ გიორგი გახარიაზე პერსონალურ შურისძიებას და მეორეს მხრივ კრემლისთვის საამებელი პოლიტიკის გაგრძელებას - ეს საქმე უნდა შევაფასოთ, როგორც პერსონალური შურისძიების მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე